ხათუნა ბურკაძე - ქვეყნის მავთულხლართებისგან გათავისუფლებას ერთიანობით, რეფორმებითა და პარტნიორების მხარდაჭერით შევძლებთ

ოკუპაცია, როგორც ქვეყნის მთავარი გამოწვევა

დღეს 21-ე საუკუნეში ჩვენ გვიწევს გამკლავება ოკუპაციასა და ანექსიასთან. სამწუხარო რეალობაში მავთულხლართები წარმოადგენენ იმ ხელოვნურ, კანონგარეშე ბარიერებს, რომლებიც ხელყოფენ როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. ათასობით დევნილს საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა წაართვეს, თავადაც 10 წლის ასაკიდან მაიძულეს ჩემი მშობლიური ქალაქის, სოხუმის დატოვება. ყოველდღიურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარება მძიმდება. ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ. ჩვენი გმირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელები ჯერჯერობით დაუსჯელები არიან. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიზანმიმართულად ხდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება და დაზიანება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელყოფილია სიცოცხლის, თავისუფალი, უსაფრთხო გადაადგილების, განათლების ქართულ ენაზე მიღებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები. არსებობს არაერთი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტი. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე კონკრეტული ნაწილების, მათ შორის, გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ანექსიისკენ დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას. ამ პოლიტიკის გაგრძელებაა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერა, რომელიც გამარტივებული პროცედურებით რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ითვალისწინებს.

ყოველივე ეს ხდება თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის მოქმედების პირობებში, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პატივისცემა, დაცვა. რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის გაერო-ს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს, რაც უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უკანონოა და სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობს.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენება, როგორც აგრესიის აქტი

ძალის გამოყენების სამართლებრივმა რეგულირებამ უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა. დაწყებული „სამართლიანი ომის“ დოქტრინის თეორიიდან, გაგრძელებული ძალის გამოყენების სრული თავისუფლებით მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე და დამთავრებული გაეროს წესდებაში ძალის გამოყენების ზოგადი აკრძალვით. თუმცა ამ უკანასკნელმა დაუშვა ძალის გამოყენება ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის დროს, ასევე უშიშროების საბჭოს მიანიჭა პრეროგატივა, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებითი ზომების მიღების შესახებ. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალის გამოყენებით უგულებელყო გაერო-ს წესდება, რადგან კრემლის სამხედრო მოქმედებებს საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

გაზეთ „გარდიანში“ 2008 წლის 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მგელი, რომელმაც საქართველო შეჭამა“ – საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი, ყოფილი იუგოსლავიისათვის შექმნილი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის პირველი პრეზიდენტი ანტონიო კასესე აღნიშნავს, რომ რუსეთის ყველა მცდელობა, ბრალი დასდოს საქართველოს, კრიტიკას ვერ უძლებს. იგი მიუთითებს, რომ რუსეთმა დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, გაეროს ყველა წევრი თავს იკავებს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისა ან მისი გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ასევე, რუსეთის ფედერაციამ ხელყო გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის „აგრესიის დეფინიციის შესახებ“ რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუციის მესამე მუხლის თანახმად, აგრესია არის „ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა, ან სამხედრო ოპერაცია, თუნდაც დროებით, რომელიც ამ შეჭრის ან თავდასხმის შედეგია... ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის წინააღმდეგ; საზღვაო პორტებისა და სანაპიროების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ“. ამავე რეზოლუციის მე-5 მუხლი მიუთითებს, რომ „არანაირი ნებისმიერი ხასიათის მოსაზრება, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა ხასიათის, არ ამართლებს აგრესიას; აგრესიული ომი არის საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას”. რუსეთის ქმედებებს აგრესიული აქტის ყველა მახასიათებელი გააჩნია. კრემლმა ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დაბომბა სამხედრო, სამოქალაქო დანიშნულების საკვანძო ობიექტები, საქართველოს ქალაქები, სხვა დასახლებული პუნქტები და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. გარდა ამისა, გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის „აგრესიის დეფინიციის შესახებ“ რეზოლუციის მე-5 მუხლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრესიის გამართლება გამორიცხულია. ამდენად, ოფიციალური მოსკოვის განცხადება, რომ საქართველოში სამხედრო ძალით შეჭრა, ქართული ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების დაბომბვა იძულებითი ღონისძიება იყო და მიზნად მხოლოდ ოსი ხალხის „გადარჩენას“ ისახავდა, არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არ ეფუძნება. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება არ აკმაყოფილებს არცერთ იმ წინაპირობასა და კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა იყოს გამოკვეთილი, რათა სამხედრო ქმედებას ჰუმანიტარული ინტერვენციის კვალიფიკაცია მიეცეს. ამასთანავე, რუსეთის სამხედრო ოპერაცია არ შეესაბამებოდა ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. რუსეთს არც უცდია სამხედრო ძალის გამოყენების ნაცვლად სხვა ალტერნატიული საშუალებებისათვის მიემართა, პირიქით, ის ხელს უშლიდა ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. გარდა ამისა, მის მიერ გამოყენებული ძალა იყო არათანაზომიერი, არაპროპორციული, რაც დადასტურებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედება იყო ტიპური აგრესიული ქმედება. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანობაში დასავლეთის წინააღმდეგ. კრემლმა სამხედრო მანქანის ამოქმედებით საერთაშორისო უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი ხელყო, რადგან ძალისმიერი მეთოდებით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების შეცვლას შეეცადა. მოსკოვმა აგრესიული აქტით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა მისი ნეოიმპერიალისტური ზრახვები და ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენის სურვილი. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავდნენ საქართველოს დასჯას მისი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანისათვის. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთა სუვერენიტეტი გულისხმობს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად საკუთარი არჩევანის გაკეთებას. ჩვენი კონსტიტუციური, ურყევი არჩევანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ნებისმიერი სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა სხვა სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პატივისცემა.

სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ოკუპაციამ და ანექსიამ მკაფიოდ დაგვანახა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაქმედითობა. რუსეთის ფედერაციას, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ვეტოს უფლების გამოყენება აძლევს შესაძლებლობას დაბლოკოს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, რაც აფერხებს აგრესიის აქტზე დროულ, სათანადო რეაგირებას. ეს მოცემულობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ზრდის რეგიონალური ორგანიზაციებისა და კოლექტიური თავდაცვითი ხელშეკრულებების მნიშვნელობას. ორმხრივი და მრავალმხრივი თავდაცვითი დახმარების ხელშეკრულებები არის ინსტრუმენტი, რომლის საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ, რომ შეიარაღებული თავდასხმა თითოეულ მათგანზე განიხილება თავდასხმად ყველა მათგანზე და ამ შემთხვევაში ისინი დახმარებას უწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს. შესაბამისად, ასეთი ინსტრუმენტები ხელს უწყობენ შეკავების პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობა

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზე დაადგინა: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია; რუსეთის ფედერაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ოკუპაციას ახორციელებს; რუსეთის ფედერაციამ ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა; რუსეთის ფედერაციამ ხელყო საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირებისა და სამხედროების ფუნდამენტური უფლებები. კერძოდ, საუბარია საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელყო არა მარტო სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება, არამედ საკუთრების უფლება, თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანალიზისას, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა გავლენა შეიძლება ქონდეს მას დეოკუპაციის პროცესზე.

პირველი, ის ქმნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს.

მეორე, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმია.

მესამე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული საქმეების საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტის შესაძლებლობაა, კერძოდ, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიგოთ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის თაობაზე საჩივარი 2018 წელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტანეთ და ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულებრივ მოქმედებებს. აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჩვენი გმირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე. ამასთანავე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტები ხელს შეუწყობენ ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხებს განიხილავს).

მეოთხე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაეროს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დავაყენოთ საერთაშორისო მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ შესვლის აუცილებლობის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. ასევე, აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამასთანავე, ყოველწლიურად გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციის განხილვისას ჩვენს მხარდაჭერას განამტკიცებს.

როგორ დავძლიოთ ოკუპაცია?

სახელმწიფოს მდგრადობის ღერძი, ქვაკუთხედი მის ტერიტორიულ მთლიანობაშია. საქართველოს მავთულხლართებისგან, ხელოვნური ბარიერებისგან გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანია, რომლის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. პოლარიზება, დაპირისპირება კი აფერხებს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნების, ამოცანების განხორციელებას. ერთიანობა და რეფორმების თანმიმდევრულობა ხელს შეუწყობს ჩვენი ისტორიული არჩევანის მიღწევას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

აუცილებელია კონსენსუსით, კომპრომისით, ყველა მხარის ჩართულობით, თვისობრივად ახალი მიდგომებით, საკვანძო მიმართულებებით ცვლილებების განხორციელება. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სადაც თითოეული ჩვენგანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება და განვითარების მეტი შესაძლებლობები შეიქმნება. სწორედ ევროპულ დემოკრატიულ სისტემას შეუძლია დაარწმუნოს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომ გაერთიანებულ საქართველოში ერთად თანაცხოვრება წარმოადგენს რეალურ გარანტიას მათი იდენტობის დაცვისა და განვითარებისათვის.

ამასთანავე, ჩვენს პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად და კრემლის მიერ როგორც 2008 წელს, ასევე 2008 წლამდე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ასევე, უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები, განსაკუთრებით რუსული ჰიბრიდული ომის პირობებში. აუცილებელია, ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის ერთიანი, ეროვნული სტრატეგია შევიმუშაოთ, რომელშიც ასახული იქნება აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მთავრობას აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.

დაბოლოს, უახლესი ისტორიის 30-წლიანი პერიოდის ანალიზი გვკარნახობს, რომ პოლარიზებით, დაპირისპირებით შეუძლებელი იქნება სტრატეგიული მიზნების მიღწევა. დღეს 21-ე საუკუნეში ქართულ პოლიტიკას სჭირდება ლიდერები, რომლებმაც იციან, როგორ მიაღწიონ კონსენსუსს, საერთო ეროვნულ შეთანხმებას ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, შესწევთ უნარი მოვლენები სტრატეგიულად შეაფასონ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში და შესთავაზონ საქართველოს მოსახლეობას რეალურად განხორციელებადი, შედეგებზე ორიენტირებული ინიციატივები. ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმებითა და პარტნიორების მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ასევე, აუცილებელია, ღრმად გვწამდეს, რომ მისია შესრულებადია. რწმენა ხომ გამარჯვებისათვის გადამწყვეტი კომპონენტია.

ხათუნა ბურკაძე

„ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, პროფესორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო