ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საოლქო კომისიის წევრებს ირჩევენ, ხმაური და მცირედი დაპირისპირება იყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრებმა აღნიშნეს, კონკურსანტები არ აკმაყოფილებენ დამოუკიდებლობისა და ნეიტრალობის მოთხოვნებს, რადგან ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. აღნიშნული მიზეზით, მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

"კონკურსანტების უმრავლესობა "ქართულ ოცნებასთან" არიან აფილირებული, "ქართული ოცნების" შტაბში დაკომპლექტებული სიის შესაბამისად ხდება მათი არჩევა და, აქედან გამომდინარე, ამ კონკურსს ხმას ვერ მივცემთ. კონკურსანტები, ვინც მონაწილეობენ, არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა იყოს დამოუკიდებლობა და ნეიტრალობა,"-განაცხადა N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" მირანდა გოგოხიამ.

ბრალდებების საპასუხოდ, N67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ზაზა ხვიტიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრების არჩევა წესების სრული დაცვით ხდება.

"არ ვიცი, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". ყველა პროცედურა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს, არის გამჭვირვალე პროცესი, არიან გამოცდილი კომისიის წევრები, არჩევის პროცედურა ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. კომისია აღნიშნულ ვადებში თავის საქმიანობას შეუდგება", - განაცხადა ხვიტიამ.