ქართული პრესის მიმოხილვა 16.08.2021

მამუკა არეშიძე - “დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის”

ვის აწყობს რეალურად ვადამდელი არჩევნები - ბოლო რეიტინგები და საკუთარი მოთხოვნების მძევალი ოპოზიცია

ვახტანგ ძაბირაძე - “მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, ის წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს”

როგორ დავიცვათ ბავშვები - კორონავირუსი არასრულწლოვნებს უკვე მასობრივად ემართებათ

ვახტანგ კალოიანი: „მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ“

* * *

მამუკა არეშიძე - დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის

“პანდემიური ვითარების მართვა მარტივი არსად ყოფილა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას სხვა ტიპის მიდგომები რომ გამოეყენებინა, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით... შეიძლებოდა არ ყოფილიყო მასშტაბური შეზღუდვები, მაგრამ ის მცირე რეგულაციები - პირბადის ტარება იქნებოდა თუ დისტანციის დაცვა - მკაცრად რომ გაკონტროლებულიყო, უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ძალიან გაუჭირდათ, რომ ერთი მხრივ, სწორად ემართათ პანდემიური პროცესი და მეორე მხრივ, ეკონომიკის ვარდნაც თავიდან აერიდებინათ. გიორგი გახარიას დროს, აქცენტი კეთდებოდა პანდემიის მართვაზე და ეკონომიკა, განსაკუთრებით - ტურიზმის სფერო, ძალიან დაზარალდა. ახლა ეკონომიკაზე გაკეთდა აქცენტი და ვხედავთ, რაც ხდება. ოქროს შუალედის პოვნა ვერ მოხერხდა, რამაც განაპირობა ის, რომ დღეში საშუალოდ 50 ადამიანს ვკარგავთ, რაც დიდი ტრაგედიაა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დგას თუ არა ანტივაქსერული კამპანიის უკან რუსეთი?!" / დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის.

“ხელისუფლება განსაკუთრებით გასაკრიტიკებელია იმიტომაც, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიგეგმა და წარიმართა არასწორად. ახლა სადაც ვმუშაობ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ფოიეში, დაიწყეს ვაქცინაციის სივრცეების მოწყობა. იგივე ხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებშიც. აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, დროულად რომ მოხერხებულიყო ვაქცინების შემოტანა. ასევე ბევრი შეცდომაა დაშვებული ვაქცინაციის პოპულარიზაციის კუთხით. რაც შეეხება საზოგადოებას, ნაწილს ჯერაც ვერ შეუგნია ამ ვირუსისგან მომდინარე საფრთხე. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ, ნაწილი კი მიზანმიმართულად ეწევა ანტივაქსერულ პროპაგანდას. ეს ხალხი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის გადამტანები არიან. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, არღვევს რა დაწესებულ რეგულაციებს, არ ეშვება ხალხმრავალი ქორწილებისა თუ ქელეხების გადახდას. მოკლედ, დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“წინასაარჩევნოდ შეიქმნა ვითარება, რომელიც პოლიტიკურ პროცესს სრულად კლავს. დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ცხოვრების აბსოლუტურად მახინჯი წესი. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომლებშიც პანდემიისადმი დამოკიდებულებაც შედის. მთავარი მაინც პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონეა, რაც უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე და ამიტომაც გვყავს პოლიტიკური ცხოვრებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ამდენი ადამიანი. წესით, წინასაარჩევნო პროცესი უკვე გახურებული უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება? “ქართული ოცნება” რაღაცას ცდილობს, ასევე - გიორგი გახარიას პარტიაც, მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალებს რამეს ამჩნევთ? საარჩევნო პროცესი, რომელიც წესით უნდა მიმდინარეობდეს და პოლიტიკოსები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ამომრჩეველს ხვდებოდნენ, არსად ჩანს. ოპოზიციიდან გახარიაა გამონაკლისი. მისი მდგომარეობაც გასაგებია, მან ახლახან შექმნა პარტია და ვალდებულიც არის, იაქტიუროს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გახარია საზოგადოებასთან ურთიერთობის უკეთესი პირობები აქვს, რადგან ახალი ძალაა და მისი და მისი ორგანიზაციის დაპირებები ჯერ გატესტილი არ არის, თუმცა გახარიასაც არ აქვს უპირობო წარმატების შანსი. მას, უბრალოდ, აქვს კარგი სასტარტო მდგომარეობა. ჯერ კიდევ ველით გახარიასგან იმ მთავარ პოლიტიკურ სიახლეს, რაც მას დანარჩენი ოპოზიციისგან განასხვავებს. ის, რომ იგი უკიდურესად რადიკალურ რიტორიკაში არ ჰყვება სხვა პოლიტიკურ ძალებს, ეს შესაძლოა ჩაითვალოს სიახლედ, მაგრამ ამით რამდენად დააინტერესებს ამომრჩეველს და მიიქცევს მის ყურადღებას, ჯერ არ ვიცი, მით უფრო, რომ დღეს მოქალაქეთა უმრავლესობა, უპირველესად, სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, ასეთი ტიპის გზავნილებს კი ამომრჩეველი გახარიასაგან ჯერ ვერ ისმენს. ის, რომ კორექტულად იქცევა, კერძო პოლიტიკური ფიგურისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეეჭვება, პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის გადამწყვეტი იყოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუმცა ამომრჩევლის ნაწილისთვის უკვე აუტანელია გაუთავებელი ორპოლუსიანი ლანძღვა-გინების მოსმენა. ამ ამომრჩევლისთვის გახარია, შესაძლოა, ოპტიმალური არჩევანი იყოს, რაც ჩანს კიდეც ბოლოდროინდელ გამოკითხვებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკითხვების მაინცდამაინც არ მჯერა. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ არც ერთი ამ კვლევის შედეგები - არც “ქართული ოცნების” დაკვეთილის და არც უცხოური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულის - არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რეალობასთან ახლოს მდგომი, იმიტომ, რომ ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება. თუ ადრე ეს პოლარიზაცია ეფუძნებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ახლა საზოგადოება ასე იყოფა: ამომრჩეველი, რომელიც კვლავ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და, საზოგადოდ, არჩევნებში მონაწილეობაზე”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს და რომელსაც შეეძლება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. დღეს ასეთი ძალა, არ ჩანს. მმართველ ძალაში ამას კარგად გრძნობენ და ცდილობენ ამით ისარგებლონ. დასავლეთსაც არჩევანი არ აქვს - ან უნდა შეურიგდეს ისევ ” ოცნების” მმართველობას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ ვითარებას ქვეყანაში, ან აქ მუდმივად იქნება გაწევ-გამოწევა, არეულობა და სტაგნაცია, რაც ნამდვილად არ აწყობთ, რადგან ამ რეგიონში საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია. მიუხედავად ზოგი ელჩის თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებისა, დასავლური ძალის ცენტრები ვითარებას სხვაგვარად უყურებენ და ვიდრე არ ჩანს ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზე დაყრდნობაც შეეძლებათ, იძულებული არიან, შეეგუონ შექმნილ ვითარებას. ოპოზიცია სანქციების დაწესებას ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი სანქციები არ იქნება, მაგრამ თუ დასავლეთმა აქ დაინახა პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაშინ “ქართულ ოცნებას” მიშელის დოკუმენტს აუცილებლად გაუხსენებენ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ავღანეთს, ჩანს თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 90%-ს დაიკავებენ, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა მასობრივად დაიწყეს იარაღის დაყრა. ისინი ან თალიბების მხარეს გადადიან, ან გარბიან. აღმოჩნდა, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე. დიდი ალბათობით, ავღანეთის მთელი ეს ქაოსი დასრულდება სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, “ავღანეთის ისლამური იმარატი” ერქმევა. დიდი ალბათობით, უკვე ძალიან მალე აფეთქდება ცენტრალური აზია. “თალიბანის” მოძრაობის ვექტორი ასევე იქნება ანტირუსული და, ალბათ, ანტიჩინურიც და ეს რეალობა მსოფლიოს წინაშე მალე შეიქმნება. ეს არის ტაქტიკური სურათი. სტრატეგიულ სურათში კიდევ ერთი პუნქტი შედის, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის გამოყენებას...” - დაასკვნის ექსპერტი.

”პოლიტიკური ისლამის მთავარი გზავნილი არის მთელ მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, თან იმ ტიპის წესრიგისა, რომელსაც თვითონ მისდევენ, ანუ რადიკალური ისლამის. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა მეზობელი მტერია, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან. დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. აქ აუცილებლად გააქტიურდებიან პოლიტიკური ისლამის ის რგოლები, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე. მეორე გამოწვევად შეიძლება გვექცეს დევნილთა ნაკადი. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მესამე საფრთხე არის ნარკოტრაფიკი. ეს იქნება “თალიბანის” ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

ვის აწყობს რეალურად ვადამდელი არჩევნები - ბოლო რეიტინგები და საკუთარი მოთხოვნების მძევალი ოპოზიცია

აგვისტოში გამოქვეყნებული რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული კვლევების მიხედვით, ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია. პატარა პარტიების რეიტინგები განახევრებულია, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” “ოცნებაზე” 2-3-ჯერ ნაკლები რეიტინგი აქვს. ვის უფრო აწყობს 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ოპოზიციას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის აღდგენასა და 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” მიერ ხმების 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, თუ მმართველ პარტიას, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნის მძევალი გახდა და იძულებულია კვლავ ისაუბროს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები უკვე ნაკლებად აწყობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის აწყობს რეალურად ვადამდელი არჩევნები - ბოლო რეიტინგები და საკუთარი მოთხოვნების მძევალი ოპოზიცია.

“მათივე აზრით, მომავალი წლის გაზაფხულზე არჩევნები მაინც შედგება, “ენმ” და მის გარშემო შეკრებილი პარტიები იმაზე გაცილებით ცოტა ადგილს მიიღებენ პარლამენტში, ვიდრე ახლა აქვთ. ეს კი აწყობს “ქართულ ოცნებას” და ამიტომ ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ თავად მოინდომოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ამ ფონზე ყველაზე დამაჯერებლად გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” გამოიყურება, რომლის რეიტინგიც 8-9%-ია. ანალიტიკოსთა ვარაუდით, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ “ოცნებას”, “ენმ”-სა და გახარიას პარტიას ექნებათ. ჯერჯერობით კი, არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია ფაქტიურად არც დაუწყია. მართალია, ამას პანდემიით ხსნიან, მაგრამ მათი აქტიურობა ამ კუთხით არც მედიაში იგრძნობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2 აგვისტოს “აირაი”-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს - პასუხები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” - 26%; “ნაციონალური მოძრაობა” - 14%; “საქართველოსთვის” (გიორგი გახარიას პარტია) - 9%; ლეიბორისტული პარტია - 3%; “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი”, “მოქალაქეები” - 2-2%; “ერი” (ლევან ვასაძე), “ევროპული საქართველო”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “დროა” (ელენე ხოშტარია) და “გირჩი” - 1-1%; სხვები - 1%; უარი პასუხზე - 27%“. ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო ორგანიზაცია “გორბი”-მ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “ნაციონალურ მოძრაობას” - 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” - 8,7%”, - განაგრძობს გამოცემა.

“12 აგვისტოს კი “ენდიაი”-ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: არც ერთი - 51%; “ქართული ოცნება” - 18%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე - 9%; “ნაციონალური მოძრაობა” - 6%; სხვა პარტიები - 6%. ასევე გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევები. “ ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ კახა კალაძემ და ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კახა კალაძე 66,2%-ს მიიღებდა, ხოლო ნიკა მელია - 33,8%-ს. პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიას ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის აღება შეუძლია, ხოლო თბილისის საკრებულოს არჩევნებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება: “ქართული ოცნება” - 46.3% , “ნაციონალური მოძრაობა” - 23.3%, “გირჩი - მეტი თავისუფლება” - 5.3%, “საქართველოსთვის” - 5.2%, “მოქალაქეები” - 3.3%, “სტრატეგია აღმაშენებელი” - 2.3%, “ლელო” - 2.3%, “პატრიოტთა ალიანსი” - 2.1%, “ევროპული საქართველო” - 1.4%, “გირჩი” - 1.2%, “ლეიბორისტული პარტია” - 0.9%, “ერთიანი სქართველო” - 0.8%, სხვა პარტიები - 5.6%”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ შეიძლება ოპოზიციას აწყობდეს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები, როცა არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამ შემთხვევაში ისინი პარლამენტში გაცილებით მცირე ადგილებს მიიღებენ, ვიდრე ახლა აქვთ. საყვარელიძე ამის ერთადერთ მიზეზს ისევ ოპოზიციის არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ტაქტიკაში ხედავს და ფიქრობს, რომ მათ საკუთარი თავი თავადვე შეიყვანეს ჩიხში. მისივე თქმით, რეალურად რიგგარეშე არჩევნები ყველაზე მეტად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რადგანაც 2024 წლისთვის ის შეძლებს თუ არა ხელისუფლების შენარჩუნებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და არავინ იცის ამ ხნის განმავლობაში ის როგორ მოძლიერდება. შესაბამისად, “ოცნებას” ოპოზიციის განახევრებული მანდატები ძალიანაც აწყობს და საყვარელიძის აზრით, თუკი საჭიროდ ჩათვლის, არჩევნებს საკუთარი სურვილით, ხელოვნური კრიზისის შემქნის ფონზე მაინც დანიშნავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ ვიცი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რა ლოგიკით ხელმძღვანელობს. კვლევები ერთს ამბობს და ესენი მეორეს ითხოვენ. თუმცა, ბოლო დროს მგონია რეალურ სურათს მიხვდნენ და ადგილობრივი არჩევნებისთვის დიდად აღარ აქტიურობენ. საქმე კი ისაა, რომ 7-თვიანი არასწორი პოლიტიკის შედეგად პრობლემები აქვს როგორც პატარა პარტიებს, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენ აგვისტოში გამოქვეყნებულ სამივე კვლევაში ვნახეთ, რომ ენმ-ის ამომრჩეველი 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე “ქართული ოცნების”. ამიტომაც, თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ისინიც ამ წარმომადგენლობით პარალმენტში ვეღარ შევლენ. რჩება გიორგი გახარია და “ქართული ოცნება”. გახარიას, მართალია, აქვს ძალიან კარგი შედეგები, მაგრამ მასაც ურჩევნია დრო მოიგოს. თუმცა, თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ის გარისკავს და მგონია, რომ რაც კვლევებშია მოცემული, იმაზე ბევრად მეტს აიღებს. ამომჩევლის 50% ჩამოუყალიბებელია და ამიტომაც ზუსტად არჩევნების დღეს შესაძლოა მისთვის ხმის მიცემა ბევრმა გადაწყვიტოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება “ოცნებას”, საბოლოო ჯამში მგონია, რომ არჩევნების დანიშვნა მას ყველაზე მეტად ახეირებს. საქმე კი იმაშია, რომ მივიღებთ ოპოზიციის მანდატების განახევრებას პარლამენტში და პოლიტკურად გაბანკროტებულ პატარა პარტიებს, რაც ხელისუფლებას კიდევ უფრა გააძლიერებს. ამიტომ ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს თუ ითხოვს, ეს ისევ „ოცნებას“ აწყობს. ჩვენს ქვეყანაში პარტიები რეალურად არ გვაქვს, ამიტომაც მმართველი გუნდი ამ შემთხვევაშიც უფრო მეტ მანდატს აიღებს, ვიდრე ოპოზიცია და ძალაუფლებას შეინარჩუნებს”, - მიიჩნევს საყვარელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, ის წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს”

“ოპოზიციის ინერტულობაზე ორი ვერსია მაქვს: ან ვერ ჩამოყალიბდა, ან წინასწარ შეეგუა წაგებას. ამბობენ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება. აქამდე რას უყურებდნენ? ჩემი აზრით, ძალიან აგვიანებენ. მე ახლა ზესტაფონში ვარ და აქ არავინ ლაპარაკობს არჩევნებზე. ხალხი პანდემიასა და ვაქცინაციაზე შეთქმულების თეორიებს ინტერესით განიხილავს. კაციშვილს არ ახსოვს არჩევნები. ხელისუფლებას უდიდესი ფორა აქვს - ვერტიკალი აწყობილი აქვს, სახელისუფლებო სტრუქტურებს იყენებს (კანონიერად თუ უკანონოდ, სხვა საქმეა), შეხვედრებს ატარებს, დაპირებებს გასცემს და ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებს? ერთადერთი მესიჯი იყო ასეთი: ეს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, რეფერენდუმია და ხმა იმიტომ კი არ უნდა მოგვცეთ, რომ ეკონომიკას განვავითარებთ - ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, რომ 43% ვერ აიღოს “ოცნებამ" და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნებიო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, ის წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს”.

“სამი თუ ოთხი ორგანიზაციის კვლევა გამოქვეყნდა, თავის მხრივ, “ოცნებამ” გამოაქვეყნა შიდა კვლევის შედეგები. მე არასდროს ვაკეთებ აქცენტს, ემთხვევა თუ არა ციფრები ერთმანეთს, რაც მთავარია, ტენდენცია ყველგან ერთნაირია. თბილისში, ძირითადად, ორი კანდიდატი განიხილება და ჩანს, დიდი ალბათობით, არჩევნები პირველივე ტურში “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე ოპოზიციის განწყობა მეტყველებს. ოპოზიციონერი ლიდერები თითქოს მოდუნებული არიან, აღარაფრის ხალისი აღარ აქვთ... მელია მართლაც არ ჰგავს მელიას, გავბედავ და ვიტყვი - ნიკა მელია წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს. მერობის კანდიდატად კენჭისყრა აშკარად არ არის მისი გადაწყვეტილება. ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება. გახსოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რომ დაასახელა? ახლა ნიკა მელიას მერობის კანდიდატის ბრძოლისთვის აცდენს. თუ “ნაცმოძრაობას” მართლა სურს სერიოზული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, მელიას, რომელიც მხოლოდ “ნაცმოძრაობაში”კი არა, მთელ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, თბილისზე არ მიაბამდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილებაა და ამასთან, გაუმართლებელიც, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა ზრახვები არ იმალება. მეც ვფიქრობ, სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა, მაგრამ გადაჭარბებად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა მან სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. როდესაც პირველი პირი ხდება ისეთი ტიპის ადამიანი, როგორიც სააკაშვილია, მეორე, მესამე და მეოთხე პირი არ არსებობს, არის მეთერთმეტე და ა.შ. “ნაცმოძრაობის" დროს ქვეყანაში მეორე კაცი იყო მერაბიშვილი და ისეთი მეორე კაცი რომ არ იყო ქვეყანაში, რომელიც შეიძლებოდა ლიდერი გამხდარიყო, იმიტომ არის დღემდე “ნაცმოძრაობის” შეუცვლელი ლიდერი სააკაშვილი. სააკაშვილი არ დაუშვებს თავისი ლიდერობისთვის საფრთხის შექმნას. ასეთივეა ივანიშვილი, ასეთივე იყო შევარდნაძე. ამ ტიპის ლიდერები სხვა ლიდერებს ახლოს ვერ იტანენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებისას “ქართული ოცნების” შიში განპირობებული იყო გახარიას ფაქტორით. როდესაც 43%-იანი დათქმა გააკეთეს, მაშინ გახარია მათი გუნდის ლიდერი იყო. მისმა წასვლამ, შემდეგ პარტიის შექმნამ და რეიტინგმა მმართველი გუნდის ლიდერები დააფიქრა. შესაბამისად, თავი დაიზღვიეს. არჩევნებში რომ მართლა ვერ აეღოთ 43% და მაშინ ეთქვათ, გამოვდივართ შეთანხმებიდანო, ეს უკვე ნამდვილად იქნებოდა მათი გუნდის დასასრული. “ოცნებამ” თავიც დაიზღვია და ოპოზიციაც მშრალზე დატოვა. რას ვგულისხმობ? ოპოზიციის ერთადერთი საარჩევნო სასაუბრო თემა იყო ვადამდელი არჩევნები. ახლა ოპოზიციას ისღა დარჩა სალაპარაკო, “ოცნებას” მაინც ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ამაში დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიანო. გასაგებია, რომ მმართველი გუნდი დასავლეთმა მკვეთრად გააკრიტიკა, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე კარგად ხვდება, რომ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის იქით არაფერზე არ არიან წამსვლელი”, - თვლის ანალიტიკოსი.

“შეიძლება ითქვას, დღეს ოპოზიციას ნიადაგი აქვს გამოცლილი. სხვათა შორის, არა მგონია, “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარდა, რიგგარეშე არჩევნები ვინმეს აწყობდეს. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები” უკვე ხვდებიან, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება ვეღარც მოხვდნენ პარლამენტში. “ნაციონალებს” სულ არ აწყობთ არჩევნები, რევოლუციაზე უჭირავთ თვალი, ”ევროპულ საქართველოს” კი დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდში დღეს დარჩენილი ლიდერებიდან არც ერთი არ არის პარლამენტში. რაც შეეხება "დროას”, მე თუ მკითხავთ, ელენე ხოშტარიამ “ნაცმოძრაობაში” შემოვლითი გზით დაბრუნება გადაწყვიტა. “ევროპული საქართველო” ჩაიძირა. იქ არანაირი პერსპექტივა აღარ არის და წამოვიდა. სად უნდა წასულიყო? “ნაცმოძრაობაში” დაბრუნება მხარდამჭერების თვალში ცუდად გამოჩნდებოდა. ამიტომ გააკეთა პარტია და ახლა ბლოკს გააკეთებს. პარტიაში იქნება ელენე ხოშტარია და არავინ სხვა. მისი პარტია, ალბათ, 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს... ხოშტარიას პარტიას, ისევე როგორც სხვა პატარა პარტიებს, არანაირი პერსპექტივა არა აქვთ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ესე იგი, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ისევ ორ ძალას შორის დაპირისპირებას ვიხილავთ?” - პასუხობს:

“ასეა. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ გადაწყვიტა პოლიტიკურ ველზე “ნაცმოძრაობის” სპარინგპარტნიორად დატოვება. არ ვიცი, ვერსია არ მაქვს... ივანიშვილს საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ გონიერი ადამიანები დაიქირაოს”.

როგორ დავიცვათ ბავშვები - კორონავირუსი არასრულწლოვნებს უკვე მასობრივად ემართებათ

“მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების პარალელურად, სულ უფრო იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა. ამ მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია აშშ-შია, სადაც 2 000-მდე ბავშვია ჰოსპიტალიზირებული. რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დღეში საშუალოდ 400-500 ბავშვი ინფიცირდება. ამ ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახალი ვაქცინის შექმნას, ან არსებული ვაქცინების გაუმჯობესებას არ გამორიცხავენ, რათა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც გახდეს შესაძლებელი. როგორც “რეზონანსთან” ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, ვაქცინაცია არ არის სრული დაცვის საშუალება, ამიტომ მიმდინარეობს კვლევები გაუმჯობესების მხრის, ვაქცინასთან ერთად კი რეგულაციების დაცვაც აუცილებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დავიცვათ ბავშვები - კორონავირუსი არასრულწლოვნებს უკვე მასობრივად ემართებათ.

“ვაქცინა ასპროცენტიანი დაცვა არ არის, მაგრამ გადადების რისკებს ძალიან ამცირებს, სადღაც 80%-მდე. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაციის მიუხედავად არსებული რეგულაციების დაცვა, როგორიცა სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყებება, ჰიგიენის ნორმები და ა.შ. ბავშვებისგან მშობლის დისტანცირება ვერ მოხდება, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს მშობელი. თუ მას აქვს სიცხე და რაიმე ჩივილები დაეწყო, რაც გავს კოვიდის სიმპტომებს, უნდა მოხდეს მისი იზოლირება და გამოკვლევებამდე ბავშვთან კონტაქტისგან თავის შეკავება. არ არის გამორიცხული ახალი ვაქცინის შექმნა, რადგან ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია მუშაობენ. კვლევები მიდის ყველა მიმართულებით, მათ შორის ასაკოვანი ადამიანებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვს და რა თქმა უნდა, სპეციალიზირებული მკურნალობის მეთოდების შემუშავებაც ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“როგორც გამოცხადდა, ისრაელმა უკვე შექმნა პრაქტიკულად 100%-იანი ეფექტურობის პრეპარატი. რა თქმა უნდა, ვაქცინებზეც კვლავ მიდის მუშაობა, რადგან ის, რაც მოხდა, იყო სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვეული, თორემ ასე უცებ ვაქცინის დანერგვა არ ხდებოდა. ვაქცინის დანერგვას სჭირდება წლები. 3-4 წელი მაინც არის საჭირო, რათა ვაქცინამ სახელმწიფო მნიშვნელობა მიიღოს და ის გამოყენებულ იქნეს, მაგრამ ჩვენ რომ ასე სწრაფად არ მოგვეხდინა ვაქცინის შემოღება, ფაქტიურად დიდი რაოდენობის მოსახლეობას ვკარგავდით. მუშაობა და კვლევები კვლავ გრძელდება. შესაბამისად, ველოდებით ახალ-ახალ შედეგებს. თავის დროზე, როდესაც ყველას კორონა ჰქონდა, ბავშვები მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ყველაფერი იმ შტამზეა დამოკიდებული, რომლითაც დაინფიცირება მოხდება. ამასთან, რა თქმა უნდა, პროცესის მიმდინარეობა ორგანიზმში ინდივიდუალურია. აქ საყურადღებოა, თუ რამდენად ძლიერია იმუნიტეტი, რა ქრონიკული დაავადებები აღენიშნება პაციენტს, აქვს თუ არა თანდაყოლილი რაიმე დაავადება”, - განაგრძობს ხმალაძე.

„თუმცა, თუ მუტირებული შტამი იქნება ძლიერი და მაღალი ვირულენტობით იქნება გამოხატული მისი მოქმედება, მაშინ უკვე ბავშვების მკურნალობაც გართულდება. მე იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის უკვე იქნება სრულფასოვანი მკურნალობის საშუალებები. ამ ეტაპზე მკურნალობა ხდება სტანდარტული მეთოდით. თუ მძიმეა, ხდება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვა, თუ არა - ანტიბიოტიკებითა და ვირუსული პრეპარატებით ხორციელდება მკურნალობა. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მეთოდებია გამოყენებული მკურნალობისთვის”, - დასძენს ხმალაძე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “რეზონანსთან” ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს არსებული ვაქცინების კველევა და გაუმჯობესება, რათა მათი გამოყენება 12 წლამდე ბავშვებისთვისაც იქნეს შესაძლებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აცრილი ადამიანებიდან ნაკლებია ინფექციის გადადების შესაძლებლობა, ხოლო აცრილიდან აცრილზე დაინფიცირების გადატანა საერთოდ არ ხდება. მნიშვნელოვანია აიცრან უფროსები, რათა ბავშვის დაინფიცირება ნაკლებად შესაძლებელი იყოს. ჯერჯერობით ბავშვების დაცვა სხვა გზებით შეუძლებელია. მაგალითად, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა დაუშვეს რეკომენდაცია, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებიც აიცრან, მაგრამ ჯერ კვლევები კვლავ მიმდინარეობს და შესაძლებელია ახლო მომავალში 2 წლიდან გახდეს ვაქცინის გამოყენება დასაშვები. ჩინეთმა უკვე დაიწყო სამი წლის ასაკიდან “ფაიზერით” აცრის პროცესი, ხოლო “სინოფარმი” ცდების პროცესშია. ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება, შესაძლოა ცოტა ხანში ბავშვებისთვისაც გახდეს რეკომენდირებული. ბავშვების იმუნური სისტემა ბევრად უკეთესია. ამ პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა ის თანმდევი დაავადებები შეიძლება გახდეს, რაც პაციენტს დაინფიცირებამდე გააჩნდა. ასეთი ბავშვების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რეგულაციები მათ ირგვლივ მყოფების მიერ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული”, - მიიჩნევს ზოიძე.

ვახტანგ კალოიანი: „მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ“

“ინფიცირებულთა ძალიან დიდი რაოდენობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს ჰოსპიტალურ სექტორზე და კოლაფსისა და გაჩერების საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესაჩერებლად, სამწუხაროდ, დაკარგული დროის გამო, ხელისუფლებამ მხოლოდ შეზღუდვა დატოვა. იმის ნაცვლად, რომ გაეაქტიურებინა ტესტირება, დაეწყო ინფიცირებულების დროულად გამოვლენა და მერე ისინი თვითიზოლაციაში გადაეყვანა, შემოგვთავაზა ისეთი შეზღუდვა, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ ფენას მიაყენებს ზიანს. ამ ორი წლის განმავლობაში ტრანსპორტი დროდადრო კი არ უნდა გაეჩერებინათ, პირიქით, რაოდენობა უნდა გაეზარდათ და გაეკონტროლებინათ მგზავრების რაოდენობა, პირბადეების გამოყენება, მაგრამ მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ. შეზღუდვების ოდნავი შემსუბუქების შემდეგ ვითარებას ვეღარ მართავენ”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი, “ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ კალოიანი - “მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ”.

“მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პუნქტები დაემატა, აცრილთა რაოდენობაც გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უნდა აცრა, მაგრამ ამ ნახევარს ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ. ზოგს პორტალზე დარეგისტრირება უჭირს, არასარეგისტრაციო დარბაზებიც ცარიელია... საინფორმაციო კამპანია რომ არ გვიწარმოებია, ეს ცალკე საკითხია. გამოსავალი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიხსნას ვაქცინაციის პუნქტები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ოღონდ ეს უნდა იყოს უსაფრთხო - იქ უნდა იყოს არა მარტო ამცრელი ექიმი, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანაც ან გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. გარდა ამისა, პედაგოგების, სამედიცინო დაწესებულებათა თანამშრომლების, ვაჭრობაში მომუშავეების, ტრანსპორტის სისტემის თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ან ვაქცინაცია, ან 48 საათში ერთხელ ტესტირება. ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვანაირად ჩვენ იმუნურ ფენას ვერ შევქმნით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კალოიანი.

“ბევრი გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს არა იმდენად მკურნალობის მეთოდები, რამდენადაც თერაპიის არასტანდარტიზება. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისში და, მაგალითად, ოზურგეთში პაციენტი სხვადასხვა მომსახურებას იღებს. ანუ კლინიკური პროცესი სტანდარტული არ არის და ეს ექიმები, ძირითადად, “ფეისბუკის” და თავიანთი მოძიებული ინფორმაციის იმედად არიან. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ქვეყანაში, სადაც დღეში ხუთი ათასი პაციენტია, გარდაცვალებას ყოველთვის თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ პროცესის სტანდარტიზაცია დიდი შეღავათი იქნებოდა. გაიდლაინი არსებობს, მაგრამ გაიდლაინი თუ სწორად არ დანერგე და მერე მისი გამოყენება არ გააკონტროლე, რა აზრი აქვს?! ჩვენ დღეს არ ვიცით, ეს გაიდლაინი სხვადასხვა საავადმყოფოში რამდენი პროცენტით სრულდება. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და ამაზე კლინიკური ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ეს არ ხდება და “ფეისბუკში” გვიწერენ, ესა თუ ის წამალი იხმარეთო. როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას ვერ და არ უმკლავდება, გამოსავალი არის მოქალაქეების თვითორგანიზება და შეგნება. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, წავიდეთ ასაცრელად და უნდა ვატაროთ ნიღაბი დახურულ სივრცეშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებშიც. საკუთარი თავი თვითონ უნდა დავიცვათ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ახლა ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, მაგრამ 10 კითხვიდან რვა უსაფუძვლოა, რადგან მეცნიერებამ მათ პასუხი უკვე გასცა. ასეთია კითხვები, მაგალითად, ონკოლოგიური რისკების, რეპროდუქციული პრობლემების შესახებ. არც ერთი ვაქცინა ამ თვალსაზრისით სახიფათო არ არის. იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი ადამიანი იცრება, შეზღუდვებიც მცირდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც”, - დასძენს კალოიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა