ზურაბ ბატიაშვილი - ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა

ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში და როგორ აისახება ავღანეთიდან აშშ-სა და დასავლეთის ძალების გასვლა და ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნება რეგიონზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე “ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, "რონდელის ფორდის" მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, ავღანეთში პროცესები სწრაფად და შეიძლება ითქვას დრამატულად ვითარდება და იცვლება. ამ დროისათვის ვითარება ავღანეთში სავარაუდოდ როგორ გამოიყურება?

- შეიძლება ითქვას, რომ დღეებში ჩამოიშალა ავღანეთის მთავრობა, „თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან.

„თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა ქაბულიდან

გარბის მოსახლეობაც. ასეულ ათასობით ავღანელი, რომლებსაც არ სურთ „თალიბანის“ მკაცრი შარიათის კანონების ქვეშ ცხოვრება, ტოვებს საცხოვრებელს და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ახლა ადგილზე მთავარ თემად რჩება, რამდენად შეძლებენ ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის ქვეყნიდან გაყვანას, რისთვისაც დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი იქნა გაგზავნილი ქაბულში.

ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ავღანეთში, რომლის ხელისუფლებაში თალიბები დაბრუნდნენ და რომელსაც მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი აქტორები ტერორისტებად მიიჩნევენ?

- ავღანეთსა და მთლიანად რეგიონში დიდი ხნით შეიცვალა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია.

ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არამხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არამხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც

პოპულარული მოსაზრებაა, რომ ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ. შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება ისეთი დიდი პრობლემებით, რომლებიც აუცილებლად მოყვება „თალიბანის“ მკაცრი წესებით მართვას:

  1. ასეულ ათასობით ახალი ლტოლვილი, რომლებიც აუცილებლად დაიძვრება სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, ევროპისკენაც). აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავღანეთის მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 40 მილიონი გახდა;
  2. ავღანური ნარკოტიკების, როგორც „თალიბანის“ შემოსავლის ძირითადი წყაროს, გადინების გაზრდა რეგიონის ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც);
  3. რადიკალური იდეოლოგიისა და დაჯგუფებების გაძლიერება ავღანეთსა და მომიჯნავე ქვეყნებში.

- ბევრი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბები ისეთი აგრესიულები არ იქნებიან, როგორც აქამდე იყვნენ, მაგრამ ამას მალე ვნახავთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ავღანეთის თალიბების ხელისუფლებას მეზობლებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების სურვილი ექნება, მაგრამ აღიარებენ თუ არა მას მეზობლები და დანარჩენი მსოფლიო ძნელი სათქმელია.

- ამ მომენტისთვის „თალიბანი“ ცდილობს, საკუთარი თავის ერთგვარ რებრენდირებას და იმის ჩვენება სურს, რომ მან გარკვეული საკითხების მიმართ მიდგომა შეიცვალა. მაგრამ, რეალურად სიტუაცია სხვაგვარია - თუ „თალიბანი“ წინა მმართველობის დროს გოგონებს საერთოდ უკრძალავდა სკოლაში სიარულს, ახლა აცხადებს, რომ ნებას დართავს მათ მეექსვსე კლასამდე მიიღონ განათლება. მაგრამ, რა იქნება ექვსი კლასის შემდეგ? არაფერი.

უცვლელად დარჩება სხვა კანონებიც. მაგალითად, ქალებს ეკრძალებათ ახლო ნათესავის (ძმა, მამა და მეუღლე) გარეშე ქუჩაში დამოუკიდებლად გამოსვლა. ისინი ასევე იძულებული იქნებიან ატარონ ე.წ. „ბურკა“ და ა.შ.

მეზობლებისთვისაც საკმაოდ ძნელი იქნება ახალ სიტუაციასთან შეგუება. მაგალითად, იგივე ირანიც, მართალია, ოფიციალურად ისლამური რესპუბლიკაა, მაგრამ მასაც აქვს ეჭვები, ხომ არ დაჩაგრავს „თალიბანი“ ავღანეთის შიიტურ უმცირესობას ისევე, როგორც ეს იყო მისი პირველი მმართველობის დროს.

ირანისთვის, თურქეთისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთიდან დაძრული ლტოლვილთა ახალი ნაკადების საკითხიც. ამ მომენტისთვის ირანში 3 მილიონი, თურქეთში 0,5 მილიონი, ევროპაში კი 0,4 მილიონი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ პრობლემას ქმნიან ამ ქვეყნებში.

ირანისთვის, თურქეთისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთიდან დაძრული ლტოლვილთა ახალი ნაკადების საკითხიც. ამ მომენტისთვის ირანში 3 მილიონი, თურქეთში 0,5 მილიონი, ევროპაში კი 0,4 მილიონი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ პრობლემას ქმნიან ამ ქვეყნებში

- არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატსა და შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბევრჯერ უთქვამს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა მსოფლიო პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ბაიდენის ევროპული ვიზიტის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის ამერიკა ევროპაში კი დაბრუნდა, მაგრამ როგორ და რამდენად ჯერ არ ჩანს.

გარდა ამისა, ბაიდენის ევროპაში ვიზიტისას ვნახეთ ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებში რუსეთის მონაწილეობის გამო მსოფლიო პოლიტიკიდან გარიყული პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის დიდ სცენაზე დააბრუნა.

რაც შეეხება ავღანეთს, ფაქტია, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ავღანეთიდან ამერიკა გავიდა და ამ ქვეყნის ხელისუფლებაში თალიბები დაბრუნდნენ.

რა გავლენას იქონიებს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნება რეგიონზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე?

- ბაიდენის მოსვლით ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ ამერიკელები ავღანეთში დარჩებოდნენ. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში ხედავდნენ, რომ თითქმის ტყუილად ხარჯავდნენ უდიდეს თანხებს ავღანეთში.

ავღანეთის ხელისუფლებამ ამ 20 წლის განმავლობაში, რაც ამერიკის უდიდესი დახმარება ჰქონდათ, არ და ვერ შეძლო სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, მთავრობა ჩაეფლო კორუფციაში, სასამართლო ვერასდროს გახდა დამოუკიდებელი და ა.შ.

ამიტომ ვაშინგტონში გადაწყვიტეს ავღანეთიდან გასვლა და ამის შესახებ არაერთხელ ჰქონდათ გამოცხადებული. უბრალოდ, ამერიკელები არ მოელოდნენ, რომ ასე მალე, დღეების განმავლობაში ჩამოიშლეობდა 300 000-იანი ავღანური არმია, რომლის აღმშენებლობის საქმეში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ვაშინგტონმა.

ამერიკელები არ მოელოდნენ, რომ ასე მალე, დღეების განმავლობაში ჩამოიშლეობდა 300 000-იანი ავღანური არმია, რომლის აღმშენებლობის საქმეში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ვაშინგტონმა

რაც შეეხება საერთაშორისო კონტექსტს, სამეზობლოში „თალიბანს“ კარგი ურთიერთობა აქვს პაკისტანთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი. დანარჩენ აქტორებთან „თალიბანის“ დამოკიდებულება კი უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად „თალიბანის“ პოლიტიკაზე.

სამეზობლოში „თალიბანს“ კარგი ურთიერთობა აქვს პაკისტანთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი. დანარჩენ აქტორებთან „თალიბანის“ დამოკიდებულება კი უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად „თალიბანის“ პოლიტიკაზე

- ავღანეთში განვითარებული პროცესები ხომ არ აღმოჩნდება იმის საფუძველი, რომ ამერიკამ და ატლანტიკურმა ალიანსმა სერიოზული კორექტივები შეიტანოს თავის გეგემებსა და პოლიტიკაში?

- ბაიდენმა ჯერ კიდევ თავის წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ურთიერთობა დემოკრატიულ სამყაროსთან.

ნათლად გამოჩნდა, რომ ავღანეთი ვერ ჩაჯდა დემოკრატიული ქვეყნების სიაში და ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც (მათ შორის, საქართველოსთვისაც).

შეუძლებელია იძახო, რომ ხარ პროდასავლური ქვეყანა და არ გქონდეს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, არ იცავდე სიტყვის თავისუფლებას, არ გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, უტევდე დამოუკიდებელ მედიას.

უცხოეთიდან შესაძლოა დაგეხმარონ, მაგრამ სულ სხვის იმედზე ყოფნა არასწორია. მითუმეტეს, თუ გულრწფელი არ ხარ, ეს ადვილად ჩანს.

დღევანდელ დღეს ყველაფერი ხელისგულზე ჩანს და ვერაფერს დამალავ. ამიტომ ავღანეთის მაგალითი სერიოზულად უნდა მივიღოთ ჩვენც და ჩვენნაირმა ქვეყნებმა.

დღევანდელ დღეს ყველაფერი ხელისგულზე ჩანს და ვერაფერს დამალავ. ამიტომ ავღანეთის მაგალითი სერიოზულად უნდა მივიღოთ ჩვენც და ჩვენნაირმა ქვეყნებმა

- 2001 წლის ტერაქტის შემდეგ რუსეთი ამერიკის მიერ ავღანეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერდა, მაგრამ ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათად ისმოდა მოსკოვიდან ავღანეთში ამერიკული პოლიტიკის კრიტიკა.

არადა, ავღანეთში ამერიკელებისა და ნატოელების ყოფნა ყველაზე მეტად სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო, რადგან „თალიბები“ ვერც შუა აზიის ქვეყნებისთვის იცლიდნენ და ვერც რუსეთისთვის.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკის გატარებას შეეცდება რუსეთი ავღანეთთან მიმართებაში?

- რუსეთი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას. მათ ამ მიზნით „თალიბანი“ მოსკოვშიც მიიწვიეს და მოლაპარაკებებიც აწარმოეს მათთან. ეს მაშინ, როცა მოსკოვს „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

მოსკოვი ცდილობს, „თალიბანი“ მოიმადლიეროს და არც საელჩოს ევაკუაციას აპირებენ ქაბულიდან. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ იგი შესაძლოა ემზადებოდეს „თალიბანის“ ხელისუფლების ცნობისთვის, ანუ მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის.

მოსკოვი ცდილობს, „თალიბანი“ მოიმადლიეროს და არც საელჩოს ევაკუაციას აპირებენ ქაბულიდან. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ იგი შესაძლოა ემზადებოდეს „თალიბანის“ ხელისუფლების ცნობისთვის, ანუ მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის

თუმცა, ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა ასეთი მიდგომების მცდარობა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს უარყოფითად შემოუბრუნდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ „თალიბანი“ მხოლოდ ავღანეთში ჩაეტიოს და სხვადასხვა გზებით, ფიზიკურად, იდეოლოგიურად და ა.შ. არ ეცადოს შუა აზიის რესპუბლიკებში გადასვლას, როგორც ეს იყო „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს და რამაც სამოქალაქო ომი და არასტაბილურობა გამოიწვია ტაჯიკეთში.

ეს კი რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა.

ასე რომ, რუსეთს ჯერ კიდევ წინ აქვს მოულოდნელი სიურპრიზები „თალიბანის“ მხრიდან, რომლებსაც არაერთხელ ვნახავთ.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ისევე როგორც სირიასა და ლიბიაში, რუსეთი და თურქეთი, პუტინი და ეროდოღანი ავღანეთში ერთმანეთის კონკურენტები აღმოჩდნენ?

- ამ მომენტისთვის იმდენად ქაოტური სიტუაციაა თავად ქაბულსა და ავღანეთში, რომ ძნელია კონტურების გამოკვეთა, როგორ დაჯგუფდებიან ქვეყნები ავღანეთის კონფლიქტში.

ყველაზე მთავარი ალბათ იქნება თავად „თალიბანის“ ქცევა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ახალი კონფიგურაცია რეგიონში

თუ სირიასა და ლიბიაში რუსეთი და თურქეთი ერთმანეთის ბუნებრივი კონკურენტები არიან, იგივე სიტუაცია შეიძლება არ იყოს ავღანეთში, რადგან აქ ემატება ისეთი აქტორები, როგორებიც არიან პაკისტანი, ჩინეთი და ინდოეთი.

მაგრამ, ყველაზე მთავარი ალბათ იქნება თავად „თალიბანის“ ქცევა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ახალი კონფიგურაცია რეგიონში.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა