აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - გიორგი გახარიას პარტია ეწევა თვითმარგინალიზაციას - ამ პარტიას არანაირი მომავალი არ უწერია ქართულ პოლიტიკაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - გიორგი გახარიას პარტია ეწევა თვითმარგინალიზაციას - ამ პარტიას არანაირი მომავალი არ უწერია ქართულ პოლიტიკაში

„ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე პარტია „საქართველოსთვის" წევრების ბრალდებას მაჟორიტარ კანდიდატების შანტაჟსა და მოსყიდვასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარიას პარტიას „ადამიანები ბუნებრივად ტოვებენ“ და ხელისუფლებას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

ტიტე აროშიძის თქმით, გიორგი გახარიას პარტია ტყუილებით ქართულ პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.

„დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" განცხადება გააკეთა, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ პარტია დატოვონ.

ტყუილებით მოსული პარტიის ზოგადად ტექსტი და ქვეტექსტი იკითხება იმაში, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებას გადააბრალონ ის, რაც ბუნებრივად ხდება.

პარტია ეწევა თვითმარგინალიზაციას და ჩვენ შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ.

ტყუილებით იწყებენ კამპანიას, პირდებიან თანხას მოქალაქეებს, რათა საჯარო სამსახურები დატოვონ და გადავიდნენ მათთან, რათა უფრო მეტი ანაზღაურება მიიღონ, შემდგომ კი „გადაგდებულად“ გრძნობენ თავს და რა თქმა უნდა, ტოვებენ ამ პარტიას. ვნახავთ, 2 ოქტომბრამდე რამდენი ადამიანი დატოვებს ამ პარტიას. გახარიას პარტიას არანაირი მომავალი არ უწერია ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს ტიტე აროშიძე.

პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია „საქართველოსთვის" პროპორციული სიაში მყოფებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს აშანტაჟებენ და ფულის სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთავაზობენ.