ელენე ხოშტარიამ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ელენე ხოშტარიამ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პარტია “დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის N2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი დარჩია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის N2 ოლქი მანთაშევის ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოიცავს.

“მე მიხარია, რომ “დროას” ბათუმის მეორე ოლქში ეყოლება ძალიან ღირსეული და პრინციპული კანდიდატი, რომელიც მოდის 2020 წლის არჩევნების ძალიან პრინციპული და ღირსეული ბრძოლიდან. სწორედ ასეთი ბრძოლის შემართებით შევა ის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მეორე ოლქში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ბრიფინგზე დიმიტრი დარჩიამ კამპანიის გეგმებზე ისაუბრა.

იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნებზე დაიცავს თითოეულ ხმას.

“დროას” კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ბათუმში მიღწეული შეთანხმებისათვის.

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მე მაქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ელიან ცვლილებებს, ყოველდღე გვეუბნებიან, რომ ეს მმართველობა და რეჟიმი უნდა დასრულდეს”, - განაცხადა დიმიტრი დარჩიამ.

წარდგენასთან ერთად, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 70 ნომერში “ელენე ხოშტარია-დროა” ოფისიც გაიხსნა, რომელიც მიიღებს ნებისმიერ მსურველს.