ნიკოლოზ მეტრეველი -„იმპერიების სასაფლაოში“ სიტუაცია სულ უფრო დრამატული ხდება

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. შედეგად, ავღანეთში დასავლური კოალიციის ჯარების დაჩქარებული გაყვანის ფონზე, რადიკალური ისლამისტების წარმატებული ოპერაციები უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდა. თალიბანის ლიდერებმა ყურადღება არ მიაქციეს აშშ ადმინისტრაციის მოწოდებებს სამხედრო ოპერაციების შეჩერების თაობაზე და თავის მხრივ მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ აშშ-ს და მის მოკავშირეებს ავღანეთის საშინაო საქმეებში შემდგომი ჩარევისგან.

8 აგვისტოს ავღანეთში თალიბებმა ყუნდუზი აიღეს, ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მერვე პროვინციული დედაქალაქი იყო, უახლოეს მომავალში ასეთივე ბედი ეწია კიდევ ხუთი პროვინციის დედაქალაქს. ყუნდუზი ჩრდილოეთ ავღანეთის და ცენტრალური აზიის კარიბჭეა. 12 აგვისტოს დაეცა ყანდაღარი. ყანდაღარი თალიბანის დაარსების და შემდგომი აღზევების ისტორიული ცენტრია, ის ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქია და მისი დაკავება სიმბოლური ხასიათის იყო ორივე დაპირისპირებული მხარისთვის. ერთი დღით ადრე დაეცა ქალაქი ღაზნიც, რომელიც ქაბულისაკენ მიმავალი სტრატეგიული მაგისტრალების კვანძია. მოძრაობა თალიბანის ეს წარმატება სტრატეგიული ხასიათის იყო. იმ დროისთვის თალიბები 39 მილიონიან ავღანეთის 80% ტერიტორიას და საზღვრების 90% აკონტროლებდნენ. მასალის მომზადებისას მიზანშეწონილად მიმაჩნდა ავღანეთის რუკაც დამერთო, სადაც ნაჩვენები იქნებოდა დაპირისპირებული მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, მაგრამ მოვლენები იმდენად სწრაფად და დინამიურად იცვლებოდა, რომ რუკების გამოქვეყნებამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.

იმის შემდეგ, რაც ამერიკის და მისი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს სამხედრო შენაერთებმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს, პესიმისტურმა პროგნოზებმა იმის თაობაზე, რომ ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობა თალიბანის შეტევებს ვერ გაუმკლავდებოდა გამართლდა. 15 აგვისტოს კი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავღანეთის დედაქალაქი ქაბულიც დაეცა. ამით მოძრაობა თალიბანმა თავის და ავღანეთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. მოძრაობა თალიბანის წევრები საკუთარ მოძრაობას სამხედრო დაჯგუფებად არ მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ „ავღანეთის ისლამური ემირათის“ სრულ აღდგენამდე იბრძოლებენ. სწორედ ასე ეწოდებოდა ავღანეთს, რომელსაც ეს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია 1996-2001 წლამდე, აშშ ავღანეთში შეჭრამდე მართავდა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ავღანეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის თალიბანის იდეოლოგია და ფასეულობები სრულიადაც არ არის მიუღებელი. ამ ქვეყნის 2.8 მილიონი მოქალაქე, რომლებიც საფრთხეს გრძნობდნენ და ვისთვისაც მიუღებელია რადიკალური ისლამი უკვე ემიგრაციაშია, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში. თალიბების წარმატებების ფონზე, ექსპერტების შეფასებით ეს ციფრი უახლოეს მომავალში მინიმუმ გაორმაგდება, შესაბამისად ევროკავშირს ახალი მიგრაციული კრიზისის ტალღა ემუქრება. თალიბანის ახლად შექმნილი ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მეორე დიდი სერიოზული და შეიარაღებული ნაწილი „ჩრდილოეთის ალიანსი“ პანდიშერის ხეობაში გამაგრდა და სამხედრო რევანშისათვის ემზადება.

თალიბების წარმატებული მოქმედებები დასავლური კოალიციის წევრების ურთიერთ საყვედურების და განსხვავებული შეფასებების საფუძველი გახდა.ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი გაზეთ Daily Mail-თან მიცემულ ბოლო ინტერვიუში აშშ და თალიბების ლიდერების შარშანდელ შეთანხმებას ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის თაობაზე „ჩავარდნილ გარიგებას“ უწოდებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კოალიციის სხვა წევრებმა მათ შორის საქართველომაც ამერიკის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შემდგომ საკუთარი სამხედრო შენაერთების გამოყვანა დაიწყეს. დიამეტრულად განსხვავებულია აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიცია. 10 აგვისტოს ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატივა არ ჰქონდა.

„20 წლის განმავლობაში ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთენით და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. ათასობით ადამიანი დავკარგეთ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებით და აღჭურვილობით მომარაგების და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. 7 აგვისტოს აშშ უპილოტო აპარატებმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს თალიბანის შენაერთებს, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა მათ სამხედრო წარმატებებს. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ ქირბის განცხადებით ამ საჰაერო დარტყმებმა თალიბანზე „დინამიური გავლენა მოახდინა, მაგრამ არავინ აცხადებს,რომ ეს დარტყმები პანაცეაა და ის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“. ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი თავის მხრივ მიიჩნევდა, რომ დასავლური კოალიციის ჯარების პირდაპირი ჩართულობის გარეშე ავღანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იქნებოდა. იგივე აზრს იზიარებდნენ ავტორიტეტული სამხედროები, პოლიტიკოსები და ექსპერტები. მათი უმრავლესობის შეფასებით თალიბანის მოძრაობას გამარჯვებამდე სამი თვე აშორებდა.გაზეთიWashington Post-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით გაცილებით უფრო პესიმისტური პროგნოზს აქვეყნებდა, ისინი მიიჩნევენ რომ ქაბულის აღებამდე და თალიბანის გამარჯვებამდე (იმ ეტაპზე) მხოლოდ 30-90 დღე იყო დარჩენილი, რეალობა კი უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ამის შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში პროგნოზს ვერავინ აკეთებს.

ამერიკის და მისი მოკავშირეების გარდა, ავღანეთის სტაბილურობით დაინტერესებულები არიან ჩინეთი, რუსეთი, ირანი, თურქეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო. ყველა ამ სახელმწიფოს და თვით ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც კი გააჩნიათ ის რესურსი, რომ ცალკე და მითუმეტეს ურთიერთ კოორდინაციის ფორმატში შეაჩერონ ავღანეთში საომარი მოქმედების ესკალაცია, მაგრამ „იმპერიების სასაფლაოზე“ პირდაპირი პასუხისმგებლობის აღებას არავინ ჩქარობს. მაგალითისათვის ჩინეთის და რუსეთის საგარეო უწყებები და მათი ხელმძღვანელები სისტემატურად და ღიად იღებენ და აწარმოებენ მოლაპარაკებებს თალიბანის დიპლომატიურ დელეგაციებთან. ამ კონტექსტში სახასიათოა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ი-ის განცხადება, რომელიც მან პეკინში თალიბანის წარმომადგენლების მიღების შემდგომ გააკეთა: „ჩინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს თალიბანის პოზიტიურ როლს თანამედროვე ავღანეთის აღდგენაში იმ პირობით, თუ ის თავს შეიკავებს ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მუსლიმ უიგურებთან ნებისმიერი ურთიერთობებისაგან“.

ვფიქრობ ჩინეთი, რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები კმაყოფილები იქნებიან, თუ თალიბებისაგან იმის მტკიცე გარანტიას მიიღებენ, რომ ახალი ავღანეთი არ შეეცდება მათ ტერიტორიაზე გადაიტანოს რადიკალური ისლამის იდეები, ამის საფრთხე კი სრულიად რეალურია. ცხადია თალიბების ლიდერები ამ სახელმწიფოებს არწმუნებენ, რომ ისინი არ აპირებენ ავღანეთის საზღვრებს გარეთ გასვლას და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ რამდენად შეძლებენ ან მოინდომებენ ამ პირობის შესრულებას ეს დიდად საფიქრალია. ბუნებრივია, ეს კარგად ესმით ზემოთ ჩამოთვლილ დაინტერესებულ სახელმწიფოებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირდაპირი სამხედრო ჩარევისგან ყველა მათგანი მაინც ბოლომდე თავს შეიკავებს.

რა ბედი ელის ავღანეთის პროდასავლურ მთავრობას და რაც მთავარია, ზოგადად ავღანეთს? ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებს „იმპერიების სასაფლაოს“ - ავღანეთის ყველა მეზობელ სახელმწიფოს და არა მხოლოდ მეზობელს. თუ ავღანეთში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ეს ამჟამად ხდება, შესაძლებელია ის სამი ვარიანტი, რომელსაც ვარაუდობს ბრიტანეთის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი რიჩარდ ბერონსი. პირველი, ავღანეთი იმ სახით ტერიტორიულად, როგორც ის დღეს არის იშლება რამდენიმე სახელმწიფოდ. ჩემი აზრით, ამ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან და ისტორიიდან გამომდინარე ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. ამისათვის ავღანეთის ეროვნული, რელიგიური, ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნება ყველა წინა პირობას იძლევა. მეორე, „საზარელი დაუნდობელი ათწლეულებში გაწელილი პატურ სიტუაციაში წარმოებული სამოქალაქო ომი, რომელშიაც არც ერთ მხარეს არ გააჩნია გადამწყვეტი უპირატესობა და სრული გამარჯვების რესურსი. და როდესაც არვის არ ექნება სურვილი შეწყვიტოს ომი. ეს ათწლეულების სიკვდილი და ტანჯვაა“. აღნიშნავს გენერალი ბერონსი. მესამე, და უკეთესი ვარიანტი რიჩარდ ბერონსის აზრით: „როდესაც თალიბები მიხვდებიან, რომ ძალით საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ, ოფიციალური მთავრობა კი იმას, რომ დაკარგულს ძალით ვეღარ დაიბრუნებს. უნდა ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს ჩართულობით დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი“.

გასაგებია, რომ ავღანეთის ესკალაციის და რადიკალიზმის მუდმივ კერად არსებობა არცერთ ერთ სახელმწიფოს არ უნდა სურდეს, მაგრამ ამერიკის და დასავლური კოალიციის გამოსვლის შემდეგ ეს რამდენად შესაძლებელი იქნება ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლიერებით და სიამაყით აღსანიშნავია ჩვენი ქართველი სამხედროების მრავალწლიანი მისია ავღანეთში, სადაც მათ ასეთი ღირსებით მოკავშირეებთან ერთად შესრულდეს მათზე დაკისრებული ყველა ვალდებულება.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისკავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრისდირექტორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო