ვახო სანაიას ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო

ჟურნალისტ ვახო სანაიას ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზესასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა ის მდგომარეობა, რაც დღეს ჟურნალისტების მიმართ არსებობს ქვეყანაში.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პროცესს კოვიდსიტუაციის გამო ვერ დაესწრო.

“მე პირადად, მოსამართლემ შემიზღუდა სხდომაზე დასწრება, ამიტომ კვალიფიკაციის ნაწილში შემიძლიათ გითხრათ, რაც ამ ეტაპზე ვახო სანაიასგან ვიცი. კერძოდ, მოსამართლემ ბრალდებულები გაამტყუნა ყველა იმ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს, რომ დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს არის ერთგვარად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა, სასჯელის ნაწილში, ვფიქრობ, რომ სასამართლო იყო განსაკუთრებით ლმობიერი. მას შეეძლო, რომ არამხოლოდ ექვსთვიანი სასჯელი შეეფარდებინა, არამედ კარგად შეეფასებინა ის მდგომარეობა, რაც ჟურნალისტებთან მიმართებაში არსებობს, ეს არ გაეხადა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმედ, არამედ ეს ზოგადად პასუხი ყოფილიყო საზოგადოებისთვის იმ ძალადობრივ დამოკიდებულებაზე, რაც მათ აქვთ”, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა