ბათუმს ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ემატება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, ბათუმს ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.

ჩიქოვანის თქმით, ახალი ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, გათბობისა და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი.

„ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსი შევიძინეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და განახლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, გასულ წელს 8 ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ, ახლა კი, 40 ერთეული დავამატეთ. ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, აღჭურვილი გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებული იქნება საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები და რაც მთავარია, ახალი ავტობუსებით მოქალაქეები შეძლებენ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვასრულებთ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებას. უკვე მოეწყო სპეციალური სავალი ზოლები ავტობუსებისთვის, რომლითაც გადაადგილება ასევე შეუძლიათ ველომოყვარულებს. ქალაქის მასშტაბით დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები, მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები. სამომავლოდ, ასევე, განვიხილავთ შუქნიშნების განახლებას. ჩვენი ამოცანაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და ავტობუსების პარკის განახლება“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება. ავტობუსების შეძენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის გზით განახორციელა. ავტობუსების შესყიდვის საერთო თანხა 5 521 595 ევროს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს