ქართული პრესის მიმოხილვა 30.08.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა ლოკდაუნი? მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია...”

ამუშავდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტი 5 სექტემბრიდან

მამუკა ხაზარაძე - “ოცნება” რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ”

ახალი ტენდენცია საქართველოში - ჯარიმა საქორწინო ხარჯების ერთ-ერთი პუნქტი ხდება

რამაზ საყვარელიძე - “დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი?”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა ლოკდაუნი? მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია...”

“ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენ, ყველა, ვიქეცით პოლიტიკური ძალების მძევლებად. ეს ძალები - ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში მყოფი - ცდილობენ, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ და საკუთარ ინტერესებს მოარგონ. გამაოგნებელია ჩვენი პოლიტიკური კლასის დეგრადირების ხარისხი. ასეთივე მიდგომა აქვთ პანდემიისადმიც. მეჩვენება, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შარშანაც ასე არ მოხდა? არჩევნებს შესწირეს სტაბილური ეპიდვითარება და არაერთი ადამიანის სიცოცხლე. იგივე ხდება ახლაც. ასე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში რატომ არ გამოცხადდა ლოკდაუნი? მხოლოდ იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია. ეს რომ არა, დარწმუნებული ვარ, სერიოზულ შეზღუდვებს დააწესებდნენ. გაიძახიან, მკაცრ შეზღუდვებს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებსო, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ - როგორმე არჩევნები მოიგონ”, - აცხადებს ექსპერტი ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოსთვის ტერორისტული და ნარკოტრაფიკის საფრთხე იზრდება...”

“არის მეორე საკითხიც - ჩემი აზრით, არაკეთილსინდისიერად, მეტიც, ცინიკურად იყენებენ ანტივაქსერების სულისკვეთებას. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას. გაჩნდა პოლიტიკური კასტა, რომელმაც პოპულარობა ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ლანძღვით მოიპოვა, არადა, ამ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ყველაფრის ფასად ცდილობს, მართოს ეს საშინელი პანდემია. გასაოცარია მედპერსონალის გმირობის ტოლფასი შრომა! ეს ხალხი, წელიწადზე მეტია, უკიდურესად დაძაბულ პირობებში მუშაობს და მათ დღედაღამ მადლობას უნდა ვუხდიდეთ, მაგრამ ხდება პირიქით - თითქოს ყველაფერი გატეხილ სარკეში ირეკლება. პოლიტიკურ პარტიებს დავუბრუნდეთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ქვეყანასთან დამაკავშირებელი ძარღვი. მე თუ მკითხავთ, ასეთი პოლიტიკური პარტიების გარეშე გაცილებით უკეთ ვიცხოვრებდით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა თემას რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, მათ წინააღმდეგ თითქოს მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც გახდა სერიოზული თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ, რაც ექიმებს დაუჭირა მხარი. რთულია ამ აგრესიული გამოხდომების მიზეზების ზუსტად გარკვევა, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ასეთი ადამიანები არიან ყველა პოლიტიკური წყობის პირობებში. ისინი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობენ. მათი მოქმედება ჩვენ კარგად დავინახეთ 5-6 ივლისს... ეს ჯგუფები ახლა აქტიურად ჩაერთვნენ ანტივაქსერულ მოძრაობაში და კვლავაც გამოირჩევიან აგრესიულობით, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში. მათ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ძალადობრივად გალაშქრება სურთ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს ასე მოიქცევიან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორია მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, რადგან ისინი საბოლოოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან, მას უთხრიან ძირს. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების 2%-ს თუ შეადგენს, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და ამიტომაც ვხედავთ მათ თუნდაც სოციალურ ქსელში ასე ხშირად. მათი ქცევა, ჩემი აზრით, გამოწვეულია არასრულფასოვნების კომპლექსით. მათი განცდა ასეთია: ვერაფერს ვაკეთებ, არაფერი გამომდის, ამაში კი დამნაშავე სახელმწიფოა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“როგორც უკვე ვთქვი, რადიკალური ჯგუფების აქტიურობას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი პასუხი, მაგალითად, ისეთი, როგორიც გაეცათ ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქტივისტებს საფრანგეთში, როდესაც 7000-მდე კაცი დააპატიმრეს. რა მოხდა ჩვენთან? 5-6 ივლისის მოძალადეებიდან 10 კაცამდე თუ დაიჭირეს და საქმე ორგანიზატორების პასუხისგებამდე არც მისულა. სახელმწიფოს ამგვარი მოქმედება მათ არასახელმწიფოებრივ საქციელს უფრო წაახალისებს. გასათვალისწინებელია ერთიც - ამგვარი ჯგუფების გამოყენებას მუდმივად ცდილობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. ძირითადად, ეს ხალხია ის რეზერვი, რომელიც ჩვენში უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროდ, ამგვარი რადიკალური ჯგუფების არსებობას ვერსად გავექცევით, მაგრამ, ვიმეორებ, მათ მოქმედებას ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის პასიურობა ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. უპირველესად უნდა გავიხსენო ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადა, რაც, ჩემი აზრით, დრამატული შეცდომა იყო. ოპოზიციას ჰყავდა და ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოიკოტით მათ მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგეს. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა პარტიებს, რომელთაც სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ისედაც არ აქვთ საკმარისი რესურსი. ცალკე ნაციონალური მოძრაობაც უამრავ შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით - რევოლუციური რიტორიკით და სულ ქუჩის აქციებზე ლაპარაკით. ხალხს უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა. დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად არეულობის შიში აფრთხობს, “ნაცმოძრაობა” კი რადიკალური განცხადებებით სწორედ ამ შიშს ამძაფრებს... დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამონაკლისია გიორგი გახარია. ის სწორად იქცევა, როდესაც პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებულ ნეგატიურ დღის წესრიგს არ უერთდება და ცდილობს, პოზიტიური ნარატივი შემოიტანოს”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, ოქტომბრის არჩევნებში ის ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს. ასევე საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატად. ცხადია და ყველა აღიარებს, რომ კახა კალაძე რეიტინგული ფიგურაა. მოგვწონს თუ არა, მას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. გახარიას კანდიდატმა შეიძლება ვერც გაიმარჯვოს, მაგრამ ვინ იქნება ეს ადამიანი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რა ჰუმანური რესურსი აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. “ქართული ოცნების” ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც მასთან გადავიდნენ, ახალ კადრებად ვერ ჩაითვლებიან. ისინი მაინც ერთ “ქვაბში მოხარშული” ხალხია. საინტერესოა, აქვს თუ არა გახარიას ამ ქვაბის გარეთ კადრების მოძიების რესურსი, პოლიტიკაში ახალი და საინტერესო ადამიანების მოყვანის შნო... ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ორი პარტიის ორთაბრძოლად ქცეული პოლიტიკური თამაში და გამოჩნდეს ძალა, რომელიც მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცევა, ვნახოთ, ამის პერსპექტივა გახარიას ნამდვილად აქვს”, - თვლის რესპონდენტი.

“ქართულ ოცნებას” 43%-იანი მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა, რომ არ გამოჩენილიყო გიორგი გახარია. “ოცნებას” ხმები მხოლოდ მან შეიძლება გაუყოს. გიორგი გახარიას, როგორც ჩანს, კარგა ხნით ადრე უნდოდა “ოცნებიდან” წასვლა, ამიტომ პარტიულ თუ სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმარისად შეიყვანა თავისი ხალხი. თუ ის მოახერხებს და მომავალ არჩევნებში ორნიშნა მხარდაჭერას მოიპოვებს, მას კიდევ არაერთი მოქმედი ჩინოსანი თუ “ოცნების” მხარდამჭერი შეუერთდება. ჩასაძირავად განწირული გემიდან ვინ გარბის პირველად, ხომ იცით... არ არის გამორიცხული, მან საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც მოახერხოს, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი იქნება. თუ “ ოცნებამ” ხმების 43% მიიღო და გახარიასაც შთამბეჭდავი მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა, მაშინ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. გახარიას ხელშია მისი პოლიტიკური წარმატება... მოგეხსენებათ, ჩვენი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა ბოლოდროინდელ არჩევნებზე საერთოდ არ მიდიოდა. ახლა “ოცნება” ცდილობს, ელექტორატის ეს ნაწილი კვლავ არ გააქტიურდეს... ვნახოთ, როგორ მოახერხებს გახარია “ოცნებისთვის” ამაში ხელის შეშლას და მხარდამჭერთა მობილიზებას”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “მასშტაბური ტერაქტი მოხდა ქაბულის აეროპორტში, პასუხისმგებლობა კი “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, რომლის წევრობის ბრალდებითაც საქართველოში გასულ კვირას პანკისის ხუთი მცხოვრები დააკავეს...” - პასუხობს:

“საშინელებაა, რაც ავღანეთში მოხდა.. მხოლოდ ტერაქტს არ ვგულისხმობ, “თალიბანის” რეჟიმის დაბრუნებაა საშინელება. მოჯაჰედები ამერიკელებმა შექმნეს ავღანეთში საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ერთ-ერთი პირველი იყო უსამა ბინ ლადენი... “ისლამური სახელმწიფოც” იმ ჯგუფებიდან შეიქმნა, რომელთაც ამერიკელები ამარაგებდნენ ფულითა და იარაღით ბაშარ ასადის წინააღმდეგ ... ასე რომ, ამერიკის წინდაუხედავი ნაბიჯების შედეგია ეს ყველაფერი. კონკრეტულ მომენტში დგამენ რაღაც ნაბიჯს ისე, რომ არ ფიქრობენ, 10 წლის შემდეგ ეს რა შედეგს მოიტანს... თალიბების მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოძრაობაა ისლამურ სამყაროში. ახლა, ალბათ, სახელმწიფოს აშენებას ეცდებიან, მაგრამ ეს სახელმწიფო გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ირანი. ეს იქნება არნახულად სასტიკი ისლამური რეჟიმი, სადაც შარიათის ყველა მუხლი იქნება დაცული. “ავღანეთში “თალიბანის” გამარჯვებამ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია გაააქტიურა, პირველ რიგში კი “ისლამური სახელმწიფო”. მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და პირდაპირი საფრთხე ახლა არ გვემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე ნარკოტრაფიკის საფრთხე საქართველოსთვის იზრდება”.

ამუშავდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტი 5 სექტემბრიდან

“ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა, კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წინასწარი გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრამდეა განსაზღვრული. უნდა ველოდოთ თუ არა 5 სექტემბრიდან ამ შეზღუდვების შემსუბუქებას ან გაუქმებას, მაგალითად, მინიციპალური ტრანსპორტის ამუშავებას? დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს უახლოესი ერთი კვირის მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული. ბოლო დღეებში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების კლების მიუხედავად, სპეციალისტების უმრავლესობა “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ არსებული ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა და, შესაბამისად, რეგულაციების შემსუბუქებას შესაძლოა ვითარების კრიტიკულად გაუარესება მოჰყვეს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დიდ ქალაქებში აკრძალულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ამუშავდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტი 5 სექტემბრიდან.

“ამ დროის მანძილზე, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. ასევე შეიზღუდა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, ჯერ 23:00 საათამდე დაუშვეს, შემდეგ კი - 22:00-მდე. ამასთან, საჯარო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საბჭომ კერძო დამსაქმებლებს. რას უნდა ველოდოთ 5 სექტემბრიდან და იძლევა თუ არა არსებული ეპიდსიტუაცია ამ შეზღუდვების გაუქმების საშუალებას? მაგალითად, რამდენად შესაძლებელია, რომ საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდეს? დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჯერ ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ. მუნიციპალური ტრანსპორტის 5 სექტემბრიდან ამუშავებაში რისკებს ხედავს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვიცი რას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო, მაგრამ ჯერჯერობით ალბათ მაინც სჯობს, რომ შეზღუდვები ისევ იყოს, რადგან რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. კვირას ახალი შემთხვევების რაოდენობა ორი ათასის ფარგლებში კი დაფიქსირდა, მაგრამ შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება. არსებული ეპიდსიტუაცია რა თქმა უნდა რთულია. ამიტომაც მგონია, რომ ჯერჯერობით ეს შეზღუდვები გაგრძელდება”, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს შეზღუდვები, ამაზე პროგნოზი ეპიდემიოლოგებმა უნდა გააკეთონ, გადაწყვეტილებას კი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პირბადის რეგულარული ტარებისა და ტრანსპორტში განსაზღვრული ოდენობის ადამიანების დაშვების შემთხვევაში, ტრანსპორტის გახსნას წინააღმდეგობა არ შეექმნება”, - დასძენს გამოცემა.

“მაგალითისთვის, ტრანსპორტში თუ 40 ადგილია, თუ ორმოცივე ადამიანი პირბადით იქნება და თუ ორმოცდამეერთე აღარ შევა და ამის კულტურას დავნერგავთ, მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს ძალიან ეჩქარება და “გთხოვ შემიშვიო”, თუ ეს მოხდება, მაშინ ტრანსპორტის გახსნის წინააღმდეგობა არ იქნება. ბოლო 2-3 დღის მონაცემებით ოთხი ათასის ფარგლებში იყო, ოდნავი კლება დაფიქსირდა და სპეციალისტებმა ეს მობილობის დაგდებას დაუკავშირეს. ასევე დაუკავშირეს იმასაც, რომ პირბადეების მოხმარების პროცენტმა მოიმატაო. მახსოვს, როცა 75%-იანი მტარებლობის თამასა იყო, დადებითობის გამოვლენის მაჩვენებელი 1%-მდე დავიყვანეთ. ამის გამოცდილება გვაქვს და თუ ასეთ მაღალ ნიშნულზე ავალთ, დამატებითი რაღაც რგოლის გაჩენა, მაინცდამაინც დასჯა და სანქცირება სწორად არ მიმაჩნია. საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ თუ ადამიანებს აქვს იმისი ნება, რომ პირბადის ტარების მაღალი მაჩვენებელი იყოს და ავტობუსებში გადატვირთვა არ გამოიწვიონ, მე ამ შეზღუდვას მოვხსნიდი. მაგრამ იმისი ნდობა ბოლომდე, რომ ადამიანებმა ეს გაამართლონ, ძნელია”, - მიიჩნევს გამოცემოს კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე და შეკითხვაზე - “რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ტრანსპორტზე შეზღუდვა 5 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს?” - პასუხობს:

“საკოორდინაციო საბჭო შეჯერებულ გადაწყვეტილებას იმ ეპიდმონაცემზე დაყრდნობით იღებს, რაც მანამდე გავიარეთ და რისი მოლოდინიც შიძლება იყოს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ დავინახო, რომ ავტობუსში ყველა სკამი შევსებულია, პირადად რომ მეჩქარებოდეს კიდეც, ტრანსპორტში არ ავალ და იქ სადაც მე დავაგვიანებ, დაგვიანება უნდა მაპატიონ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს ჩვენი კულტურის ნაწილი უნდა იყოს. და მეორე, თუ მუნიციპალური რესურსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სატრანსპორტო საშუალებები დავამატოთ, მეტი ტრანსპორტი იყოს, რადგან შიგნით მეტი ხალვათობა იყოს... ასევე ყველაზე დიდი პლიუსია და მადლობა მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომლებიც აიცრნენ. თუ აცრილია ადამიანი და პირბადეს სწორად იყენებენ, მაშინ მათი მოძრაობაც და დაწესებულებაში ოპერირებაც უფრო გაიოლებულია და ამიტომ ეს ყველაფერი ერთად შეხამებაში რასაკვირველია საბჭოს საშუალებას მისცემდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნას. სხვა შემთხვევაში წავაგებთ”...

მამუკა ხაზარაძე - “ოცნება” რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ”

“ქართული ოცნება” ცრუდაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, არც ერთი დაპირება, არც ეკონომიკური, არც სოციალური და არც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არ შესრულებულა. თუ დააკვირდით, ბოლო არჩევნებზე დაპირებებსაც აღარ იძლევიან, მხოლოდ წარსული 9 წლის ამბებს ახსენებენ ხალხს. ჩვენ იმ 9 წელთან ერთად ისიც გვახსოვს, როგორ დაგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ჩააგდეს. ასევე კარგად გვახსოვს, როგორ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას და მერე როგორ გამოგვიცხადეს, შეთანხმებიდან გავდივართო. ჩაგდებული სასამართლო რეფორმაც გვახსოვს. `ოცნება" ტყუილებზე აგებული პარტიაა”, - აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ” / “ვის სჯერა, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს ორპულუსიანობის დასრულება სურთ? “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” სწორედ ორპოლუსიანობით კვებავენ ერთმანეთს”.

“მიუნხენში გამართული ჩვენი შეხვედრები ვრცელი პროცესია და ემსახურება იმ პირთა სანქცირებას, ვინც ქვეყნის პროგრესს აფერხებენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. მერწმუნეთ, საფრთხე რეალურია. ლაპარაკია კონკრეტული თანამდებობის პირების სანქცირებაზე. მათზე, ვინც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. შესაბამისად, მათი სანქცირებით არათუ დაზარალდება ქვეყნის ინტერესები, პირიქით, გამოსავალიც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ყველა ერთად დავზარალდებით - შეიძლება საქართველოსთვის ეკონომიკურ დახმარებად გამოყოფილი 75 მილიონი ევრო ვეღარ მივიღოთ. ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური დაფინანსება გადაიხედება. რომელი ჯობია, პრევენცია გავაკეთოთ და ქვეყანას ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე ავარიდოთ თუ კონკრეტული თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობასა და მოღალატეობრივ ქმედებებს ქვეყანა გადავაყოლოთ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“პანდემია არაეფექტურად იმართება. ... ჩვენ გვავიწყდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარსულში ნამოქმედარი. შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც გახარიამ ინფიცირების 20 შემთხვევის გამო მთელი ქვეყანა ჩაკეტა. ღარიბაშვილი ადგა და ყველა შეზღუდვა ერთად მოხსნა, მათ შორის პირბადეების ტარების ვალდებულებაც. არათუ ნებართვა გასცეს კონცერტების ჩატარებაზე, არამედ თავადაც დაიწყეს ხალხმრავალი ღონისძიებების დაფინანსება. პირდაპირ გეტყვით, ქვეყნის სახიფათოდ მართვა დაიწყეს. გახარია სხვის შეცდომებზე რომ ბევრს ლაპარაკობს, სად წაიღო პანდემიის დასაწყისში მოზიდული მილიონები? რატომ არის დღეს ჟანგბადის მიწოდებისა და საწოლფონდის პრობლემები? უკვე დღეში 70 კაცზე მეტი გვეღუპება. ეს ხომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის კატასტროფაა?! გაირკვა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც სხვა ყველაფერში, ეპიდემიის მართვაშიც არაკომპეტენტურია. უფრო მეტიც, დამნაშავეა”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორ წარმოგიდგენიათ, უნდა გადაიდოს არჩევნების ჩატარება?” - პასუხობს:

“ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, არჩევნების გადადება ახლა “ქართულ ოცნებას” უფრო აძლევს ხელს. ხშირად დავდივარ რეგიონში და არ შემხვედრია ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ხელისუფლებას ემადლიერება პანდემიის მართვაში ან სხვა რომელიმე ასპექტში. ვინ ენდობა “ქართული ოცნების” შიდაპარტიულ კვლევას? ვინ აქვეყნებს შიდა კვლევებს, თანაც ასე ხშირად?! ყოველივე ეს ადასტურებს, რომ `ქართული ოცნება" პანიკაშია და საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს. შიდა კვლევებს ჩვენც ვატარებთ და კარგი შედეგებიც გვაქვს, მაგრამ საჯაროდ კი არ ვაქვეყნებთ. “ქართული ოცნება” რომ დაუჯერებელ ციფრებს წერს, 2 ოქტომბერს ყველა ვნახავთ”.

“ვის სჯერა, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს ორპულუსიანობის დასრულება სურთ? “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ორპოლუსიანობით კვებავენ ერთმანეთს. ფარსია მათი განცხადებები. მშვენივრად იციან, რომ სწორედ ორპოლუსიან ვითარებაში აქვთ გამარჯვების შანსი, თორემ სხვა შემთხვევაში ვინ დაუჭერს მაგათ მხარს?! ჩვენ რას გავაკეთებთ და როგორ, 2 ოქტომბერს არჩევნებზე ვაჩვენებთ. საზოგადოების მოთხოვნაა პოლიტიკაში პროფესიონალი, სუფთა ხელების მქონე პირების შემოყვანა. ჩვენც ეს დავისახეთ მიზნად. შეიძლება ანა ბიბილაშვილს ბევრი არ იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მოკლე პერიოდში შეძლებს საზოგადოებისთვის თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცებას. თუ ძველი, 30-წლიანი პოლიტიკური წარსულის მქონე სახეების იქით არ წავედით, შორს ვერ წავალთ. არ მესმის, ასე რატომ უნდა მოვიქცეთ, როდესაც საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უამრავი საშუალო ასაკის ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელთაც ძალიან კარგი პროფესიული გამოცდილება აქვთ”, - მიიჩნევს “ლელოს” ლიდერი.

“ჩვენ ასევე გვსურს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩავრთოთ პოლიტიკაში. ანას შემდეგ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ეკა ქვლივიძე, სამხედრო მფრინავი, მებრძოლი, სამშობლოს უზომოდ მოყვარული ქალი. აი, ამ ხაზის გაგრძელებას ვაპირებთ. რაც შეეხება კონკურენციას, შიშსა და უიმედობას არ უნდა ავყვეთ. ამ პრინციპით ვერასდროს ვერაფერს შევცვლით. მე მაქვს ჩვენი გუნდის კანდიდატების იმედი. დებატებში კარგად გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტული ხედვა და ვის შეუძლია საქმის კეთება. პოლიტიკაში საქმიანი ხალხის შემოყვანის დროა, ოცნებების დრო აღარ გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” დამარცხება, ოპოზიციის გამარჯვება და რეფერენდუმის ჩატარებაა. “ლელომ” ამ საქმეში უდიდესი შრომა ჩადო შარლ მიშელის დოკუმენტის სახით. სამწუხაროა, რომ დღეს ამ დოკუმენტზე ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ისევ არა აქვს ხელი მოწერილი. იმედია, აზრს შეიცვლიან და ხელს მოაწერენ... რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრას, ვინც ამ შეხვედრის შემდეგ მიშელის “ტვიტს” და ღარიბაშვილის მიწერილ პასუხსაც ნახავს, სადაც წერია, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს 19 აპრილს დადებული შეთანხმების შესასრულებლად, მისთვის ყველაფერი ცხადი გახდება...” - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ახალი ტენდენცია საქართველოში - ჯარიმა საქორწინო ხარჯების ერთ-ერთი პუნქტი ხდება

“რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, მოქმედი აკრძალვის მიუხედავად, ტრადიციული ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა და ქორწილის ორგანიზატორებს ბიუჯეტში, სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, მასობრივი შეკრებისათვის დაწესებული ჯარიმაც ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩაჩუამ გაავრცელა, სპეციალისტები შემაშფოთებელი ტენდენციის დასაწყისად მიიჩნევენ. ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვების დროს გაუქმებული ჯარიმები კვლავ გაუქმდება და სწორედ ეს მოლოდინი უბიძგებთ მათ მსგავსი კანონდარღვევებისკენ. “არ მიკვირს, რომ მსგავსი რამ მოხდა ან კიდევ მოხდება. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და კვლავ ჰგონიათ, რომ ჯარიმებს გაუუქმებენ”, - თქვა მან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჯარიმა საქორწინო ხარჯების ერთ-ერთი პუნქტი ხდება - ახალი ტენდენცია საქართველოში.

“ხმალაძე თვლის, რომ ქვეყანაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მოსახლეობა კი ისეთი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი ქმედებებით, როგორებიცაა დიდი სუფრები და მასობრივი თავშეყრა, ვირუსის გავრცელებას ეხმარება. “საქართველოში ისეთი მრავალსტუმრიანი ქორწილები იციან, რომ ახლანდელი ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდებათ. გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ ეს თანხა ისე გაიზარდოს, რომ გადახდა ვერ შეძლონ ან დამრღვევი ობიექტები ისეთი ვადით დაილუქოს, რომ აღარ უღირდეთ ქორწილების გადახდა”, - თვლის ხმალაძე. იგი მოსახლეობის ამ ნაწილს იმ სტუდენტებს ადარებს, ვისაც უპასუხისმგებლობით საგანი ჩაუბარებელი რჩებოდათ, შემდგომ კი ფულს იხდიდნენ... “ადამიანები თანახმა არიან, სტუდენტებივით გადაიხადონ თანხა. უბრალოდ, აქ გაურკვეველია, რას აგროვებენ - მეტ დაინფიცირებულს?”, ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით, “აგროვებდე თანხას ქორწილის ჯარიმისთვის - ამ ყველაფერს სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა“, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძის თქმით, ახლანდელი კოვიდპანდემიის ფონზე, ქორწილში ფულის გადახდა სიკვდილში ფულის გადახდაა... “წარმოუდგენელია, ქვეყანაში ასეთი რთული ეპიდსიტუაცია იყოს და შენ ქორწილის გადახდის სურვილი გქონდეს. ახლა ქორწილის გადახდა მეტი გარდაცვლილისა და უმართავი კლასტერების მომცემია, რადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის“, - განაცხადა კახაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ამჟამად ე.წ. “მწვანე კუნძლების” კონცეფციაზე მუშაობს, რაც კოვიდუსაფრთხო სხვადასხვა ობიექტის ფორმირებას გულისხმობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სწორედ ამიტომ გამიჩნდა ინიციატივა - “მწვანე კუნძულის” სტატუსის მინიჭება ობიექტებისთვის, რომლებიც დაცულ დისტანციას, განსაზღვრული ადამიანების რაოდენობასა და ვაქცინირებულ პერსონალს გულისხმობს. ამ იდეამ მოწონება დაიმსახურა და ჩვენ ვმუშაობთ, რათა შესაბამის დაწესებულებებს მივცეთ “მწვანე კუნძულის” სტატუსები. შემდეგ უკვე მოსახლეობას შეეძლება იქ საახლობლო წრეში პატარა ღონისძიების გამართვა, მანამდე კი ყველას მოთმინება გვმართებს”, - აღნიშნა კახაძემ. მისთვის გაუგებარი და მიუღებელია იმ რესტორნების მეპატრონეთა პოზიცია, სადაც ხალხმრავალი შეკრებები აკრძალვის მიუხედავად მაინც იმართება”, - დასძენს გამოცემა.

“მე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას, რად უღირთ რესტორნის მეპატრონეებს ამ წინადადებაზე დათანხმება? ეს ყველაფერი ხომ ვირუსის ხელშეწყობაა და მეტი არაფერი... მე ყოველთვის მიყვარდა ადამიანების გონიერებაზე მინდობა, რასაც, სამწუხაროდ, ამ ქმედებებში ვერ ვხედავ. მოსახლეობა ახლა დროს მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში უნდა კარგავდეს და არა სიკვდილიანობისა და ინფიცირების ხელშეწყობაში. ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ მათი წილი პასუხისმგებლობა, დაიცვან საკუთარი თავი, გარშემო მყოფნი, ქვეყანა და შემდეგ უკვე შევძლებთ, მსოფლიოს ხელი შევუწყოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლადო კახაძე.

რამაზ საყვარელიძე - “დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი?”

“მე არ ვიზიარებ ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” კვლევის შედეგები კაბინეტებში დაწერა, ანუ გააყალბა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ 47% დიდად არ განსხვავდება იმ შედეგისგან, რაც “ქართულ ოცნებას” დღემდე ჰქონია სხვადასხვა არჩევნებში... “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” გამუდმებით ხმალაობენ, მაგრამ უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ. მე მეჩვენება, რომ ეს კვლევაც ორპოლუსიანი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება. ნახეთ, რა უცებ დაწინაურდა რეიტინგებში `გირჩი - მეტი თავისუფლება” - ბოლო დროს ჯაფარიძე თითქმის არ ჩანდა ტელეეკრანებზე, არ იყო აქტუალური. რამ გამოიწვია მისი რეიტინგის გაზრდა, გაუგებარია. მასზე ბევრად აქტუალურია გახარიას პარტია, რომელსაც “ოცნების” რეიტინგებში ჯაფარიძის “გირჩმა” გაასწრო...”, - აცხადებს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთხანს მიჯირყვნა იყო ძალიან მოდური, ახლა მაზაკვალია” / “დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი?”

“... ისე გამოდის, რომ “ოცნება” ახლა მხოლოდ გახარიას გუნდს დევნის და არ გამიკვირდება, რომ ამას მიზეზიც ჰქონდეს. მაგალითად, არ გამიკვირდება, რომ “ქართულ ოცნებას” გახარიასი ეშინოდეს. ნახეთ, “ნაცმოძრაობის” ან “გირჩის” ამომრჩეველი “ოცნების” ხმებს არ წაიღებს. “გირჩს” თავისი სპეციფიკური, ახალგაზრდა ამომრჩეველი ჰყავს, “ნაცმოძრაობას” კი სააკაშვილის მოყვარული... 2012 წელს “ოცნებას” ხმა ძალიან ბევრმა სააკაშვილის მიუღებლობის გამო მისცა. დღეს ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი “ქართულ ოცნებაზეა” განაწყენებული და დიდი შანსია, რომ გახარიამ ის მიიმხროს. “ოცნების” ლიდერებმა გახარიას სახით რეალური საფრთხე რომ დაინახეს, ამიტომაც სცადეს მისი “ნაციონალური მოძრაობის” პროექტად გასაღება... რაც შეეხება “მაზაკვალ მოღალატეს”, საინტერესო სიტყვები შემოდის ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, ერთხანს მიჯირყვნა იყო ძალიან მოდური, ახლა, როგორც ჩანს, მაზაკვალს ავიტაცებთ. იცით, მე რა მაინტერესებს? დღემდე რატომ ვერ ამჩნევდა გახარიას მაზაკვალობას ღარიბაშვილი? გახარიამ თანამდებობა და პარტია რომ დატოვა, მაშინ არ უთქვამს ღარიბაშვილს არაფერი, არც მას შემდეგ, ახლა რამ იმოქმედა მასზე? წულუკიანს რომ გაეკრიტიკებინა გახარია, არ გამიკვირდებოდა, რადგან გუნდიდან წასვლისთანავე გააკრიტიკა, აი, ღარიბაშვილის ამბავი კი ნამდვილად მიჩენს კითხვებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ მგონი, ეს საარჩევნო ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია. როგორც ჩანს, გუნდში მიიჩნევენ, რომ გახარიას გაუვნებლებაა საჭირო. ისევე, როგორც ფიქრობენ, რომ საჭიროა შიდა კვლევების ხშირ-ხშირად გამოქვეყნება და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა. თავის დროზე, ალბათ, ამავე ჯგუფის მოთხოვნა იყო ივანიშვილის მიერ განცხადების გაკეთება და მკვეთრად დაფიქსირება, რომ გახარია მისი პროექტი არ არის. რაც შეეხება ასეთ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რთული როლი იტვირთა “ოცნებამ” - რაღაც შეზღუდვები შემოიღო, მაგრამ ისეთი ბუნდოვანია, არა მგონია, დიდი შეღავათი იყოს. აღსრულების მექანიზმის ამუშავება და მეტი სიმკაცრეა საჭირო... გულწრფელად გეტყვით - ღარიბაშვილი ბევრი რამის გამო ძალიან მომწონს: ენერგიული, საქმიანი და პრინციპულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პანდემიის მართვის მისეული ხედვა სრულიად გაუგებარია”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“არჩევნების გადადებაზე რომ არ თანხმდება, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლის. სამაგიეროდ, გაურკვეველია, რატომ არ ამკაცრებს დაწესებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმებს, რატომ აქვს მიშვებული ყველაფერი. ასეთი დამოკიდებულება “ქართული ოცნებისთვის” წამგებიანია არა მარტო იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ამის გამო პასუხისმგებლობას დააკისრებენ, არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება სწორედ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ნებიერი ამომრჩეველი ჰყავს, არ გარისკავს საარჩევნო უბანზე გასვლას. მოგვწონს თუ არა, “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო ერთგული და თავდადებული ამომრჩეველი ჰყავს. შეიძლება სწორედაც ეს არის სააკაშვილის მოწოდების მიზეზი, არავითარი გადადება, ახლა ჩატარდეს არჩევნებიო... უნდა ითქვას ერთიც - თუ გავითვალისწინებთ მძიმე პანდემიურ ვითარებას, შეიძლება პოლიტიკურ ლიდერებს ყველაზე მეტად ხალხის საარჩევნო უბნებზე მიყვანა გაუჭირდეთ ”, - დასძენს საყვარელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა