ირაკლი შიოშვილი და ლევან მეხუზლა კახეთში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა სოფელ აკურაში სახელმწიფო ღვინის ქარხანა "აკურაში" იმყოფებოდნენ და დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
"ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე ვაკვირდებით ყურძნის ჩაბარების პროცესს, რათა შეუფერხებლად წარიმართოს ეს პროცესი, წუხელ რიგები რეგულირებული იყო. დადგენილი ფასების მიხედვით ფერმერები აბარებენ დაზიანებულ მოსავალს დაუყოვნებლივ. არცერთი გრამი დაზიანებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება", - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა.
"2 დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება. დღეს დილისთვის, წუხანდელი ღამის შემდგომ, უკვე ჩაბარებულია 1300 ტონა თეთრი ყურძენი, რომელიც შეადგენს დაახლოებით ორ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებას და ჩაბარებულია ასევე 900 ტონამდე საფერავი, როგორც ცნობილია, დასეტყვილ საფერავს სახელმწიფო იბარებს 1 ლარად", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
























