კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მხარდაჭერაზე უარის თქმა და მისი გავლენის სფეროდან გამოსვლა საქართველოსთვის ნიშნავს არა მარტო რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენას, არამდე მოსკოვის გავლენის სფეროში აღმოჩენას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღებაზე ხელისუფლების მიერ უარის თქმა, ყველაზე აქტუალური განხილვადი თემაა.

ფაქტია, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური შემადგენელი. მოდით ჩვენი საუბარი პოლიტიკური შემადგენლით დავიწყოთ. თქვენ როგორ აღიქვით და როგორ შეაფასებთ მომხდარის პოლიტიკური შემადგენელი?

- ერთი შეხედვით თითქოს უცნაური გადაწყვეტილებაა, რადგან არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს ოდესმე უარი ეთქვა ევროკავშირის დახმარებაზე. ფაქტია, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს უარი ევროკავშირის დახმარებაზე.

ერთადერთი, ვინც მახსენდება რომ უარი თქვა ევროკავშირის დახმარებაზე ბელორუსი და რუსეთია, მაგრამ მათ საერთოდ უთხრეს უარი ევროკავშირს რამე სახის დახმარებაზე. გასაგებია, რომ იქ იყო პოლიტიკური მიზეზი. ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარკვეულ პირობითობას, ანუ იმას, რომ არც მინსკს და არც მოსკოვს არ უნდოდათ იმ პირობების შესრულება, რაზეც გაიცემოდა დახმარება. მათ არ უნდოდათ თავიანთ შიდა პოლიტიკაში დამოკიდებული ყოფილიყვნენ ევროკავშირზე.

როდესაც უარს ამბობ ევროკავშირის დახმარებაზე, რომელსაც მოჰყვება გარკვეული პირობები, ყოველთვის უნდა იყოს ის მიზეზი, რომ არ გინდა შეასრულო ის პირობები, რასაც ევროკავშირი ითხოვდა. ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი ითხოვდა სასამართლო რეფორმის სრულად გატარებას, რაც საქართველოში არ გაკეთდა.

როდესაც უარს ამბობ ევროკავშირის დახმარებაზე, რომელსაც მოჰყვება გარკვეული პირობები, ყოველთვის უნდა იყოს ის მიზეზი, რომ არ გინდა შეასრულო ის პირობები, რასაც ევროკავშირი ითხოვდა. ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი ითხოვდა სასამართლო რეფორმის სრულად გატარებას, რაც საქართველოში არ გაკეთდა

რამდენადაც ვიცით, იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ფიქრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი გეგემავდა მაკროფინანსური ტრანშის მეორე ნაწილის საქართველოსთვის შეჩერებას.

- ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ დაასწრო ევროკავშირს ამ ტრანშზე თავად ეთქვა უარი...

- დიახ. საქმე იმაშია, რომ მაკროფინანსური ტრანშის მეორე ნაწილის საქართველოსთვის ევროკავშირს უნდა გამოეყო სექტემბრის 30 რიცხვამდე. ანუ არჩევნების წინ გახდებოდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს არ გამოუყო ტრანშის მეორე ნაწილი - 75 მილიონი ევრო.

როგორც ჩანს მთავრობაში კარგად დაითვალა, რომ ეს გავლენას იქონიებდა არჩევნების შედეგებზე.

- ამ თემაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა - „თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდათ.“ გაქვთ იმედი, რომ კრამონის ამ განცხადებას ხელისუფლება გაიგებს?

- ხელისუფლებას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის ტრანშის მეორე ნაწილზე უარის თქმის შესახებ განცხადება ხელისუფლებას კარგად ჰქონდა გათვლილი და გააზრებული. საქმე იმაშია, ამას კარგად გაიგებს თუ არა მოსახლეობა.

ევროკავშირის ტრანშის მეორე ნაწილზე უარის თქმის შესახებ განცხადება ხელისუფლებას კარგად ჰქონდა გათვლილი და გააზრებული. საქმე იმაშია, ამას კარგად გაიგებს თუ არა მოსახლეობა

მოსახლობისთვის იყო მიწოდებული ინფორმაცია, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება 75 მილიონი ევრო. მაგრამ, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არ სჭირდებოდეს შეღავათიანი სესხი. თან იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს დაგროვილი, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში. მხედველობაში მაქვს უმუშევართა რაოდენობა, უმძიმესი სოციალურ ფონი და როცა გვაქვს სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდია შესული, მაინც საეჭვო მიზეზია იმისთვის, რომ უარი გვეთქვა ევროკავშირის მორიგ ტრანშზე. 1 მილიარდი ლარი არ არის იმ ოდენობის თანხა, რომ უარი გვეთქვა ევროკავშირის შეღავათიან სესხზე.

- ეკონომიკურ ნაწილს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით. მანანდე რამდენიმე დეტალი მინდა დავაზუსტო. ქალბატონმა ნატა საბანაძემ, რომელიც 8 წელი საქართველოს ელჩი იყო ევროკავშირში განაცხადა - „მომხდარი „ბრიუსელსა და საქართველოს“ შორი ურთიერთოებების გაცივებას გამოიწვევს“.

ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ამ თემაზე მსჯელობისას უფრო შორსაც წავიდა და თქვა, - „მომხდარი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ღიად ამბობს უარს არა მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, არამედ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთს ამბობს, მაგრამ რეალურად საპირისპირო ნაბიჯებს დგამს“.

რამდენად მართებულია მტკიცება, რომ „ბრიუსელთან ურთიერთობები გაცივდება“, ან ის, რომ ხელისუფლებას დეკლარირებული კი აქვს პროდასავლური კურსი, მაგრამ, რეალურად საპირისპირო ნაბიჯებს დგამს?

- მომხდარი ბრიუსელთან ურთიერთობების გამწვავებას გამოიწვევს, მაგრამ ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, როცა „ქართული ოცნება“ გამოვიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. ამან არა მარტო ევროკავშირთან, არამედ ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება.

19 აპრილის შეთანხმებაში იყო ჩადებული გარკვეული პირობები, მასზე უარის თქმის შემდეგ დაიწყო ევროკავშირსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობების რეალურად გაცივება.

რამდენად შორს წავა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებული გაცივების პროცესი, ძნელი სათქმელია, რადგან ჯერჯერობით ხელისუფლება უარს არ ამბობს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, მაგრამ უნდა ერთდროულად უნდა ორი კურდღლის დაჭერა - არჩევნები მოიგოს, ამისთვის რა დასჭირდება გააკეთებს, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპული ინტეგრაციის სულისკვეთებას და შეინარჩუნოს ხელისუფლება, მეორე მხრივ ევროპული ინტეგრაციის გზა დარჩეს, როგორც დიადი მიზანი, რომელსაც მიჰყვება საქართველო და მისი ხელისუფლება მიჰყვება.

რამდენად შორს წავა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებული გაცივების პროცესი, ძნელი სათქმელია, რადგან ჯერჯერობით ხელისუფლება უარს არ ამბობს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე

ამ ეტაპზე მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარია არჩევნებში გამარჯვებას ხელი არაფერმა არ შეუშალოს. თან ევროკავშირისგან არ ჰქონდეთ ზეწოლა იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ნაკლები ვერ მიიღო და ევროკავშირს მათთან არ ჰქონდეს პრეტენზიები ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხში, ანაც თუნდაც სასამართლო სისტემაში რეფორმის სრულად განხორციელებაზე.

ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ხელისუფლებისთვის ხელისშემკვრელი რამ იყო, ამიტომ შეეცადა იგი არ ყოფილიყო დამოკიდებული ევროკავშირზე. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მაკროფინანსური დახმარების მემორამდუმს.

19 აპრილის შეთანხმებაში ჩადებული იყო სასამართლო სისტემის სრულად განხორციელება. „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა და მას აღარ სცნობს. მაკროსაფინანსო დახმარება ითვალისწინებდა იმ პირობების შესრულებას, რა პირობითაც მას გვაძლევდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ვალდებულებებიც ევროკავშირის წინაშე მოიშორა. მართალია ეს ქვეყანას დაუჯდა 75 მილიონი ევრო, მაგრამ მას ევროკავშირთან ვალდებულებები აღარ აქვს. ამიტომ, ახლა ევროკავშირიც ვეღარ იტყვის, რომ საქართველომ დაარღვია პირობა.

სასამართლოში რეფორმის გატარებაზე უარი თავად ხელისუფლებამ თქვა. ახლა ბევრი ვხდება თუ რა იყო მაკროსაფინანსო სესხზე უარის თქმის მიზეზი. ეს დააზიანებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მმართველ გუნდში ჩათვლიან, რომ ეს ზიანი იქნება ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს არ იტყოდნენ ამ სესხის მეორე ნაწილზე.

- როდესაც ჩვენ ბოლოს ვისაუბრეთ ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მთელ პაკეტზე, მახსოვს თქვენ აღფრთოვანებული საუბრობდით იმაზე, რომ 10 წლის მანძილზე საქართველოში 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესი მიიღებდა დახმარებას ევროკავშირისაგან.

გასაგებია, რომ სესხის მეორე ნაწილის ტრანში ამას არ ეხება, მაგრამ თუ ასე გავაგძელეთ ურთიერთობა ევროკავშირთან, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირმა თავად თქვას უარი ეკონომიკური დახმარების იმ პაკეტზე, რომლითაც საქართველოში 80 ათასს ბიზნესსუბიექტს უნდა მიეღო დახმარება?

- რაც შეეხება უფრო დიდი თანხების მობილიზებას, რაზეც იყო საუბარი, იქ სხვა სახის დაფინანსებაა, იქ არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარება, ამაზე უარის თქმაზე საუბარი არ ყოფილა.

მაგრამ, ახლა სხვა მხრიდან რომ შევხედოთ - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გამოვიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, შესაძლოა ევროკავშირმა გადაახალისოს თავი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ევროკავშირის ინტერესებშია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დასრულება.

შესაძლოა მათ ეს პროექტები არ შეჩერონ, მაგრამ შეიძლება შეამცირონ ის დახმარება, რომელიც აქამდე იყო ნავარაუდევი. მაგალითად, 2-3 მილიარდი დოლარის ნაცვლად მივიღოთ 1, 5 მილიარდი.

ევროკავშირთან დამოკიდებულებაში ხელისუფლების მხრიდან ასე ცალმხირვად გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობამ ეს გადაწყევტილება ისე გამოაცხადა, ევროკავშირმა არც იცოდა. კონსულტაციები მაინც ჩაეტარებინათ. გასაგებია, რომ მთავრობას ევროკავშირთან ამ ტიპის კონსულტაციები არ სჭირება, მაგრამ მომავალში ხომ მაინც დასჭირდება.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ურთიერთობაში უკვე მეორეჯერ დაუშვა შეცდომა. ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღო ცალმხრივად, ევროკავშირთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე

- მომხდართან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის საელჩოს საკმაოდ ვრცელი და კონკრეტული განცხადება მოვისმინეთ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ განცხადებამ და თქვენი დაკვირვებით ამის შემდეგ სავარაუდოდ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ მხარეებს?

- ევროკავშირის საელჩოს ტექსტიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ევროკავშირი ისედაც გეგმავდა იმას, რომ სექტემბრის ბოლოს არ მიეცა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო ტრანშის მეორე ნაწილი. ისიც გამოჩნდა, რომ ისინი ინფორმირებული არ იყვნენ იმის თაობაზე, რომ მასზე საქართველო უარის თქმას ასე ხისტად აპირებდა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ურთიერთობაში უკვე მეორეჯერ დაუშვა შეცდომა. ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღო ცალმხრივად, ევროკავშირთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე.

ევროკავშირთანქართული ოცნებისარადიპლომატიური თამაშებს ნელნელა მივყავართ იმ დასკვნამდე, რომქართულ ოცნებასევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა უნდა კიდეც, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია... საქართველოს ევროკავშირზე არდამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველს თავად ვიშორებთ

სანამ 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდი გამოვიდოდა, ამის თაობაზე ევროკავშირი არანაირად საქმის კურში არ ჩაუყენებიათ. მეტიც, მათთან არც კონსულტაციები არ გაუმართავთ. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს ცივი წყალი გადაასხა. ზუსტად ასე მოხდა მაკროსაფინანსო სესხზე უარის თქმაც.

თუ ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მათ შეეძლოთ ამის რბილად მაინც გაკეთება. ის მაინც ეთქვათ, რომ სესხი შესაძლოა ახლა არ სჭირდებათ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დახმარებით ისარგებლებდნენ.

- რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირთან ამგვარი არადიპლომატიური თამაშები?

- ევროკავშირთან „ქართული ოცნების“ არადიპლომატიური თამაშებს ნელნელა მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა უნდა კიდეც, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

ასე იწყებოდა ურთიერთობების დაძაბვა ბელორუსთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან. ნელნელა ქვეყანა აჩვენებს, რომ არ უნდა დამოკიდებული იყოს ევროკავშირზე. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ევროკავშირზე არდამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველს თავად ვიშორებთ.

ბელოსრუს ისედაც არ ჰქონდა არანაირი მოტივაცია უფრო ღრმა ურთიერთობები ჰქონოდა ევროკავშირთან, რადგან ამ ქვეყნის უმეტესებას პრორუსული განწყობები აქვს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას უზარმაზარი შემოსავლები აქვს გაზისა და ნავთობის ექსპორტისაგან, რაც მას ეკონომიკურად აბსოლუტურად დამოუკიდებელ ქვეყნად აქცევს.

რაც შეეხება საქართველოს. ევროკავშირის მხარდაჭერაზე უარი თქმა და მისი გავლენის სფეროდან გამოსვლა ნიშნავს არა მარტო რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენას, არამდე მოსკოვის გავლენის სფეროში აღმოჩენას.

საქართველოს მწირი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ამიტომ ევროკავშირის და აშშ-ს დახმარებისა გარეშე დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს.

თუ საქართველოს მხარდაჭერები ევროკავშირი და ამერიკა არ იქნებიან, ჩვენ ავტომატურად აღმოვჩნდებით რუსეთის კლანჭებში. ევროკავშირისა და აშშ- ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს

- ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თავის საშინაო საქმეებში ევროკავშირის ჩართულობაზე უარის თქმის გზა რუსეთმა გაიარა და შედეგად ქვეყანამ მიიღო რუსული მმართველობის „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელი.

ჩვენც ამ გზას ხომ არ დავადექით?

- არაა გამორიცხული, რომ ასეთი აზრები სამთავრობო უწყებებში ტრიალებდეს და ვინმეს თავში ჰქონდეს, თუმცა ამის დეკლარირებას ვერ ბედავენ. მე ახლა სხვა რაღაცას მინდა მივაქციო ყურადღება - თუ ვინმეს თავში ასეთი აზრები იხარშება, კარგად უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არც ბელორუსია და არც აზერბაიჯანია. ორივე ქვეყანას გააჩნია უფრო მეტი რესურსი იმისთვის რომ მისმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს.

საქართველო მხოლოდ თავის რესურსებით ამგვარი პოლიტიკის გატარებას ვერ შეძლებს. ვერც სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს და ვერც მდგარად განვითარებას.

რაც შეეხება რუსეთს, მას ასევე აქვს დიდი შემოსავლები გაზისა და ნავთობის ექსპორტისაგან. რუსეთი მხოლოდ იმიტომაა გათამამებული და უარს ამბობს საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, მსოფლიოში არავის არ უწევს ანაგარიშს, რომ თავად არის თვითკმარი.

საქართველო არ არის თვითკმარი ქვეყანა, ამიტომ მას გვერდიდან ვინმეს მხრიდან დახმარება და ვინმესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა.

თუ საქართველოს მხარდაჭერები ევროკავშირი და ამერიკა არ იქნებიან, რომლებიც ჩვენ დიდი ხანია გვეხმარებიან რომ ჩვენ მართლა თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, რისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, მაშინ ჩვენ ავტომატურად აღმოვჩნდებით რუსეთის კლანჭებში. ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს.

ალბათ ხელისუფლება ფიქრობს რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ იმაზე ფიქრს როგორ გამოასწორონ ურთიერთობები ევროკავშირთან. არა მგონია მმართველ გუნდას აწყობდეს რუსეთისკენ სვლა, იმიტომ რომ მათ ამის უფლებას ხალხი არ მისცემს

- ბრძანებთ, რომ ხელისუფლებაში ყველაფერი კარგად ესმით და იციან.

ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი ხელისუფლებას ესმოდეს და რეალურად საპირისპირო ნაბიჯებს დგამდეს...

- ჩემი აზრით, მთავრობაში ყველაფერი ძალიან კარგად ესმით, მაგრამ ახლა არჩევანის წინაშე დგანან - მათ უნდათ ადგილობრივ არჩევნებში მოიპოვონ გამარჯვება, თან ისე, რომ არ ჰქონდეთ რაიმე ვალდებულება ევროკავშირთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. არავინ იყოს ისეთი, ვინც მასზე განახორციელებს ზეწოლას. ეს არის ხელისუფლების ამოცანა.

რაც შეეხება მომავალს, ალბათ ხელისუფლება ფიქრობს რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ იმაზე ფიქრს როგორ გამოასწორონ ურთიერთობები ევროკავშირთან. არა მგონია მმართველ გუნდას აწყობდეს რუსეთისკენ სვლა, იმიტომ რომ მათ ამის უფლებას ხალხი არ მისცემს.

საქართველოს მოსახლეობა მმართველ გუნდს ჯერჯერობით პატიობს ამგვარ ნაბიჯებს, რადგან მას იმედი აქვს, რომ ქვეყანა მართლა ევროკავშირისკენ მიდის. თუ საქართველოში დაიწყება ის პროცესები რაც ბელორუსში იყო, ქვეყნის მოსახლეობა არ გაჩერდება და ამას საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ აპატიებს.

ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ესმის და ახლა რასაც აკეთებს ეს მანევრია და ფიქრობს რომ არჩევნების შემდეგ შეძლებენ ევროკავშირთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების დასტაბილურებას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს