ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ

ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭიათურაში განაცხადა, სადაც, რეაბილიტირებული საბაგირო დაათვალიერა.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოწვეული ჰყავდა ფრანგული კომპანია „პომა“, რომელმაც სამუშაოები შეასრულა.

„ეს არის უნიკალური პროექტი ჩვენი ჭიათურისთვის და ჭიათურელებისთვის. 2 კვირაა, რაც საბაგირომ მუშაობა დაიწყო და უკვე 20 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა აქ, რომლებმაც საბაგიროთი ისარგებლეს. ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ და ავაშენეთ ახალი საბაგირო, რომელიც დაჯდა 55 მილიონი ლარი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს ძალიან წარმატებული, ეფექტური სამუშაოსთვის, ასევე საფრანგეთის საელჩოს, ბატონ დიეგო კოლასს, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ფრანგულ კომპანია „პომას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მათივე ცნობით, ახალი საბაგირო გზები ჭიათურაში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით აშენდა და პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა.

„პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ ,,პომამ", საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. საბაგირო გზების მშენებლობაზე, ქართულ კომპანიასთან ერთად, მუშაობდნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის" და ,,პომას" სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისათვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით - სანატორიუმი, ნაგუთი, ლეჟუბანი და მუხაძე. ახალი საბაგირო გზის ოთხივე მიმართულება უკვე შესულია ექსპლოატაციაში და ემსახურება მოსახლეობას. საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო. ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა. ჭიათურის ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით დღეში დაახლოებით 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს