ომბუდსმენი - თუ შსს და პროკურატურა გვერდზე გადადებს მტკიცებულებებს და იტყვის, რომ არ არსებობს დევნის დაწყების საფუძველი, ნამდვილად შექმნის განცდას, რომ ხელისუფლება 5-6 ივლისის საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს

თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საგამოძიებო ორგანო და პროკურატურა, როგორც დევნის ორგანო გვერდზე გადადებს მტკიცებულებებს და იტყვის, რომ მაინც არ არსებობს დევნის დაწყების საფუძველი და თუ ეს არ იქნება დასაბუთებული პასუხი, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ნამდვილად შექმნის განცდას, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ წაახალისა, არამედ დღეს უკვე ხელს აფარებს კონკრეტულ პირებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მის მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ლომჯარია გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ „პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია, როდესაც 31 ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული“.

ომბუდსმენის განმარტებით, იმ პირებიდან, ვისაც ამ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი, არცერთია ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მაშინ, როდესაც ადამიანები პასუხისგებაში ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობისთვის არიან მიცემული.

„საინტერესოა, როდესაც 30-მდე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული და მათ შორის ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობისთვის, რასაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რატომ ვერ ხედავს საგამოძიებო ორგანო ამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებს მაშინ, როდესაც ზედაპირზეა ეს მტკიცებულებები. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კიდევ მეტი მტკიცებულება. როგორც საგამოძიებო ორგანოს, გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვაქვს - საკმარისი ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილებდა ბრალის სტანდარტს ორგანიზატორების მიმართ. ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, არიან მონაწილეები, თუმცა არცერთი პირი არ არის გასამართლებულლი მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რაც, ბუნებრივია, გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელები, წამქეზებლები, ორგანიზატორები. ამ ადამიანების როლი გამოძიებას გამოკვეთილი არ აქვს და ნაკლებად არის დაინტერესებული ამ ყველაფრით“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის, ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება უნდა წაუყენონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა