თელავში Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავში Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავის მერიის განცხადებით, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი, ზვიად ყიფიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი.

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და უკანასკნელი, რაც დაიკეტება. ვირუსის გადაცემის რისკის ადგილობრივ დონეზე შეფასება უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი სასკოლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას", -აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახეთში მასწავლებლებმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს.

ვაქცინაცია დაიცავს მასწავლებლებს ვირუსისგან, მისცემს ბავშვების პირისპირ სწავლების საშუალებას და ხელს შეუწყობს სკოლების გახსნას.