ნიკოლოზ ვაშაკიძე - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კამიკაძეა

ინტერვიუ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან

- როდესაც არჩევნებამდე დარჩა ერთ თვეზე ნაკლები და თბილისის მერობის ყველა კანდიდატი უკვე ცნობილია, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, საით მიდის პოლიტიკური პროცესი?

- ახლა სწორედ ის სიტუაციაა შექმნილი, როცა რეალურ პროგნოზირებას ვერავინ შეძლებს და გამოკითხვებიც არასანდო შედეგებს იძლევა. საქართველოს ელექტორატს აქვს თვისება, ზოგჯერ დააგროვოს ისეთი განწყობა, რომელიც კლასიკური სოციოლოგიური კვლევებით არ იკითხება და უშუალოდ არჩევნების პროცესში გვევლინება სიურპრიზის სახით. რაღაც მსგავსი ვითარება იგრძნობა ახლაც და ეს ამ არჩევნებს საგრძნობი ინტრიგის განცდას ანიჭებს. მთავარი კითხვა აქ ისაა, გამოავლენს ამომრჩეველი ამ არჩევნების მიმართ აპათიას და ინდიფერენტულობას, თუ მიუდგება მათ როგორც რეფერენდუმს და გამოუტანს ვერდიქტს “ქართულ ოცნებას”. პირველ შემთხვევაში, ხელისუფლება იოლად შეძლებს საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების გზით თავისი მიზნის მიღწევას. მეორე შემთხვევაში, გვექნება მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წესით რაღაც ახალი პოლიტიკური რეალობით უნდა დასრულდეს. დღეს რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოკვეთილი და ხალხში პოპულარული ოპოზიციური ძალა არსებობდეს, მეორე ვარიანტი გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საქმე უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც დასრულდებოდა. იქაც მოიგო ოპოზიციამ ჯამურად, ოფიციალური მონაცემებითაც კი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციური პარტიების ძალიან პრობლემური რეიტინგის მიუხედავად, მოსახლეობის ხელისუფლებით უკმაყოფილება ძალზედ დიდია. მხოლოდ ძლიერი და პოპულარული ოპოზიციური ძალის არარსებობა აძლევს საშუალებას მმართველ გუნდს, ვაივაგლახით და უკანონო მაქინაციებით როგორღაც იტივტივოს ზედაპირზე და ჯერჯერობით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ერთი სიტყვით, სიტუაცია ძალიან მყიფე და ძნელად პროგნოზირებადია.

- “ქართული ოცნება” მუდმივად აცხადებს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ადგილობრივი არჩევნები, არც ერთ შემთხვევაში არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, რა შემთხვევაში მოუწევს მას ამ ნაბიჯზე წასვლა ?

- ეს განცხადება, რომელმაც უხეშად დაარღვია ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ “ოცნება” არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ეშინია არჩევნების შედეგების და სიტუაციას აზღვევს. მიუხედავად ამისა, მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში სახელისუფლებო სტატუს-კვოს შენარჩუნება და რიგგარეშე არჩევნების არჩატარება მათთვის პოლიტიკურად უაღრესად რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში “ოცნება” ალბათ დააკვირდება არჩევნების შედეგებს, დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს და გავა არჩევნებზე უკვე კოალიციურ რეჟიმში . ამ კოალიციაში “ოცნების” ყველაზე რეალურ პარტნიორად გახარიას პოლიტიკური გუნდი ისახება. არ არის გამორიცხული, ერთი-ორი პარტნიორი კიდევ დაემატოს. ვწუხვარ, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი “ტრიუკები” ჭრის.

- ხელისუფლება, როგორც განცხადებებით, ასევე ევროკავშირის 75 მილიონ ევროს სესხზე უარით, ერთგვარად დისტანცირდა ევროკავშირის და ამერიკისგან, როგორი იქნება ხელისუფლებისთვის ამ პოლიტიკური ნაბიჯების ფასი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამარცხვინო ნაბიჯი სულაც არ იყო იოლი მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის. საქმე ისაა, რომ მათ ჩათვალეს, რომ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგანან და გადაგეს ეს ნაბიჯი, რადგან ჩათვალეს, რომ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებითაც განპირობებული იყო ეს სესხი, მათ ხელისუფლებას დააკარგვინებს. რეჟიმი ღრმად კორუმპირებულია, თანაც მას სათავეში უდგას არაფორმალური ლიდერი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას პირდაპირ უკავშირებს საკუთარ უსაფრთხოებას. ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის ხელისუფლების დათმობა უბრალოდ წარმოუდგენელია და ის ყველაფერზე წავა მის შესანარჩუნებლად. ამდენად, სესხზე უარის თქმა და მრავალი სხვა უმძიმესი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკურ ფასთანაა, დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხედავს.

- ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო კამპანიას, განსაკუთრებით გამოირჩევა არაკონსტრუქციული განცხადებებით. რატომ აირჩია პრემიერმა ეს გზა?

- პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკური კულტურის და ალღოს სერიოზულ დეფიციტს განიცდის. საერთოდ, პატრონზე და მის მაამებლობაზე ფეოდალურად ორიენტირებული ადამიანები ადეკვატურად ვერ აფასებენ სიტუაციას და ხშირად აბსურდულად მოქმედებენ. ღარიბაშვილი თვლის, რომ რასაც ის ახლა აკეთებს, მოსწონს ივანიშვილს და ესაა მისთვის მთავარი. სხვა კრიტერიუმი მას არ აქვს. ის ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი პოლიტიკური კამიკაძეა, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური, რადგან აფეთქების შემთხვევაში მას, როგორც ყოველთვის, “ოქროს პარაშუტის” იმედი აქვს.

- მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაანონსა ჩამოსვლა საქართველოში, ჩამოსვლის შემთხვევაში იქნება ეს გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნების შედეგებზე?

- ძნელი სათქმელია. როგორც მოგახსენეთ, მოსახლეობის განწყობა დღეს პროგნოზს არ ექვემდებარება. როგორ წავა პროცესი გადამწყვეტ მომენტში არავინ იცის. საქმე გვაქვს კვანტური ფიზიკისთვის დამახასიათებელ გაურკვევლობასთან, როცა სხვადასხვა ვარიანტი თანაბრად შესაძლებელია, ხოლო კანონზომიერება არავინ იცის ან არც არსებობს. ეს ალბათ იცის სააკაშვილმაც და ის, როგორც, რისკიანი პოლიტიკური მოთამაშე თავის ფსონს დებს ამ თამაშში, რადგან გრძნობს, რომ პოლიტიკური რესურსი მასაც თანდათან ეწურება და თუ დააყოვნა, მომავალში შეიძლება შანსი აღარც მიეცეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა