ვაჟა ბერიძე - პატივს ვცემ ივანიშვილს, მაგრამ ახლა ვისურვებდი და ვურჩევდი რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკის დეპოლიტიზაციამ, არაპოლიტიკოსებით ქვეყნის მართვამ ქვეყანას საკმაო ზიანი მიაყენა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს. საარჩევნო ბატალიებისა და ამ პროცესში მონაწილე პარტიების სტრატეგიებისა და ტაქტიკების თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

მანამდე, რადგან ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს - მოახლოებული არჩევნები არა რეფერენდუმი, არამედ ადგილობრივი არჩევნების დღეა, მაგრამ მისი რიტორიკა აშკარად სცდება მუნიციპალური არჩევნების თემატიკას.

ფაქტია, რომ ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხია - 2 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის.

თქვენთვის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის?

- მე არც იერემია ვარ და არც ეზეკიელი, მით უფრო არ მინდა ავი კასანდრა ვიყო, მაგრამ რა სიოც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ქრის, აშკარად პესიმისტურად განმაწყობს.

ძალიან ცუდი მოლოდინი ხვალინდელი დღის იმის გამო კი არ მაქვს, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკა იცვლება, არამედ იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური გონი ადეკვატურად არ აღიქვამს მზარდ საფრთხეებს.

უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა იმპერიის დაცემის შედეგად დამოუკიდებელი გახდა, სულ უფრო ემსგავსება XIX საუკუნის იაპონიის ერთ სოფელს, სადაც შიმშილი ბატონობს, მისი მცხოვრებნი კი ნაცვლად იმისა, რომ ხელი გაანძრიონ, გამოსავალს ახალშობილების დახოცვა-დამარხვით და მოხუცების ნარაიამას მთაზე აყვანით და იქ დატოვებით არიან დაკავებულნი.

მასაც კი, ვინც ამ წესს შინაგანად არ ეთანხმება, 70-ს მიტანებული დედა, ამ მთის წვერისკენ მიჰყავს და ეს დიდ იაპონელ რეჟისორს ბრწყინვალედ აქვს ნაჩვენები. - დრამა, რომელიც უსასტიკესი და სულისშემძვრელია. სოფელი კი თავის უსასობასა და სასოწარკვეთილებაში აგრძელებს ცხოვრებას.

დაახლოებით ამდაგვარივეა ჩვენი ცხოვრების უმძიმესი რეალობა. მე, რა თქმა უნდა, იმამურას ვერ შევედრები ვერანაირად, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ როგორც იმ სოფლის მცხოვრებლები, ისე საქართველოს მოქალაქეები, ვერ მიმხვდარან, რომ ამ გაუსაძლისი ყოფის მიზეზი ის უსასტიკესი წესებია, რომელსაც ვერც იმ სოფლის და ვერც ამ ქვეყნის ხალხი ვერ ელევა.

ამდაგვარი განცდა გამიჩინა თქვენმა შეკითხვამ. ნარაიამას მთის წვერისკენ თუ უნდა გავუყვეთ ყველა ერთად, - ნუ დავახანებთ, თორემ რა ბედენაა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ლოკალური მნიშვნელობის კონკრეტული პროცედურაა, თუ რეფერენდუმი.

რახან ერთის გარდა ყველა პარტიას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ეჭვი ეპარება, იყოს რეფერენდუმი კონკრეტული დათქმით - 43%-იანი მიჯნით მმართველი პარტიისთვის.

რახან ერთის გარდა ყველა პარტიას წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ეჭვი ეპარება, იყოს რეფერენდუმი კონკრეტული დათქმით - 43%-იანი მიჯნით მმართველი პარტიისთვის

თუ რეფერენდუმს ვერ ვატარებთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან საკითხის დაკავშირებულობის გამო, გამოკითხვა მოვაწყოთ, პლებისციტს ხომ არ გამორიცხავს არსებული კანონმდებლობა და რეალობა?!

ხოლო, თუ ობიექტური და სამართლიანი ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზება და შედეგების დათვლა არ შეგვიძლია, რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი?..

- რადგან ოპოზიციის მტკიცებით 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, მისი ამოცანაა ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ამ არჩევნებზე შეძლებს „ნაცმოძრაობის“ ისე დამარცხებას, რომ მას სერიოზული ამბიციები აღარ ჰქონდეს იყოს ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, ამ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა შთამბეჭდავი ვერანაირად ვერ იქნება. არადა, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლის აქტიურობა 30-35% არ აღემატება. ჩვენთანაც ამ არჩევნებში რომ 30-35% ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა, არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს რაიმეს კატეგორიულად მტკიცების საშუალება ნაკლებად ექნება.

რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, და რა შანსები აქვს მმართველ გუნდს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნები ჩატარდება?

- კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებშიც კი, დასავლეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მართალს ბრძანებთ, ამომრჩევლის აქტივობა დაბალია. ასევეა ყოველთვის ჩვენთანაც და ჩვენი სამეზობლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მით უმეტეს, როცა ოპოზიციის შანსები ამ არჩევნებზეც დაბალია.

ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად დაბალი, - სოციოლოგია, როგორც მეცნიერება, ამ ქვეყანაში, მკვდარი თუ არა, ლეთარგიული ძილის მდგომარეობაშია და ამიტომ.

ჩვენთან ყველა კვლევა მიზნად ისახავს არა საზოგადოების განწყობების შესწავლას და მოქალაქეების, საზოგადოების ინფორმირებას, არამედ საზოგადოებრივი აზრის, განწყობების შექმნას და შემდგომ მისით მანიპულირებას. აქ ვგულისხმობ ამერიკული ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ის კვლევებსაც, რომლებსაც მათ მიერ დაქირავებული და შესაბამისად, დაფინანსებული ქართული ორგანიზაციები აწარმოებენ.

საყოველთაო აზრით, ეს მონაცემები ყალბდება და ყალბდება დიდი ხანია. მიუხედავად ამისა, ეს კვლევები ხორციელდება, ქვეყნდება და დაინტერესებული მხარეების მიერ გულმოდგინედ პიარდება.

ამას წინათ, ამდაგვარი ვითარებით შეშფოთებულმა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სიტუაციის გამოსწორება სცადა და შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზნადაც გამოცხადდა კვლევებისადმი საზოგადოების სანდოობის ამაღლება, თუმცა, არსებითად და რეალურად არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანების წევრებად დასახელდა რამდენიმე ავტორიტეტული და კვალიფიციური სოციოლოგი, მათ შორის, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

არჩევნების მოახლოებისთანავე საზოგადოებას „თავს დაატყდა“ კვლევების კორიანტელი, სადაც მანიპულირების საგანი ამჯერად არის რამდენი ადამიანი, საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს „ოცნებას“ და რამდენი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს.

პროსახელისუფლო კვლევები და მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი 43 %-ზე მაღალია, ხოლო ოპოზიციური მკვლევარები „ოცნების“ ლიდერობას ადასტურებენ, მაგრამ მათი მხარდამჭერების ჯამური მაჩვენებელი მმართველი ძალის შედეგს აღემატება.

ვინ როგორ უყურებს 2 ოქტომბრის არჩევნებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რეფერენდუმის გარეშეც ცხადია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2022 წლის შემოდგომაზე გარდუვალია. ამას ამ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესები განაპირობებს

მმართველ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს იმისა, რომ დაამტკიცოს, თითქოს 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. წინარე ისტორია და დღევანდელი კონტექსტი ცალსახად მიუთითებს, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, 2024 წლამდე, გარდუვალია.

რომელიმე მხარე აღიარებს თუ არა 2 ოქტომბერს რეფერენდუმის დღედ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ირაკლი კობახიძის ლამის სენტენციად ქცეული აზრის საპირისპიროდ - 1 %-ის რომ მიიღოს ოცნებამ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, - ვიტყვი- 43 კი არა, 83% რომ მიიღოს ჯამურად „ოცნებამ“, ვადამდელი არჩევნები, საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, მაინც ჩატარდება.

აბა, სხვაგვარად როგორ? - სოციალოგია არ არსებობს, საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა დაბალია, რეფორმები, როგორც ამას ევროსტრუქტურები მიიჩნევენ, სათანადოდ არ ხორციელდება, სასამართლოს თაობაზე მავანი გაჰკივის, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს... „გამოსავალი რაშია“? როდემდე უნდა გვყავდეს ხალხი პოლიტიკიდან გაძევებული? - მაინცა და მაინც ქუჩამ უნდა იხუვლოს?

ასე რომ, ვინ როგორ უყურებს 2 ოქტომბრის არჩევნებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რეფერენდუმის გარეშეც ცხადია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2022 წლის შემოდგომაზე გარდუვალია. ამას ამ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესები განაპირობებს.

- ვხედავთ, რომ თავისი მიზნის მისაღწევად ოპოზიციამ გააქტიურა მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა და პრორუსულობის თემა.

„ქართული ოცნებაც“ ვალში არ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით აცხადებს - არც მიშელის დოკუმენტს არ დაუბრუნდება და არც ევროკავშირის შეღავათიან სესხს აიღებს, მისი წინასაარჩევნო რიტორიკა მუნიციპალური არჩევნების რიტორიკას აშკარად აცდენილია და ძირითადად „ნაციონალების“ მმართველობის 9 წლის წინანდელ 9 წლიან მმართველობას ეხება.

ივანიშვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ მის გარეშე დარჩენილი მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალს, სულ უფრო აშკარაა, რომ ივანიშვილის გარეშე ისინი იმ ტიპის განცხადებებს, რასაც აკეთებენ, ვერ და არ გააკეთებდნენ.

ვხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ქვეყანაში ჩამოსვლა ამჯერადაც დააანონსა, მაგრამ ახლა მგონი გაცილებით დამაჯერებლად, ვიდრე წინა შემთხვევებში.

2 ოქტომბრის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევანია? სავარაუდოდ, როგორ აისახება სააკაშვილის განცხადებები ჩამოსვლის შესახებ საარჩევნო პროცესზე და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე?

- საერთოდ, „პრორუსულობის თემა“ უკიდურესად სახიფათო და პირობითია. სასაუბროდაც და სამსჯელოდაც ვრცელი საუბრის თემაა. არის ხალხი, ვინც ყოფილ ხელისუფლებას ამხელს ამ ცოდვაში, დღევანდელი ოპოზიცია, ცხადია, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის პრორუსულობას უსვამს ხაზს. არ იქნა და არ ეშველა ქართულ ცნობიერებას. ისევ იქ ვდგავართ, ხობისწყის პირზე, ისევ აეტი და ფარტაძე, ორი დასი ებრძვის ერთმანეთს - ირანი, თუ ბიზანტია.

მანამდე, - პართია, თუ რომი. მერე და დღეს, - რუსეთი თუ დასავლეთი. რა თქმა უნდა, ბიზანტია, რა თქმა უნდა რომი, რა თქმა უნდა, დასავლეთი, მაგრამ ამა თუ იმ დროს არსებული ვითარების შესაბამისად, პართიაც... ირანიც... რუსეთიც... როგორ? - ეს არის ერის და ქვეყნის, დღეს კი პოლიტიკური ლიდერების მუდმივი და სერიოზული თავსატეხი.

„ქართულ ოცნებაში“ ვისაც რა უნდა, ის სურდეს, მაგრამ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები უეჭველად მოსაგვარებელია. საჭიროების შემთხვევაში, დასავლეთის შეღავათიანი კრედიტები, დახმარებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დაგვჭირდება და მათით უნდა ვისარგებლოთ კიდეც.

თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს მშპ-სთან მიმართებაში საგარეო ვალის მოცულობის შემცირებაზე. როცა იგი ასცდა 60%-ს, ოპოზიციამ მართებულად ატეხა განგაში. მას დაეთანხმა ირაკლი კოვზანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საგარეო ვალის შემცირებაზე.

როცა ამ მხრივ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯი, ოპოზიციამ სხვა მოტივით ატეხა განგაში. ამიტომ ამ ნიუანსებში საფუძვლიანი გარკვევაა საჭირო და არა ამწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად ისტერიის ორგანიზება.

თქვენს ამ კითხვაში ბევრი კონკრეტული თემაა. ვეცდები, მოკლედ ყველას შევეხო. ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, არც დრო დაიშურეს და არც ფინანსები, რომ პოლიტიკურ ველზე ერთადერთი და მთავარი საკითხი ყოფილიყო - ვინ ვის?

ეს თითოეული მათგანისთვის მომგებიანი და სარფიანი დაპირისპირებაა. ზოგჯერ შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილი უხდის კიდეც სააკაშვილს მისდა სასიკეთოდ გაკეთებული ნაბიჯების, განცხადებებისა და კამპანიებისთვის.

ახლაც, ამას წინათ, სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდა - ჩამოვალ, აუცილებლად ჩამოვალ, მაგრამ მანამდე თქვენ ქუჩაში გამოდით, ყველგან ყველაფერი გააკონტროლეთ, ძალოვანები ჩამოშალეთ, მე ჩამოვალ, აეროპორტიდან პირდაპირ გლდანისკენ გავაჭრი, „კარცერ-ლუქსში“ ჩავჯდები, თქვენ გარს შემოერტყით, შემოიჯარეთ ციხეს და გამათავისუფლეთ, თუ ასეთ პერსპექტივას შექმნით, აბა არ ჩამოვალო?!.

არაფერს ვიტყვი ივანიშვილის არასერიოზულ განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს მმართველ პარტიას, საკადრო პოლიტიკას, მთავრობის მეთაურად თავისი უერთგულესი თანაშემწე ჰყავს გამწესებული, აკონტროლებს ძალოვანებს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, მაგრამ პოლიტიკაში არ ერევა...

გულწრფელად ვიტყვი, რომ დიდ პატივს ვცემ ივანიშვილს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე. მჯერა, მისი გაკეთებული სათანადოდ დაფასდება, მაგრამ როგორც ერთ დროს, მცირე ხნით მისი მრჩეველი, ვისურვებდი და ვურჩევდი, რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკის დეპოლიტიზაციამ, არაპოლიტიკოსებით, მენეჯერებით ქვეყნის მართვამ, საკმაო ზიანი მიაყენა ამ ქვეყანას. ეს კი ივანიშვილს არ ჰქონია მიზნად დასახული.

გულწრფელად ვიტყვი, რომ დიდ პატივს ვცემ ივანიშვილს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე. მჯერა, მისი გაკეთებული სათანადოდ დაფასდება, მაგრამ როგორც ერთ დროს, მცირე ხნით მისი მრჩეველი, ვისურვებდი და ვურჩევდი, რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკის დეპოლიტიზაციამ, არაპოლიტიკოსებით, მენეჯერებით ქვეყნის მართვამ, საკმაო ზიანი მიაყენა ამ ქვეყანას. ეს კი ივანიშვილს არ ჰქონია მიზნად დასახული

უბრალოდ, მან ხელი მოჰკიდა, საუკეთესო მამულიშვილური მისწრაფებებიდან გამომდინარე ქვეყნის მართვას, სფეროს, სადაც მას არ აღმოაჩნდა სათანადო გამოცდილება, რის გამოც შედეგები ისეთი არ არის, როგორიც მას, დარწმუნებული ვარ, სურდა.

ამიტომ, მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის დისტანცირება აუცილებელია.

და ერთსაც ვიტყოდი ჩვენი ოპოზიციის გასაგონად. მათ არ აქვთ არც რეალური ძალა და არც შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად, თუნდაც კოალიციურ ფორმატში.

და ერთიც უნდა გაითვალისწინონ, - ვიდრე ივანიშვილი საქართველოშია, თავისი მილიარდებით, გავლენებით, აქტივებით, მანამდე ის განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს მთავრობას, ვინ სად უნდა იყოს და რას აკეთებდეს. ეს ყველაფერი, ხალხის შეჭირვებული მდგომარეობის ფონზე, სხვა ეგზისტენციალური რეალობის შექმნას გამორიცხავს.

და მაინც, 2 ოქტომბერი და ყოველი შემდეგი არჩევნები, აღარ იქნება არჩევანი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. არიან სხვა ძალებიც, არის სხვა გზაც და ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც, თუ მათ მართლა სურთ ამ ქვეყნისთვის სიკეთე, სხვა ძალებს უნდა დაუთმონ სარბიელი.

2 ოქტომბერი და ყოველი შემდეგი არჩევნები, აღარ იქნება არჩევანი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. არიან სხვა ძალებიც, არის სხვა გზაც და ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც, თუ მათ მართლა სურთ ამ ქვეყნისთვის სიკეთე, სხვა ძალებს უნდა დაუთმონ სარბიელი

- „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების თემა მეტნაკლებად ამოვწუროთ, მაგრამ ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ მათსავე ურთიერთბრალდებებს იმ საკითხებში, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება.

„ნაციონალების“ მტკიცებით „ქართული ოცნება“ საქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს. ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და ვარაუდობს, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ შეძლებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ცდილობს კრემლთან ურთიერთობების ფარულად დალაგებას?

- „ოცნება“ შორდება ვაშინგტონს და ბრიუსელს. ძნელი სათქმელია, რამდენად მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად. შესაძლოა, ეს ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსებად დანიშნული კლასის სისუსტიდანაც მომდინარეობდეს. აქვე უნდა შევნიშნოთ და დროულად უნდა გავაკეთოთ ეს - ბრიუსელიც და ვაშინგტონიც გვშორდებიან თანდათან.

„ოცნება“ შორდება ვაშინგტონს და ბრიუსელს. ძნელი სათქმელია, რამდენად მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად

საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველს არ იძლევა ამასწინანდელი ნატოს ქვეყნების დანაყოფების მონაწილეობით სწავლება საქართველოში და ამერიკელი პოლიტიკოსების ვიზიტები თუ განცხადებები.

თეთრ სახლს არ აქვს კავკასიური პოლიტიკა. ჩვენ იქედან ველით დირექტივებს და ისინი ხშირად ბუნდოვანია. ვიცით, რომ რუსეთისადმი პრინციპულები და შეურიგებლები უნდა ვიყოთ, ჩინეთის გავლენები ქვეყანაში მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ ყველაფერ ამის გარეშე როგორ უნდა შევქმნათ ევროკავშირისთვის შესაფერისი სტანდარტები, აბსოლუტურად გაუგებარია.

ბოლო წლები შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის იმედად ვართ, რომელიც აგვიანებს. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება ჩვენი ბრალია, თუმცა, არა მარტო ჩვენი.

კრემლს რაც შეეხება, ვიცი ბევრი შემრისხავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ოღონდ არა ფარულად და არა ცალკეული პარტიების თუ ინტერესთა ჯგუფების ფორმატში. მხოლოდ უმაღლეს დონეზე და თანაც არა ფარული, არამედ ღია.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ოღონდ არა ფარულად და არა ცალკეული პარტიების თუ ინტერესთა ჯგუფების ფორმატში. მხოლოდ უმაღლეს დონეზე და თანაც არა ფარული, არამედ ღია

სხვათა შორის, ყოველთვის, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, ამერიკელები მოგვიწოდებდნენ ასეთი ურთიერთობების ინტენსიფიკაციისკენ. რასაკვირველია, ასეთი პოლიტიკა ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა იყოს შეთანხმებული და შეჯერებული.

სხვათა შორის, დიალოგი აუცილებელია აფხაზებთანაც და ოსებთანაც, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს. მერე რა, რომ აქეთ რუსებიც მოგვიწოდებენ. და ისევ, სხვათა შორის, ვიტყვი, ჩვენ, რატომღაც, თვალი მოვარიდეთ და ყურადღება არ მივაქციეთ ახალ იმპულსებს მოსკოვიდან.

ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, ტერიტორიული მთლიანობის საარსებო მნიშვნელობის საკითხთან მიმართებაში კონსენსუსს არ მივაღწიეთ, მხოლოდღა რუსეთის დაშლის იმედად ვიქენით, რაიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ როდის, არავინ იცის, შესაძლოა, აფხაზებთან და ოსებთან დღევანდელი ვითარება 2-3 და მეტი ათეული წელი არ შეიცვალოს.

გვიჭირს, პრობლემებით ვართ დახუნძლული, მაგრამ იქნებ არაორდინალურადაც გვეფიქრა, ხომ არ დადგა დრო საქართველოს ფედერალიზაციაზე ფიქრის. აქაც ნუ გვემცხეთება ასიმეტრიული ფედერაციის შესაძლო პერსპექტივა და ის სავარაუდო სიტუაცია, რომ თავად აფხაზები და ოსები, ასეთ ვითარებაში უკვე კონფედერაციაზე დაიწყებენ ლაპარაკს და ა.შ.

ბევრი რამ საშური და საარსებოდ მნიშვნელოვანია.

- თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა მეტ-ნაკლებად გასაგებია.

როგორ შეაფასებდით ძირითადი პოლიტიკური ძალების საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას? რომელი მათგანი შეიძლება მეტად მომხიბლელი აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის?

- პოლიტიკური სუბიექტების ძირითადი ნაწილი პროცესს თითქოსდა ინერციით მიჰყვება. ჩანს, პარტიებს ფული არ აქვთ, გარდა ერთი-ორისა. ფაქტობრივად, დედაქალაქს მიღმა არჩევნები არც იგრძნობა. ეს ეხება, როგორც დაგეგმილ ღონისძიებებს, ისე სააგიტაციო-სარეკლამო მასალების სიმცირეს. ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს რითიმე განსაკუთრებულად თავის გამოჩენას.

თუმცა, ცალკეული პოლიტიკური ძალები კრეატიულობით გამოირჩევიან. უმცროსი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, ელისაშვილ-იოსელიანის „მოქალაქეები“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“.

პოლიტიკური სუბიექტების ძირითადი ნაწილი პროცესს თითქოსდა ინერციით მიჰყვება

სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად გაფერმკრთალდა პროდასავლური ფრთა. აქ „ნაციონალები“ და „ევროსაქები“ კიდევ უფრო დაიშტამპნენ, თუმცა ეს არ აისახება „ნაციონალების“ 18-20%-იან რეიტინგზე.

ერთფეროვანი გახდა და „ნაციონალებთან“ ალიანსით დაზარალდა „ლელო“. ისევ ინერციის იმედადაა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა წინა არჩევნებზე. ადრინდელი ხიბლი დაკარგა ორივე „გირჩმა“, რომლებმაც პოლიტიკურ პროცესში შემოაბრუნეს და მასში ჩართეს ამისგან გაუცხოებული 3-4%, ძირითადად ახალგაზრდები.

- დიდი ამბიციების მქონე ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააყენა თავისი კანდიდატები თბილისის მერის არჩევნებში. ამ ფერხულში სულ ცოტა ხნის წინ ექსპრემიერი გიორგი გახარიაც ჩაერთო.

გახარია საარჩევნო კამპანიას საკმაოდ მშვიდად და თანმიმდევრულად აწარმოებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ გახარიიას პარტიის პერსპექტივებზე საუბარი ოდნავ გადაჭარბებულაც კი გამოიყურება. თუმცა, ისიც ცხადად ჩანს, რომ ამ ეტაპზე მისი მიზანია „ნაციონალებზე“ მეტი ხმა მიიღოს და ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს.

რადგან გახარიაც მონაწილეობს თბილისის მერის არჩევნებში, თქვენი დაკვირვებით რა შანსები აქვს გახარიას და მის პარტიას 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდეს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პარტია?

- გახარია, ფაქტობრივად, მაშველი რგოლია მთავარი პოლიტიკური აქტორებისთვის. ელექტორალურ უმრავლესობას აღარ უნდა ხელისფლებაში „ოცნება“, მას იგი აშკარად მობეზრდა, არის იმედგაცრუების მომენტიც. ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალების“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნებისმიერ პრონაციონალურ პარტიასთან ალიანსშიც კი.

არენაზე ახლადგამოჩენილებს გამოცდილება და ადამიანური და ფინანსური რესურსი აშკარად აკლიათ. დესტრუქციის და სისტემური კრიზისის თავიდან აცილების ერთადერთი ალტერნატივა გახარია და პერსპექტივაში, მის გარშემო შეკრებილი ადამიანები არიან. და ეს შანსი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

თუმცა, ამ არჩევნებში გახარიას პარტიის პერსპექტივები მიზერულია. მან შეიძლება წაართვას ხმების რაღაც რაოდენობა „ოცნებას“, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას პოლიტიკური რბოლის ლიდერ პარტიებს ვერ გაუწევს.

გახარიას, რა თქმა უნდა, აჯობებს „ნაცმოძრაობა“. ვფიქრობ, გახარია იძულებული გახდა ჩაბმულიყო ამ არჩევნების ორომტრიალში, მაგრამ რამდენიმე თვე წარმოუდგენლად მცირე დროა პარტიის ჩამოყალიბებისთვის და პოზიციონორებისთვის, მით უმეტეს დედაქალაქში წარმატების მისაღწევად.

მისი პროგრამა-მაქსიმუმი ამ არჩევნებში უნდა იყოს ცნობადობის ამაღლება და საზოგადოებისთვის თანამოაზრე-ლიდერების წარდგენა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დარჩენილ მცირე დროში განვითარებული მოვლენების კონტექსტში, გახარიას შანსები თბილისში მკვეთრად გაიზარდოს, ან მკვეთრად შემცირდეს.

ჩემი აზრით, გახარია და მისი პარტია იმ მცირერიცხოვანი პოლიტიკური სუბიექტების რიგს ეკუთვნის, რომელსაც აქვს პერსპექტივა ამ ქვეყანაში. თუმცა, მანამდე, ანუ შედეგამდე, ბევრი წყალი ჩაივლის და თავად გიორგი გახარიასაც ბევრ კითხვაზე მოუწევს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა.

გახარია და მისი პარტია იმ მცირერიცხოვანი პოლიტიკური სუბიექტების რიგს ეკუთვნის, რომელსაც აქვს პერსპექტივა ამ ქვეყანაში. თუმცა, მანამდე, ანუ შედეგამდე, ბევრი წყალი ჩაივლის და თავად გიორგი გახარიასაც ბევრ კითხვაზე მოუწევს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა

მოუწევს თავისი პოზიციის გაცხადება და განმარტება, მათ შორის იმაზე, თუ ვინ აფინანსებს მის კამპანიას, არის თუ არა იგი ივანიშვილის „ოქროს რეზერვი“, მისი განათლება და საქმიანობა რუსეთში ხომ არ გახდება, სამომავლოდ, რუსული გავლენის ქვეშ მისი მოქცევის წინაპირობა, რას ფიქრობს ის ევროატლანტიკურ კურსზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ასე შემდეგ. შეუძლია კი მას სიცოცხლისუნარიანი პარტიის ჩამოყალიბება.

სხვაა თანამოაზრე სახელმწიფო მოხელეების ჯგუფთან ერთად საკუთარი ამბიციების გაცხადება და სხვაა მომავლის მკაფიო ხედვის მქონე ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური სუბიექტის შექმნა. გახარია უდაოდ საინტერესო პიროვნებაა და ახალბედას ცალკეული ნაუცბათევი, ეფექტზე გათვლილი სვლები დღეს ეპატიება, მაგრამ ხვალ აღარ.

მაგალითად, ამას წინათ ბრძანა, რომ თბილისი უნდა გახდეს რეგიონული მნიშვნელობის მეგაპოლისი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს ეს. როგორ ესახება საქართველოს სახელმწიფო და მისი მომავალი იმ პირობებში, როცა საქართველოს 3,5 მლნ მოქალაქიდან ლამის 1,5 მლნ თბილისში ცხოვრობს. რეგიონული მეგაპოლისი ახალ მასშტაბურ შრომით რესურსს მოითხოვს, ქალაქის მოსახლეობა 3-4 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. რის ხარჯზე? ამას საქართველოს რეგიონებიდან დედაქალაქისკენ მიგრაცია არ ეყოფა. ვხსნით შრომის ბაზარს? და რომც შედგეს ასეთი ჩანაფიქრი, საქართველოს ეროვნული ინტერესები ასეთ ვითარებაში როგორ წარმოუდგენია?

ეს ისევ „სინგაპურიზაციას“ ხომ არ გულისხმობს. სხვათა შორის, სააკაშვილს და მის გუნდს მსგავსი იდეა ჰქონდათ, დედაქალაქის ქუთაისში გადატანით და თბილისის რეგიონულ ცენტრად გადაქცევით.

მე როგორც მოქალაქეს, არც ის მომეწონა, რომ საზოგადოებისთვის წარმოდგენილ გახარიას გუნდში ასაკით 50 წელს ზევით არც ერთი ადამიანი არ ყოფილა დასახელებული. არადა, აქტიური ამომრჩევლის 2/3 50 წელს გადაცილებულია. ბევრ რამეზე მოუხდება მუშაობა გახარიას და მის გუნდს. ეყოფა კი მას საამისოდ ადამიანური და ფინანსური რესურსი და დრო, დროც, რასაკვირველია...

- მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე ბევრი ახალი პარტია გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე „ნაცმოძრაობაა,“ მმართველი გუნდი სხვა პარტიებისთვისაც იცლის.

სასამართლოებმა დაჩქარებული წესით დაიწყეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმის განხილვა. მეტიც, იურისტების მტკიცებით კეზარაშვილის ვადაგასულ საქმეზე ასევე დაიწყო სასამართლო პროცესი.

თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ 5-6 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმის გამოძიება აშკარად ყოვნდება, კარგ სურათს ნამდვილად ვერ დავარქმევთ იმას, რასაც მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ჰქვია.

რას შეიძლება ნიშნავდეს არჩევნების წინ სასამართლოებში ხაზარაძე-ჯაფარიძისა და კეზერაშვილის საქმეების განხილვის დაწყება - მმართველ ძალას არც ხაზარაძე-ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიცია არ უნდა ჰყავდეს, და არც კეზერაშვილის ტვ „ფორმულა“ არსებობდეს, თუ ეს მხოლოდ ხელისუფლების წინასაარჩევნო მანევრებია?

- პოლიტიკა ბრძოლაა და ეს ბრძოლა ყოველთვის არ არის მშვიდობიანი და ლოგიკური. პოლიტიკა, განსაკუთრებით ქართული, ბრძოლაა ხშირად წესების გარეშე.

რა თქმა უნდა, „სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც რომი დაინგრეს“, მაგრამ იმ დროს როცა სასამართლოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგას, პოლიტიკასთან გარკვეულ მიმართებაში მყოფი ადამიანების გასამართლება ყოველთვის აჩენს კითხვებს.

პოლიტიკა ბრძოლაა და ეს ბრძოლა ყოველთვის არ არის მშვიდობიანი და ლოგიკური. პოლიტიკა, განსაკუთრებით ქართული, ბრძოლაა ხშირად წესების გარეშე

ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი ერთია, - სასამართლო რეფორმის ზედმიწევნით თანმიმდევრულად განხორციელება და სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.

თავისთავად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მულტიმილიონერის რანგში აღმოჩენა ბევრი კითხვის საფუძველი შეიძლება გახდეს და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ არა მაშინ, როცა გაჩნდება ხმები გახარიას პარტიის კეზერაშვილის მიერ დაფინანსების შესახებ.

- რაც უფრო ახლოვდება 2 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო ხშირად საუბრობს მმართველი გუნდი იმაზე, რომ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ მოვლენათა განვითარების რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან.

ფაქტია, რომ საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება მხოლოდ კრემლის ინტერესებში შეიძლება იყოს.

ახლა როცა ამომრჩევლების უმრავლესობისთვის გაუგებარია 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება თუ რეფერენდუმი ძნელია არა მარტო არჩევნების შედეგებზე, არამედ იმაზე საუბარი თუ როგორი სცენარით განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არა ერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ თუ მათ მოახლოებულ არჩევნებზე 43% კი არა, 3%-ც რომ მიიღონ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამ - რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 43% ვერ მიიღო და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა?

- „ოცნებას“, არც ერთ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმა არ გაუჭირდება. გულახდილად ითქვა კიდეც, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებენ. შესაბამისად, მთავარია საზოგადოების რეაქცია. როგორი იქნება ეს რეაქცია, ძნელი სათქმელია. ხალხი, გაწამებული სოციალური პრობლემებით და პანდემიით, აშკარად არ არის საპროტესტოდ განწყობილი.

ამ ქვეყნის ერთგული და გულშემატკივარი მოქალაქეების ერთადერთი სურვილი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი რეანიმირება

თუმცა, ჩვენ ხომ ემოციური და იმპულსური ხალხი ვართ. სრულიად ბუნებრივად მომხდარმა ერთმა კონკრეტულმა ექსცესმა, შესაძლოა, სახალხო მღელვარების პროვოცირება გამოიწვიოს, ხოლო უხეშმა თავხედობამ და ძალადობამ აჯანყებასაც კი მისცეს ბიძგი.

ამიტომ, ჩვენი, ამ ქვეყნის ერთგული და გულშემატკივარი მოქალაქეების ერთადერთი სურვილი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი რეანიმირება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო