პაატა დავითაია - ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ავიღოთ

პოლიტიკური პარტია “ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების მაქსიმალური რაოდენობა უნდა აიღონ.

- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოს?

- ეს არის განსხვავებული და არაორდინალური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არა მხოლოდ არჩევნები, რეფერენდუმია, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად ეს ზრდის ამ არჩევნების მნიშვნელობას. ამასთან ერთად, პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნები ტარდება ბლოკების გარეშე, ყველა პარტიას აქვს საშუალება, დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებში, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ველი გაშლილია ოპოზიციური პარტიებისთვის. ჩვენი მიზანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების მაქსიმალური რაოდენობა ავიღოთ. რაც არ უნდა ამტკიცოს ვინმემ, რომ ხდება ერთიანი კოორდინაცია, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ცალკე საარჩევნო სია, შესაბამისად, ამომრჩევლის დარწმუნება, მერობის და მაჟორიტარ კანდიდატად ერთი პარტია შემოხაზოს, პარტიულ სიის მიხედვით მეორე, ტექნიკურად მარტივი არ არის.

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ არჩევნებზე გადის როგორც დამოუკიდებელი კვალიფიციური სუბიექტი, წარმოდგენილი ვართ საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო ჯამში 33 საარჩევნო ოლში. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, მაქსიმალურად ხელი არ შეგვეშალა ოპოზიციისთვის, შესაბამისად, არ დავაყენეთ მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისში, რაც რა თქმა უნდა შეგვეძლო, მაგრამ როგორც კვალიფიციურ სუბიექტს და გამოცდილ პარტიას გვქონდა ჩვენი პარტიული ინტერესი, რის გამოც, აქცენტი გავაკეთეთ რეგიონებზე. ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს ოპოზიციამ, შესაბამისად ჩვენ გვქონდა კოორდინაცია გარკვეულ ადგილებზე, თუმცა გვყავს კანდიდატები იქ, სადაც არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი ინტერესი და სურვილი წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში.

- რამდენ ოლქშია წარმოდგენილი პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ?

- კანდიდატები გვყავს 33 საარჩევნო ოლქში. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანეთ სიახლე, ეს არის დაკომპლექტების ახალი პრინციპი. ჩვენი დევიზია, „თვითმმართველობა - ხალხს“, რაც არის გერმანული მოდელის ანალოგი. მისი მთავარი არსი დეცენტრალიზაციაა, შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას შევთავაზეთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და მათ მივეცით საშუალება, თვითონ შეერჩიათ ადამიანები უბნების დასაკომპლექტებლად. ჩვენ მათ გავუწიეთ დახმარება ტექნიკურ ნაწილში, საუბარი მაქვს სიის დაკომპლექტებაზე. ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ საარჩევნო უბნების დაკომპლექტების წესი, რომელიც თავიდან აგვარიდებს ცენტრალურ პარტიულ მმართველობას. ამ ადამიანებს არ ექნებათ პარტიული დავალებები ადგილებზე, პირიქით, ეს მიდგომა მათ აძლევთ სრული თავისუფლების საშუალებას. ადგილზე მათ ყველაზე უკეთ იციან, როგორ შექმნან გუნდი, ვის დაეყრდნონ, რომ მიაღწიონ კარგ შედეგს არჩევნებში. ამ პრინციპით ჩვენ დაკომპლექტება მოვახერხეთ ყველა ძირითად საარჩევნო ოლქში, თუმცა იყო ოლქები, სადაც ეს ვერ შევძელით.

- რას სთავაზობს მოსახლეობას თქვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა?

- „თვითმმართველობა ეკუთვნის ხალხს“ პირველ რიგში ნიშნავს დეცენტრალიზაციას. ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა, რაც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, უნდა მოხდეს რაიონებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა მის პარტიულ კუთვნილებას, არის ადგილობრივი ხელისუფლება, ის არ უნდა იღებდეს დირექტივებს ცენტრალური ხელისუფლებიდან, რადგან მან ადგილზე უკეთ იცის, რა სჭირდება მისი რაიონის მოსახლეობას და რა არის მათთვის პრიორიტეტული. ეს არის ადგილობრივი პარლამენტი, ოღონდ პოლიტიკის გარეშე. არ შეიძლება თვითთმართველობის ორგანოებში პოლიტიკის შეტანა, მისი ფუნქცია სხვაა. ეს ერთადერთი სწორი პრინციპია, რომ ეკონომიკური და სოციალური პროგრამები, ეფექტური და შედეგიანი იყოს. ჩვენთვის მთავარია, იმ კანდიდატებმა, ვინც ჩვენი პარტიის პლატფორმით გაიმარჯვებენ რეგიონებში იზრუნონ იმ ხალხზე, ვინც მას ხმა მისცა.

ძალიან მნიშვნელოვანია, ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებამდე მივიდეს მეტი თანხები. მდიდარი და ღარიბი რაიონები გადასახადს ერთი და იგივე პრინციპით არ უნდა იხდიდნენ. ცენტრალური ბიუჯეტიდან სუბსიდირების შემთხვევაში თანხების ერთნაირი გადანაწილება ვერ გაათანაბრებს რეგიონებს, პირიქით, მათ არათანაბარ ვითარებაში აყენებს. ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისთვის მეტი თანხების გამოყოფა მათ მისცემს საშუალებას გაიზარდონ ინფრასტრუქტურული პროექტები, განვითარდეს ტურიზმი, აგროსექტორი, ეს ყველაფერი ერთად ეკონომიკის განვითარების საფუძველია.

არ დაგავიწყდეს, რომ კოვიდპანდემიამ უმძიმესი მდგომარეობა შექმნა რეგიონებშიც. ეს არის თემა, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება. პირველი ვინც კოვიდპრობლემების წინაშე დგას, ექიმებთან ერთად რეგიონებში არის თვითმმართველობის ორგანოები, შესაბამისად, უნდა მოხდეს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვისთვის შეღავათების და ფინანსური დახმარების გაწევა. ვიცით, რამდენი ადამიანი დაბრუნდა საცხოვრებლად მაღალმთიან რეგიონებში მას შემდეგ, რაც მათთვის საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესდა სხვადასხვა შეღავათები, შეიძლება ამ შეღავათების გაზრდა, მაგალითად, ტრანსპორტის მიმართულებით, სწორედ შეღავათები და ფინანსური დახმარება არის ის, რაც ჩვენს მოსახლეობას რეგიონებში განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს