საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება

პირველად საქართველოში იურისტების ყველაზე მასშტაბური ციფრული პლატფორმა „ლოპორტი“ (LawPort) შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს სასურველი სერვისის მიღებას, პროფესიონალებს კი მომსახურების მიწოდებას გაუმარტივებს.

ციფრული იურიდიული პლატფორმა „ლოპორტი“ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საშუალებას აძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მოიძიოს თავის საჭიროებებზე მორგებული ვიწრო სპეციალიზაციის იურისტი, რომელიც სასურველ ადგილსა და ენაზე გაუწევს მომსახურებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლოპორტში“ განუმარტეს, ამჟამად, პლატფორმაზე იურისტთა აქტიური რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. იურიდიული მომსახურების მაძიებელი პირი სპეციალიზებულ პროფესიონალს შემდეგნაირად შეარჩევს: პლატფორმა, რამდენიმე ასეულ იურისტს გააერთიანებს, შეარჩევს კონკრეტული სამართლებრივი ამოცანის გადაჭრაში გამოცდილ, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე და, ამავე დროს, ყველაზე დაბალი ფინანსური წინადადების წარმდგენ იურისტებს და საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად ყველაზე რელევანტური სამეულის შესახებ კლიენტს ინფორმაციას გადასცემს. პლატფორმა ელექტრონულად, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით და ყველანაირი სუბიექტური ფაქტორის გამორიცხვით, სპეციალურად კლიენტისთვის ჩაატარებს ტენდერს კონკრეტულ ამოცანასთან გასამკლავებლად ყველაზე შესაფერის იურისტებს შორის.

„შეძლებთ, სულ რამდენიმე საათში იპოვოთ ინგლისური ენის მცოდნე სისხლის სამართლის სპეციალისტი ბათუმში ან რუსული ენის მცოდნე საოჯახო სამართლის სპეციალისტი ზუგდიდში და თან იყოთ მშვიდად, რომ შერჩეული იურისტი ერთდროულად კვალიფიციურია და მისი საფასო შეთავაზებაც ყველაზე მისაღებია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ სიმარტივესა და კომფორტს დღეს ვერცერთი იურიდიული ფირმა ვერ შემოგთავაზებთ“, - აღნიშნეს „ლოპორტში“.

„ლოპორტში“ განმარტავენ, რომ პლატფორმა ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს იურისტებსაც, რომელთაც საშუალება ექნებათ თავად განსაზღვრონ სამუშაოს მოცულობა და დაკავებულობის ხარისხი.

„რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივია, ნებისმიერ იურისტს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში განათავსოს თავისი პროფილი, წარადგინოს ფინანსური წინადადებები არსებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, მიიღოს და შეასრულოს დავალებები. იურისტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე - www.lawport.ge, მიუთითოს მონაცემები, ატვირთოს რეზიუმე და დაელოდოს „ლოპორტის“ გუნდის მიერ მისი პროფილის დადასტურებას, რის შემდეგაც, შეძლებს მის მიერ მითითებულ სპეციალიზაციაში დავალებების მიღებას“, განგვიმარტეს „ლოპორტში“.

პლატფორმის შექმნის პროცესი დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. ამ პერიოდში “ლოპორტის“ დამფუძნებლებმა მოიძიეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და შეძლეს, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სერვისი შეექმნათ.

„თანამედროვე მსოფლიოში საზღვრები ფაქტობრივად მოშლილია, ადამიანებს უკვე შეუძლიათ, ბევრი მომსახურება მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში დისტანციურად მიიღონ. საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, რომელთაც რიგ შემთხვევებში კვალიფიციური იურისტების მოძიება უჭირთ. განსაკუთრებით ბიზნეს საკითხების გადასაჭრელად იხდიან დიდ თანხებს, თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან სათანადო შედეგს ვერ იღებენ. „ლოპორტი“ აღნიშნულ პრობლემას მყისიერად აღმოფხვრის და ნებისმიერ ქვეყანაში მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც გსურთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ იურისტებსაც შეუძლიათ“, - აღნიშნეს „ლოპორტში“.

საწყის ეტაპზე მომხმარებელს საშუალება ექნება, „ლოპორტის“ მეშვეობით მოიძიოს იურისტები 10-ზე მეტი ვიწრო სპეციალიზაციით სამართლის სამივე ძირითადი მიმართულებიდან (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი). იურისტთა ბაზის გაფართოებასთან ერთად გაიზრდება სპეციალიზაციების რაოდენობაც და სამართლის ყველა ვიწრო დარგს მოიცავს (საუბარია დაახლოებით 20 დარგზე, რომელთა შორისაც არის სამართლის ყველაზე თანამედროვე და იშვიათი დარგები).

ამჟამად პლატფორმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და „ლოპორტით“ სარგებლობას მომხმარებელი ოქტომბერში შეძლებს. თუმცა, იურისტებს პლატფორმაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ www.lawport.ge-ზე განთავსებული ბმულის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ „ლოპორტი“ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ პირველ 100 იურისტს თანამშრომლობის განსხვავებულ ფინანსურ პირობებს სთავაზობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა