იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, ადვოკატს და უფლებადამცველს იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, ფარული ჩანაწერების გავრცელება ერთერთი აქტიურად განხილვადი თემაა და შესაბამისად მას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით.

მომხდარს გარდა იმისა, რომ მრავალი ასპექტი აქვს, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.

იყო მოლოდინი, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსმენების თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვლებოდა, მაგრამ დრომ გვანახა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ფარულად როდის ჩაწერილი მასალების გავრცელება „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც მოხდა.

დამკვირვებელთა ნაწილი თანმდება მოსაზრებაში, რომ მომხდარი მორალურ-ეთიკური ასპექტებისგან დაცლილი, ჩვეულებრივი წინასაარჩენო ჭიდილია ბინძური მეთოდებით. მეტიც, ისეთი პოლიტიკური კლასი გვყავს, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. თქვენ რა პასუხგაუცემელი კითხვები გაგიჩინათ ამ რაოდენობის ფარული მასალების ერთი მხრივ შეგროვების ფაქტმა, ხოლო მეორე მხრივ საჯარო სივრცეში მათმა გამოჩენამ?

- პირველი კითხვა, რომელიც ფარული ჩანაწერების შესახებ ჩნდება, არის ის, იყო თუ არა აღნიშნული ჩანაწერები მოპოვებული კანონიერად და მიეწოდა თუ არა მათი შინაარსი მოსახლეობას დაუმახინჯებელი სახით?

გავრცელებული ფარული ჩანაწერების რაოდენობა და შინაარსი, აგრეთვე ამ საუბრებში მონაწილე პირების განცხადებები მათი ნამდვილობის შესახებ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სუს-ის შესაბამისი სამსახურები აწარმოებდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ინტენსიურ ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს ფარული მიყურადება და ჩაწერა, უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად

ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილებით, თუმცა ამგვარი მოქმედება შემდგომში აუცილებლად უნდა დაკანონდეს მოსამართლის განჩინებით.

ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურა ვალდებულია მოკლე ვადაში გამოაქვეყნოს დასაბუთება, იყო თუ არა გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები მოპოვებული ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად და არსებობს თუ არა თითოეულ შემთხვევაში სასამართლო განჩინება ფარული ჩაწერების კანონიერების თაობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე, რასაც წარმოადგენს მრავალრიცხოვანი უკანონო ფარული მიყურადება და ჩაწერა.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ გახდა შესაძლებელი გასაიდუმლოებული ჩანაწერების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გატანა. მიმაჩნია, რომ სუს-ის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების მიერ საიდუმლო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, რასაც დიდი ალბათობით აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და მიუთითებს უსაფრთხოების სისტემაში არსებულ სერიოზულ ნაკლოვანებებზე.

გარდა ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ჩანაწერების გასაჯაროება მოხდა სპეციალურად წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით „ნაცმოძრაობის“ მიერ, რომლის მმართველობის დროსაც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით ხდებოდა უკანონო მიყურადება და მოსმენა.

- პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას. ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

გთხოვთ აგვიხსნათ ამ მუხლებით გამოძიების დაწყება რას ნიშნავს? რამდენად მართებულია ამ მუხლებით გამოძიების დაწყება?

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევა, როგორც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, ისე უკანონო გზით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, მართებულია გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის 158-მუხლით.

- ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თბილისის მოქმედმა კანდიდატმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა - ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება“.

თუ გაქვთ მოლოდინი რომ ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდგომ მათ გავრცელებას მოჰყვება „მკაცრი რეაგირება“? თუ კი, გაქვთ განცდა, რომ ეს არჩევნებამდე მოხდება?

-არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების კანონიერების დადგენის ნაწილში გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და ობიექტურად.

- პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიებში არიან ჩართული და 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან.

ფაქტია, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც არჩევნებამდე ჩამოსვლა დაანონსა.

როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას? იმ თავისებურებებს, რითაც ეს პროცესი ხასიათდება?

- წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძირითადი პოლიტიკური ძალების - ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაცმოძრაობის“ უკიდურესი, ყოველგვარ ზღვარსგადასული ურთიერთსიძულვილის ფონზე.

იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე პანდემიის კატასტროფული შედეგები, ეკონომიკური გაჭირვება, ტერიტორიული მთლიანობის და მრავალი სხვა პრობლემა, ასეთი სიძულვილი ერთმანეთის მიმართ ძალზე მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისათვის.

ამიტომ, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ვაფასებ მკვეთრად უარყოფითად. ასევე უარყოფითად ვაფასებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მხოლოდ რევოლუციური სცენარია მისაღები.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ვაფასებ მკვეთრად უარყოფითად. ასევე უარყოფითად ვაფასებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მხოლოდ რევოლუციური სცენარია მისაღები

მოკლედ თუ შევაფასებთ, ქვეყანაში დღეისათვის შექმნილ პოლიტიკურ კონფიგურაციას, მივიღებთ შემდეგ სურათს: მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ,,ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ამოწურა თავისი რესურსი, მისი მმართველობა არაეფექტურია და ეს აშკარაა ყველა სფეროში.

,,ნაცმოძრაობას“, რომლის მმართველობის დროსაც ადგილი ჰქონდა არაერთ სისტემურ დანაშაულს, მხარს უჭერს ამომრჩეველთა დაახლოებით 25%.

მესამე პოლიტიკური ძალა (,,ლელო“, ,სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის“ და სხვა) ამ ეტაპზე სუსტია ხელისუფლებაში მოსასვლელად.

,,ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ამოწურა თავისი რესურსი... „ნაცმოძრაობას“, მხარს უჭერს ამომრჩეველთა დაახლოებით 25%... მესამე პოლიტიკური ძალა -,,ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის“ და სხვა ამ ეტაპზე სუსტია ხელისუფლებაში მოსასვლელად... ყველაფერი ეს, უახლოეს მომავალში ქვეყანას აყენებს მნიშვნელოვანი და ძალზე სახიფათო გამოწვევების წინაშე

ვფიქრობ, არც ე.წ. ,,კოალიციურ მთავრობას“ გააჩნია პერსპექტივა, რადგან კიდევაც რომ ჩამოყალიბდეს, გაძლებს არაუმეტეს 2-3 თვეს და შემდეგ ისევ მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს. ყველაფერი ეს, უახლოეს მომავალში ქვეყანას აყენებს მნიშვნელოვანი და ძალზე სახიფათო გამოწვევების წინაშე.

- ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდის მტკიცებით 2 ოქტომბერი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი რიტორიკა აშკარად სცდება მუნიციპალური არჩევნების თემატიკას.

ასეთ ვითარებაში ყველაზე აქტუალური საკითხია - 2 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის. თქვენთვის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის?

- პირადად ჩემთვის ნათელია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე წყდება არა მხოლოდ ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების არჩევნების, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხიც.

2 ოქტომბრის არჩევნებზე წყდება არა მხოლოდ ადგილობრივი მმართველობებისა და თვითმმართველობების არჩევნების, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხიც

,,ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. ,,შარლ მიშელის“ შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლა მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ამის დადასტურებაა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადება.

აქედან გამომდინარე, თუ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება“ მიიღებს ამომჩეველთა ხმების 43% -ზე ნაკლებს, ის ვალდებული და იძულებული იქნება 2022 წელს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს