გორში სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - მიმაჩნია, რომ არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს, საქმე აგებულია იმ ფრაზეოლოგიაზე, რაც მოპოვებულია მოსმენების შედეგად

შიდა ქართლში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთის, კუკური ნოზაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, სატელეფონო მოსმენების და თვალთვალისას მოპოვებული გარკვეული ფრაზეოლოგიის საფუძველზე ედავებიან და სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით (რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს) გათვალისწინებული ბრალის დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.

მამუკა ნოზაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა პირები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„2 სექტემბერს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული კუკური ნოზაძისა და სხვათა დაკავების თაობაზე განჩინება. საგულისხმოა, რომ თითქმის 14 დღეა გასული და დღეს მოხდა დაკავება, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არ იყო დაკავების არანაირი საფუძველი, ვინაიდან არც მიმალვას აპირებდა კუკური ნოზაძე და არც, ვთქვათ, მოწმეებზე ზემოქმედებას და ა.შ“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია მოსმენების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით.

„სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით, ეს არის ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება. მიმაჩნია, რომ არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, უბრალოდ, როგორც ყველას უსმენენ, ესეც არის მოსმენების შედეგად შეთხზული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით და საქმე აგებულია იმ ფრაზეოლოგიაზე, იმ საუბრებზე, რომელიც არ შეიცავს არანაირი დანაშაულის ნიშნებს. რაც ჩემთვის ცნობილია, გარდა ამ ფარული თვალთვალის შედეგად ჩაწერილი სატელეფონო საუბრებისა, არაფერი არ არსებობს საქმეში. დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ, ბრალის წარდგენის შემდეგ უფრო ნათლად გვეცოდინება ვის რა ბრალს უყენებენ და რა მტკიცებულებების საფუძველზე“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, შიდა ქართლში - გორსა და ხაშურში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა ათამდე პირი დააკავეს, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა