ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გააცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა 4-წლიანია და ის ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
„ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი მათი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.
რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.
რეზერვში ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზეonlinebct.mod.gov.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























