პრემიერი - მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს ყველა ინფორმაცია, რომელიც გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო

მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ ყველა პირი, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„მეგის ქარდავა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი, იმ სასტიკი და სადისტური დავალებების შემსრულებელი. მისი ექსტრადაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია და ინტერესი იყო, რომ ყველა ეს პირი წარდგენილ იქნეს მართლმსაჯულების წინაშე.

სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს. სიმბოლური დამთხვევაა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ეს უბრალოდ, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

რა იყო დახურულ კარს მიღმა, ბუნებრივია, მე შევეცდები, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას, ვინაიდან რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოგვაქვს, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის და ზოგადად უწყებების, ვინაიდან მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, მასალები, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ უკრაინულ მხარეს. მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გამოიძიეს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის ე.წ კასრების საქმე, „სადაც არნახული, წარმოუდგენელი სისასტიკისა და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და საზოგადოებამ“.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მეგის ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც წარმოუდგენელი სისასტიკით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მხოლოდ ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.

„ყველამ იხილა, თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა გავახსენო მოსახლეობას. ამ მასალის შემადგენელი ნაწილი იყო ერთ-ერთი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავდათ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს არაადამიანმა, რადგან ეს ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. მინდა, ეს ისტორია შევახსენო მოსახლეობას და აღვნიშნო, თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღეს შერკინება და რა ძალა იბრძვის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. დავალება იყო, რომ ამ ადამიანს თავის თავზე უნდა დაებრალებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია - რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. წაიყვანეს, მოიტაცეს ოჯახიდან, ფეხმძიმე მეუღლეს სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელი მოეშალა, წაიყვანეს ადამიანი, საშინელებები დამართეს, წაიყვანეს გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიებით. ამის შემდეგაც ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, რადგან ამ ადამიანმა გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და ეს არის მათი ხელწერა. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი. ასევე, მინდა გავიხსენო სააკაშვილის ერთ-ერთი მიმართვა ჯარის მიმართ, ასეთი კაცი ხელმძღვანელობდა სამხედრო პოლიციას. მე შემთხვევით არ გამიხსენებია სერგო თეთრაძე, რომელიც სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს იყო რუსეთის ჯაშუში, წაიყვანეს, აწამეს, საშინელებები დამართეს, აღარ მინდა გავიმეორო და ტკივილი მივაყენო მის ოჯახს და ასე წამებით მოკლეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო