ირაკლი კობახიძე - 20 ივნისის სპეცოპერაციისას უამრავი სერიოზული ხარვეზი იყო, რაც შეეხება ადამიანების დაშავებას, ამაში მთავარი დამნაშავეა ნიკანორ მელია და „ნაცმოძრაობა“

20 ივნისის სპეცოპერაციისას უამრავი სერიოზული ხარვეზი იყო- რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ასე შემდეგ, ამაში მთავარი დამნაშავეა ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, -ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას 20 ივნისთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძე განმარტავს, 20 ივნისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ.

“რაც შეეხება 20 ივნისის სპეცოპერაციას და იქ არსებულ ძალიან სერიოზულ ხარვეზებს, ამაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. ამაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი იყო, იგივე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა სპეცდანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია შემდეგ ვითარების გართულება და ის შედეგები, რომელიც სამწუხაროდ, დადგა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს“,-აღნიშნავს კობახიძე.

კითხვაზე, იზიარებს, პრემიერის განცხადებას, რომ 20 ივნისს, „უდანაშაულო ხალხს თვალები დათხარეს“, კობახიძე განმარტავს, რომ აღნიშნულში მთავარი დამნაშავეა „ ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“.

„მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაშვებული იყო უამრავი ხარვეზი. რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ასე შემდეგ, ამაში მთავარი დამნაშავეა ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმ დღეს ახორციელებდა შტურმს პარლამენტის შენობაზე“,-აღნიშნავს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია ორი ოქტომბრის შემდეგ პარლამენტიდან გარეთ გადაინაცვლებს, კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ, შესაძლოა „არჩევნების შემდეგაც გადავიდნენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე“.

„ ამის მოლოდინი არსებობს. ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, მათ შორის, ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ ალბათ, აუცილებლად გადავლენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე ამ არჩევნების შემდეგაც. ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება.

არავითარი რესურსი არ აქვთ იმის, რომ თუნდაც საბოტაჟი განახორციელონ და რაიმეს მიაღწიონ ამ საბოტაჟით. სამწლიანი მშვიდი განვითარების საშუალება ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია 2 ოქტომბერს სათანადოდ ჩავატაროთ ეს არჩევნები, ამის შემდეგ 3 წელი მშვიდად განვითარდება ეს ქვეყანა, რაც ეკონომიკური პროგრესის საშუალებას მოგვცემს, სოციალური მიმართულებით განვითარების საშულებასაც, ჩვენი საგარეო პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას“, -აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში 2019 წლის 20 ივნისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა. მისივე თქმით, 20 ივნისს, უდანაშაულო ადამიანებს დათხარეს თვალები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს