ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”

რა შეცვალა ლატარიამ - წახალისების მიუხედავად, აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს

ლევან ალაფიშვილი - “მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა”

“ოცნების” არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა გახარიას სახით “მესამე პოლუსი” გააჩინოს, - საყვარელიძე

მამუკა ხაზარაძე - “სამწუხაროდ, ხალხი არ არის მზად იმისთვის, რომ არჩევანი პარტიის პროგრამის მიხედვით გააკეთოს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”

“რაც მოხდა, აბსოლუტურად, მიუღებელი და ბურუსით მოცული პროცესია. გამომძიებლები არა ვართ, რომ გავერკვეთ იმ წინააღმდეგობრივ ინფორმაციაში, რაც ვრცელდება. ისმის უამრავი შეკითხვა, ვინ აწარმოებდა ამ ფარულ მოსმენებს? პირველი, სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარ მიყურადებასა და ჩანაწერების დასაწყობებას ეწეოდნენ არა მარტო სახელმწიფო უწყებები... “ - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ” / “მეგის ქარდავას ამ პრეცედენტმა, ვფიქრობ, შიში გააჩინა იმათ შორის, ვინც ჯერ კიდევ ახერხებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას”.

“თუ ეს ჩანაწერები სუს-მა გააკეთა, ჩნდება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა - არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინება თუ მიყურადება უკანონოდ ხდებოდა?თუ სუს-ი ასეთი ორგანიზებული უწყებაა, ახერხებს ასეთ მასშტაბურ თვალთვალსა და მიყურადებას, როგორ მოხდა, რომ ამხელა ინფორმაცია გასაჯაროვდა? მოკლედ, არის კითხვების მთელი კომპლექსი, რომელზეც პასუხები არა გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პროცესებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მან უნდა გაარკვიოს, რა ხდება, რა სქემასთან გვაქვს საქმე და პასუხი აგებინოს ყველა დამნაშავეს. დღეს ტექნოლოგიები ისეთ დონეზეა განვითარებული, არ გამოვრიცხავ ამ პროცესში ჰაკერების ხელს და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობას. თანაც ეს ხომ პირველად არ მოხდა. წინა პერიოდს რომ თავი დავანებოთ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ხომ მუდმივად იყო ამგვარ ჩანაწერებზე ლაპარაკი. ვინმე დაიჭირეს ამისთვის და აგებინეს მკაცრად პასუხი? მე რაღაც არ მახსენდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“დღეს ამგვარი ჩანაწერების გასაჯაროება რომ “ქართული ოცნების” ინტერესში არ შედის, ცხადია. ისიც აშკარაა, რომ ამის გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია, მაგრამ უნდა ითქვას უმთავრესი - ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. ეს თუ ქვეყანაშია გაკეთებული, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასე მუშაობდე, არ შეიძლება საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სახელმწიფო ინტერესებს აზარალებდე, მით უფრო, რომ ასეთი ტიპის სვლები, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ მოგებას არავის მოუტანს. ამომრჩეველი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნანახი ბინძური თამაში ისევ ბრმად დაიჯეროს. ეს ყველაფერი უკვე არაერთგზის ვნახეთ. მთელი ქვეყანა დეჟავიუს სინდრომით ცხოვრობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს ჩანაწერები, ის, რომ ისინი გამოაშკარავდა, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში სუს-ი თავის საქმეს ვერ აკეთებს. გინახავთ, ამ 9 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში მაინც დაეჭიროთ? რა, ჯაშუშები არ არიან საქართველოში? სავსეა ქვეყანა უცხო ქვეყნის აგენტებით. პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდეს იმ სახელმწიფოს ინტერესებით, რომელსაც არეულობა სურს საქართველოში. რასაკვირველია, ეს არის ვერსია და საამისო მტკიცებულება არა გვაქვს, მაგრამ აუცილებელია ამ თვალსაზრისითაც ფიქრი. დაახლოებით 400-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. მათ საქმიანობას არავინ იკვლევს. მოკლედ, რაღაც ძალიან არასწორად იმართება ამ სახელმწიფოში. სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან თვითგადარჩენაზე და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე და ეს ყველაფერი ამის შედეგია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გახარიას შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რომ ეშინიათ გახარიასი. მან ღიად თქვა, პარტიული ხაზი არ მომწონს და მე ჩემს გზას უნდა გავყვეო. არაფერი დაუმალავს, საჯაროდ განაცხადა საკუთარი მიზნები. ხოლო როცა ღალატზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ გაცილებით სხვა მოვლენებს. მაგალითად, არც ერთი პარტიის საიდუმლო სხდომა არ რჩება საიდუმლოდ, მაქსიმუმ 15 წუთში ყველამ ყველაფერი იცის, რადგან ამ სხდომებიდან მომენტალურად გამოაქვთ ინფორმაცია. ეს არის ღალატის ყველაზე მსუბუქი მაგალითი. რაც შეეხება გახარიას ნარკომომხმარებლობას, ეს რომ ასე არ არის, როგორც ვიცი, უკვე დაადასტურა ვენაში ჩატარებულმა კვლევამ. სიმართლე გითხრათ, ამის გარეშეც კარგად ჩანდა, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდება იყო. გახარია ძალიან აქტიური და ქმედითი ადამიანია, რომელიც პრემიერობისას პანდემიის პერიოდში 24 საათი მუშაობდა, შეუძლებელია ნარკომანი ასეთი აქტიური იყოს. ნარკოტიკის მომხმარებელი რომ იყოს, მისი პოტენციალი უკვე დიდი ხნის წინ დეგრადირდებოდა”, - თვლის სანდრო თვალჭრელიძე.

“გახარიას ნარკომომხმარებლობაზე ლაპარაკობს მმართველი პარტიის ორი ყველაზე ოდიოზური ფიგურა - კობახიძე და ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროცესი კალაძემ წამოიწყო, მისი განცხადებები ყველაზე მოზომილია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევნების შემდეგ კახა კალაძისა და “ქართული ოცნების” გზები ნელ-ნელა გაიყოს.რაც შეეხება ღარიბაშვილსა და კობახიძეს, ამ ორ პიროვნებას საბოლოო გაჩერების სინდრომი დაემართა, რაც გულისხმობს იმგვარ ვითარებას, როდესაც ადამიანი იკავებს პოზიციას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლებლობებს, რა დროსაც იწყება მისი პიროვნების დეგრადაცია. შეადარეთ დღევანდელი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დროინდელ პრემიერ ღარიბაშვილს. მათ შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის”, - ამბობს რესპონდენტი.

“კომიკურია, რომ რაც უნდა ხდებოდეს, ყველაფერი უკვე გახარიას ბრალდება. მათ შორის 20 ივნისიც, არადა, რა ხდებოდა მაშინ? ყველანი იყვნენ პარლამენტის შენობაში, ცახცახებდნენ შიშისგან და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოქმედებდა, იყო გახარია. იმ დღეს თუ რამ გადაცდომა მოხდა, ამაზე პასუხისმგებელია გახარიასთან ერთად მთელი იმჟამინდელი ხელისუფლება. მოკლედ, დღეს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ასეთი დონის ციცერონები გვყავს, სამწუხაროდ... ის, რაც დღეს ხდება `ქართულ ოცნებაში~, აჩვენებს, რომ ამ პარტიას ჰუმანური რესურსების დიდი დეფიციტი აქვს. გახარია დღეს ცდილობს დაიკავოს მესამე ძალის პოზიცია, რომელზეც მე უკვე წლებია ვლაპარაკობ. ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. “ქართული ოცნება” კი ცდილობს ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” გააიგივოს, რათა ისევ ორპოლუსიანი დატოვოს პოლიტიკური ველი, რაც “ოცნებასაც“ და “ნაცმოძრაობასაც” აწყობთ”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “გასულ კვირას უკრაინიდან მეგის ქარდავა ჩამოიყვანეს...” - პასუხობს:

“მისი ჩამოყვანა დაგვიანდა, თუმცა ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ვფიქრობ, საინტერესო პროცესი იწყება. ვიმედოვნებ, ყველა დანარჩენიც, ვისაც ადამიანების წინააღმდეგ მიუძღვის ბრალი, პასუხს აგებს. მეგის ქარდავას ამ პრეცედენტმა, ვფიქრობ, შიში გააჩინა იმათ შორის, ვინც ჯერ კიდევ ახერხებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ეს აჩვენებს იმასაც, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა რაღაც დონის პროფესიონალიზმს მიაღწიეს, მოახერხეს დაემტკიცებინათ უცხოელი კოლეგებისთვის ქარდავას ბრალეულობა, რაც რამდენიმე სხვა შემთხვევაში ვერ მოხერხდა. ამბობენ, ეს პოლიტიკური შეთანხმების თემა იყო და წინასაარჩევნო პიარისთვის გააკეთა ხელისუფლებამო, მაგრამ ვეჭვობ, საქართველოდან წარდგენილი დოკუმენტაცია საერთაშორისო მოთხოვნებს თუ ვერ დააკმაყოფილებდა, ვინმეს ქარდავას გადმოცემა პოლიტიკური შეთანხმების გამო გაებედა”.

“რაც შეეხება არჩევნებს, რთულია მასშტაბური პროგნოზის გაკეთება, ვანგა არა ვარ და ბევრს ვერაფერს ვივარაუდებ, მაგრამ მგონია, რომ გახარიას პარტია აუცილებლად მიიღებს ორნიშნა მხარდაჭერას. იქნება თუ არა ეს ამ არჩევნების შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკმარისი, არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დაიწყება მესამე ცენტრის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უკვე შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ეს არჩევნები სწორედ ამიტომაც არის ზოგადეროვნული მნიშვნელობის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური პროცესების, მიმართულებების და ძირითადი ტრენდების მკვეთრი შეცვლა”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

რა შეცვალა ლატარიამ - წახალისების მიუხედავად, აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს

“ბოლო ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის წამახალისებელი ლატარია დაწესდა, ორი დოზით აცრილთა რიცხვი 107,206 ადამიანით გაიზარდა. დღეისათვის სრული ვაქცინირებულია მოსახლეობის 24.6%, რაც ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, არასაკმარისია წლის ბოლოსთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. 19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შეცვალა ლატარიამ - წახალისების მიუხედავად, აცრის მსურველთა რაოდენობა იკლებს.

“12 სექტემბერს, ანუ წამახალისებელი ლატარიის დაწყების წინ, ერთი დოზით აცრილი იყო 897 427 მოქალაქე, ხოლო სრულად ვაქცინირებულია - 593 944. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 სექტემბერს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიური აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 14 071 ადამიანი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წამახალისებელი ლატარიის მიუხედავად, ბოლო დღეებში ქვეყანაში აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება შეინიშნება. “ზოგადად ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის სტაბილიზაციისკენ. ერთადერთი, რაც გუშინ, გუშინწინდლიდან გამოჩნდა, ეს არის სამწუხაროდ აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება. შაბათ-კვირას ისედაც გვიმცირდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე პარასკევსაც და ხუთშაბათსაც შეეტყო, რომ შემცირების ტენდენცია აქვს აცრების მაჩვენებელს და ეს ძალიან ცუდია. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება აგვისტოს ბოლო დეკადიდან ძირითადად განპირობებული იყო იმ რეგულაციებით, რაც იყო შემოღებული, აცრების შედარებით მაღალი მაჩვენებლით და კარგი გამყოლობით. ასევე, აღსრულების კონტროლის უფრო გაუმჯობესებით”, - თქვა გამყრელიძემ, რომლის აზრით, “თუ ეს ახლა მოეშვა, რა თქმა უნდა, იქნება ეპიდსიტუაციის კვლავ გაუარესების საშიშროება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე გამყრელიძეს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ტემპები დამაკმაყოფილებელია თუ არ ჩავთვლით იმ ზოგად ტენდენციას, რომ შაბათ-კვირას გაცილებით ნაკლები ადამიანი იკეთებს აცრას, ვიდრე კვირის სხვა დღეებში. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ რა გავლენა აქვს წამახალისებელ ლატარიას ვაქცინაციის პროცესზე, თუმცა მოქალაქეებისთვის მეტი სტიმულის მიცემაა აუცილებელი. `ჯერჯერობით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ლატარიამ ვერ შეძლო მოქალაქეთა მობილიზება აცრისაკენ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი წამახალისებელი ღონისძიება ამ მხრივ მისასალმებელია, ვნახოთ რა იქნება მომავალ დღეებში~, - ამბობს კახაძე, რომლის თქმით, `საკმაოდ შესამჩნევ ტენდენციად იქცა ის ფაქტი, რომ აცრილთა ყოველდღიური მაჩვენებელი შაბათ-კვირას ანუ დასვენების დღეებში ზოგადად საგრძნობლად იკლებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე ვერ ვხვდები ამის გამომწვევ მიზეზებს - ნუთუ უკეთესი არ არის სწორედ დასვენების დღეებში ვაქცინირება, მაშინ, როდესაც სრულად ვთავისუფლდებით სხვა საქმეებისგან? მართალია, ნელი ტემპით მიმდინარეობს ეპიდსიტუაციის დარეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ პოპულაციური იმუნიტეტი არის ერთ-ერთი დამცველი რგოლი ნებისმიერი შტამის წინააღმდეგ. ძალიან კარგი იქნება, თუ აცრების ყოველდღიური რაოდენობა 30 000 გადასცდება, რადგან ვირუსი სწორედ იმ ადამიანის ორგანიზმში გენერირდება რომელიც ვაქცინირებული არ არის, ხოლო ვაქცინაცია ამ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის და აგვაცილებს ახალ საფრთხეებს. ჩვენ დავწიეთ ასაკი და 18 წლის ნაცვლად 16 წლიდან არის დასაშვები ვაქცინაცია. თუ ამ ასაკის მოზარდებშიც გაიზრდება აქტივობა, წლის ბოლომდე, ნებისმიერი შეფერხების მიუხედავად, მოსახლეობის 60-70 % გვეყოლება სრულად ვაქცინირებული, რაც ძალიან კარგია. უკეთესია მეტსაც მივაღწიოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ სტაბილურ ვითარებას მივიღებთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

ლევან ალაფიშვილი - “მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა”

“სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, წელი არ გასულა, ფარული ჩანაწერების თემა პრობლემური და აქტუალური არ ყოფილიყო. იყო ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო გადატრიალება, საბურავების რევოლუცია, უკრაინული ვიკილიქსი, საზღვარგარეთ ატვირთული ფაილები, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საგამოძიებო საქმიდან გამოტანილი მასალები, ანუ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ეს საჯარო სივრცეში მიღებულ საკითხად დამკვიდრდა, ჩვენ კი, როგორც ჩანს, სათანადო რეაქცია არ გვქონდა, რომ ხელისუფლებას მოეხდინა პრევენცია, ან საკუთარ უწყებებში გაერკვია, ვინმე უკანონო საქმიანობას ხომ არ ეწეოდა... ან უარესი - თვითონ ხომ არ არის ამ ყველაფრისთვის სანქციის გამცემი?..”, - აცხადებს იურისტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვიკილიქსი” ქართულად ანუ დიდი ფსიქოლოგიური შეტევა / “მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა”.

“ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, ვიყოთ აქტიურები, მოვითხოვოთ მეტი, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. მხოლოდ ასე შეიძლება ვაიძულოთ საკუთარი თავი და ხელისუფლება, რომ შევქმნათ უკეთესი, განვავითაროთ ჩვენი დემოკრატია და არა პირიქით - ჩავთვალოთ, რომ ჩვენ არ გვეხება, მივიყურისძიროთ და საბოლოოდ ყველა ერთად ჩავეფლოთ იმ წუმპეში, რასაც საბჭოური ტოტალიტარული მართვის სტილი ჰქვია. სიმართლე გითხრათ, მესმის მმართველი პოლიტიკური ძალის მძიმე მდგომარეობა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი ის საკუთარ ლოგიკაში გაიხლართა. გავრცელებისთანავე ითქვა, ეს “ნაცმოძრაობის” შემოქმედებააო, ზუსტად მეორე დღეს კი გვარწმუნებდნენ, გახარიასა და მისი გუნდის ნამოქმედარიაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“რაც მთავარია, იმავე დღეს მათი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, უარესი შეიძლება გველოდეს და დღევანდელი განცხადებები თავდაყირა დადგებაო. მმართველი პოლიტიკური ძალის ერთადერთი სწორი რეაგირება იქნებოდა ამ ჩანაწერების გამკეთებლის თუ დამვალებლის საქმიანობის კანონიერების შემოწმება (თუ ისინი ავთენტურია) საზოგადოების მონაწილეობით და შემდგომ ამისა, რა თქმა უნდა, იმ სუბიექტის იდენტიფიცირება, რომელმაც საჯარო გახადა ეს ე.წ. კარტოთეკა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კანონმდებლობაც კი - აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო კანონმდებლობაზე - იცავს ხელისუფლების უკანონო საქმიანობის მამხილებელს და შესაძლოა ამიტომაც აყოვნებს მმართველი პოლიტიკური ძალა ადეკვატურ რეაგირებას”, - განაგრძობს იურისტი.

“კი ბატონო, შეიძლება გავიგოთ ვინ გაავრცელა, მაგალითად, ეკა ბესელიას შესახებ ფარული ჩანაწერები, მაგრამ ვინ ჩაწერა, ვის მიუწვდებოდა ხელი ამ ტიპის ტექნიკაზე, გავიგეთ? ვერა! მაშინ უნდა დავსვათ კითხვა: ჩვენნაირ სახელმწიფოში ვის მიუწვდება ხელი ისეთ აპარატურაზე, ამ მასშტაბის ჩანაწერები რომ განახორციელოს? ერთადერთი სუბიექტია სახელმწიფო! ანუ სად უნდა ეძებოს სახელმწიფომ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩამწერი და სანქციის გამცემი? რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში და თუკი ვინმემ ამხილა ის სისტემა, მამხილებელი კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ ჩამწერი. ამ საკითხებზე რეაგირებისთვის საკმარისი არ იქნება რომელიმე უწყების გამოძიება, რადგან ვიცით, რომ ეს ინსტიტუტები მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობენ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ასეთი საქმეები წლობით თაროზეა შემოდებული. საჭიროა საზოგადოების ჩართულობით ისეთი ფორმატის შექმნა, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც სისტემურად გამოიძიებს ამ საკითხს. ამას კი მოჰყვება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სისტემური რეფორმები. შეგახსენებთ, რომ “ოცნების” მთავრობა და დღევანდელი პრემიერი იყო მაშინ ის მინისტრი, რომელმაც შექმნა კომისია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე კარგად იცის როგორც ფარული მიყურადების პრობლემურობა, ასევე ამ პრობლემაზე რეაგირება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ახლა ორივეს შემოქმედი თვითონ არიან - ფარულადაც უთვალთვალებდნენ, როგორც ჩანს, და 2012-დან 2014 წლამდე თვითონვე გამოიძიეს ეს საკითხი კომისიის და არა რომელიმე საგამოძიებო უწყების ფორმატით. ასე რომ, “ოცნებამ” ყველაზე კარგად უნდა იცოდეს ამ პასუხისმგებლობის ფასიც და შესაბამისი რეაგირებაც შეძლოს. მთავარია, სისტემურად მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, სისტემური მოწესრიგების გადაუდებელ აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2013 წელს მიუთითებდა “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ტომას ჰამარბერგი. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მან “ოცნებას” მისცა კონკრეტული დოკუმენტი და რჩევები, რომლებიც სისტემურ რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, მაგრამ არ მგონია, თავიანთივე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინათ, თორემ ყოველწლიურად ასეთი შემთხვევები არ გვექნებოდა” - დასძენს ლევან ალაფიშვილი.

“ოცნების” არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა გახარიას სახით “მესამე პოლუსი” გააჩინოს, - საყვარელიძე

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააწყვილოს და გაათამაშოს იგივე ორპოლუსიანი ფორმულა, რაც წინა არჩევნებზე მათთვის მომგებიანი იყო. თუმცა აღნიშნულ ორპოლუსიანობაში, შესაძლოა, ამომრჩეველმა მესამე პოლუსი წამოწიოს გახარიას სახით - პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მმართველ გუნდს გახარიას კრიტიკით არასწორი გზა აქვს შერჩეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა გახარიას სახით “მესამე პოლუსი” გააჩინოს, - საყვარელიძე.

“პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გახარიას ხელწერა ადამიანებისთვის თვალების დათხრაა, რაზეც მმართველი გუნდი თავის დროზე შეშფოთებული იყო. “ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამე და ვკითხულობდი სად არის წყალი, გაზი. დაუშინეს და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში. პრემიერის მწვავე კრიტიკას გახარიას მიმართ, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აფასებს. ის აღნიშნავს, რომ “ოცნებისთვის” წამგებიანია ასეთი შეფასებები, რადგან თავის დროზე სრულიად განსხვავებულად აფასებდნენ აღნიშნულ მოვლენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წამგებიანია ამგვარი შეფასება “ქართული ოცნების” მხრიდან, რადგან თავის დროზე სრულიად სხვაგვარი შეფასებები ჰქონდათ აღნიშნული მოვლენების და როდესაც მმართველი პარტია რადიკალურად ცვლის შეფასებებს იმის მიხედვით, კონკრეტული ადამიანი მასთან არის თუ მის გარეშე, ეს არასწორია - შესაძლოა ამგვარმა განცხადებებმა “ოცნების” ამომრჩეველი გაანაწყენოს. “ოცნებას” აქვს სტრატეგია, რომ ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია. ამ შემთხვევაში გახარია მათი კონკურენტიც არის, თუმცა ყველაფერი, რაც წარსულში იყო, გახარიას “ოცნებასთან” აკავშირებდა და პირიქით, ამიტომ ვფიქრობ მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა აღნიშნული განცხადებების მოსმენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააწყვილოს და გაათამაშოს იგივე ორპოლუსიანი ფორმულა, რაც წინა არჩევნებზე მათთვის მომგებიანი იყო. თუმცა აღნიშნულ ორპოლუსიანობაში, შესაძლოა, ამომრჩეველმა მესამე პოლუსი წამოწიოს გახარიას სახით. ერთი შეხედვით აღნიშნული სტრატეგია სწორია, რადგან აქამდე ასარჩევი მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და „ოცნება” იყო, სადაც მოგებული “ოცნება” რჩებოდა. შეიძლება ახლაც გაამართლოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ შეცდომაა, რადგან ორპოლუსიანობა შეიძლება არ ჩაჯდეს მოსახლეობის სტანდარტებში და მაშინ ეს პოლიტიკა უკვე წამგებიანი იქნება. “ოცნებას” წინასაარჩევნოდ გახარიასთან მიმართებაში არასწორი გეზი აქვს, თუმცა დანარჩენი მათთვის ჩვეული მოდელია”, - დასძენს საყვარელიძე.

მამუკა ხაზარაძე - “სამწუხაროდ, ხალხი არ არის მზად იმისთვის, რომ არჩევანი პარტიის პროგრამის მიხედვით გააკეთოს”

“ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ. თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენისა და თვალთვალის ფაქტები, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უდიდეს სკანდალში გაეხვია. ეს ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა. ფრაქცია “ლელო” მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება”, - წერს “ლელოს” ლიდერი თავის “ფეისბუკის” გვერდზე. მოსმენების, თვალთვალისა და წინასაარჩევნო ახალ რეალობაზე “კვირის პალიტრას” მამუკა ხაზარაძე ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ეს არის შეტევა ეკლესიაზე“.

“მე არ მესმის მმართველი გუნდის ლიდერების ლოგიკის, - ფარული ჩანაწერების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგასო. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, სულ რაღაც ორი თუ სამი წლის წინანდელია. რა გამოდის, ამ პერიოდშიც “ნაციონალები” მართავდნენ უშიშროების სამსახურს?! თუ ასეა, ნამდვილ კატასტროფასთან გვქონია საქმე. ფაქტი ერთია - მასობრივად ჩაწერეს მოქალაქეების საუბრები, დაარღვიეს კანონი, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები. “ლელო” ამიტომაც მოითხოვს პარლამენტში სპეციალური პლენარული სხდომის მოწვევას, ასევე სუს-ის უფროსისა და პრემიერის დაბარებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “რამდენად გჯერათ გახარიას გულწრფელობის, როდესაც ამბობს, რომ არაფერი იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ პრემიერობის დროს?” - პასუხობს:

“ეს არის ტყუილი, არაკომპეტენტურობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სურვილი. გახარიასა და “ქართულ ოცნებას” ერთი ხელწერა აქვთ - ყველა გაფუჭებულ საქმეზე, ფეხბურთით დაწყებული, ლარის კურსით დამთავრებული, ყველა პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ ეს მას არ ეხება. რა ეხებათ, ჩამოყალიბდნენ. თუ არაფერი ეხებათ და არაფერზე პასუხს არ აგებენ, რა უნდათ ხელისუფლებაში?! რაც შეეხება ჩემს ვერსიას, თუ ვის ინტერესებში შედის ამ ჩანაწერების გავრცელება - ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა, შეტევა ეკლესიაზე. ეკლესია დღემდე ყველა ინსტიტუციაზე დიდი ნდობით სარგებლობს. შესაბამისად, ვიღაცებმა პატრიარქისა და მაღალი სამღვდელო იერარქიის პირების დისკრედიტაცია სცადეს”.

“ამაზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება. წარმოუდგენელი რამ მოხდა - ეს კაგებეშნიკური სისტემა პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნესსაქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა. ეს ფაილები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, აღდგენის რისკების გარეშე. ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟსა და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ... ევროკავშირი ვენის კონვენციის დარღვევასა და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევას ასე მარტივად არ გვაპატიებს. აქ მხოლოდ იმაზეც არ არის საუბარი, რომ ვენის კონვენცია დავარღვიეთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. როგორ გგონიათ, ეს ფაილები ჟურნალისტებს აქვთ და მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურებს არა?! გამოსავალი ერთადერთია - 2 ოქტომბერს ხალხმა ოპოზიციურ სპექტრს უნდა მისცეს ხმა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მთლიანი გადატვირთვის გარეშე ქვეყანას არაფერი ეშველება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, გახარიამ უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარაო. არადა, ამ ადამიანისა და მისი გუნდის სხვა წევრებისგან რამდენიმე თვის წინ სულ სხვა რამეს ვისმენდით. წარმოუდგენელია ასეთი ორმაგი სტანდარტები. ცოტა ხნის წინ გახარიამ გვამცნო, ვენის ექსპერტიზის ბიურომ ჩემ მიერ ნარკოტიკების მოხმარება არ დაადასტურაო. მე მასთან კითხვა მაქვს: როდესაც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ წერილზე მისი ანაბეჭდების კვალი ვერ დაადგინა, მაშინ რატომ არ გადაგზავნა ანალიზები ვენაში? რა გამოდის, როდესაც სჭირდება, მაშინ ენდობა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზას, და როცა არ სჭირდება, არ ენდობა? ეს სკანდალი არ არის, ეს სისტემური რღვევაა. დღეს ქვეყანას უსაფრთხოების სამსახური არ ემსახურება. სუს-ი ფუნდამენტურად დასაშლელია, თავიდან არის ასაწყობი, ისევე როგორც სახელმწიფო”, - ამბობს “ლელოს” ლიდერი.

“სამწუხაროდ, ხალხი არ არის მზად იმისთვის, რომ არჩევანი პარტიის პროგრამის მიხედვით გააკეთოს. ჩვენ აქცენტი მთლიანად პროგრამებზე, პროფესიონალებსა და ახალ სახეებზე გვაქვს გადატანილი. ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ ინერციით მიდის, ინერციაში კი ისევ ორი პოლუსი მძლავრობს. ვისაც ამ მოცემულობის შეცვლა სურს, 2 ოქტომბერს შესაბამისი არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩვენ სულ ახალი პარტია ვართ, მაგრამ გვაქვს კურსი, რომლისთვისაც არასდროს გადაგვიხვევია. ჩვენმა პრინციპულობამ განაპირობა შარლ მიშელის დოკუმენტში “ქართული ოცნების” 43%-იანი დათქმისა და შესაბამისად, რეფერენდუმის შეტანაც. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ჩვენვე ავიღეთ მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა. ახლა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამის გამო გვაკრიტიკებდნენ, თავად ლაპარაკობენ რეფერენდუმზე. რაც უნდა თქვან “ოცნების” ლიდერებმა, მაინც მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდებოდა. იმთავითვე ვირწმუნებოდით, რომ ვადამდელი არჩევნები 2022 წელს იქნება და ასეც მოხდება”, - დაასკვნის მამუკა ხაზარაძე.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო