მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მე-14 ამცრელი ამბულატორია გაიხსნა.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამიერიდან, მოქალაქეებს ვაქცინაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთშიც შეეძლებათ, სადაც აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს.
ქვეშეთის ამცრელ ამბულატორიაში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ თამარ ანდრიაშვილთან ერთად გაეცნო. როგორც დავით ნოზაძემ აღნიშნა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ამცრელი ამბულატორიების გახსნა.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის ამცრელი ამბულატორიების გახსნას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ვაქცინაცია სწორედ ასეთ ამცრელ პუნქტებში ჩაიტარა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების წესები ყველგან დაცულია. ამიტომაც, ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.
ქვეშეთის ვაქცინაციის პუნქტი კვირის განმავლობაში 2 დღე იმუშავებს და 32 სოფელს მოემსახურება.
























