კუნძულ სამოსზე მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა, ევაკუირებულია 550 ადამიანი

საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო 550 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის გაკონტროლება შეძლეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბანაკში არსებული სავალალო პირობების გამო მისი დახურვა და მიგრანტების სხვა, ახლად აშენებულ დაწესებულებაში გადაყვანა მიმდინარე თვის ბოლომდე ისედაც იგეგმებოდა. მიგრანტების გადაყვანის პროცესი ოთხშაბათამდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ 680 ადამიანზე გათვლილ ბანაკში ერთ დროს 7 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
ახალი, 12 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ბანაკი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და რენტგენის სკანერებით. ადამიანის უფლებების დამცველები მიგრანტთა ახალ ბანაკს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის ციხეს ჰგავს.
























