რეგლამენტში აკრძალვა არ არის, იქ წერია, რომ როგორც წესი არ იმართება სხდომები, რაც იმას ნიშნავს სამართლებრივ ენაზე, რომ სხდომები საჭიროებისამებრ იმართება და ეს კარგად იცის კობახიძემ, - ასე პასუხობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება“.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, აუცილებელია სუს-ის უფროსის პარლამენტში დაბარება, რათა მან საზოგადოებაში გავრცელებულ ფარულ მასალებზე არსებულ კითხვებს უპასუხოს.
„დღეს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილებას დაველოდოთ და მერე გრძელვადიან რეფორმებს? ახლა მოქალაქეებს რომ აქვთ კითხვები, მათ შორის ჩემი პარტიის დამფუძნებელს, ჩვენ ყველანი ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის რიგითი ტიპის დანაშაული და დღეს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ამისთვის? მაშინ რატომ არსებობს საპარლამენტო მექანიზმები.
ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს, მოვიდეს სუს-ის უფროსი პარლამენტში, კეთილი ინებოს, დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი და ასევე, კეთილი ვინებოთ დეპუტატებმა, რომელთა უფლებამოსილებაც საარჩევნო პროცესში შეჩერებას არ ექვემდებარება, ჩვენ შვებულებაში არ ვართ. ამისთვის ვართ დეპუტატები, რომ დასასვენებლად არ წავიდეთ”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ნიუსრუმი“.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მოსმენებს და თვალთვალს „ქართული ოცნება“ ადამიანების სამართავად იყენებს.
„ამ უსაშინლეს ფაილებში არის ძალიან მძიმე ინფორმაცია ათას სისულელესთან ერთად, მეასე ხარისხოვანი ინფორმაციებიც აქვთ დაარქივებული. ჩემთვის ეს უფრო იყო შოკისმომგვრელი, რაზე ცდება სახელმწიფო რესურსი, მაგრამ იქ ხომ ჩანს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ძალიან მძიმე, დაწყებული პედოფილიიდან გაგრძელებული, შესაძლო სახელმწიფოს წინააღმდეგ და კორუფციის. რომელზე ჰქონდათ რეაგირება? აბა, რატომ ისმენენ? ხომ ამას გვიმტკიცებენ, რომ აბა, დანაშაულს როგორ უნდა ვებრძოლოთო, სუს-ი თუ არ მოუსმენსო. ამ ფაილებში გაჟღერებულ რომელ ძალიან მძიმე დანაშაულზეა რეაგირება? არც ერთზე. ანუ, გასაგებია, ისინი ამისთვის არ უსმენენ. ისინი უსმენენ და უთვალთვალებენ იმიტომ, რომ ასეთია პოლიტიკური დაკვეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ უსმენენ, მთავარი პრობლემაა, რომ ამ მოსმენების და თვალთვალის მეშვეობით მართავენ ადამიანებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის „მინიმუმ მნიშვნელოვანი მოწმე იმ ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამდა“ ამიტომ მის შესახებ არსებულ კითხვებს გახარიამ დამაჯერებლად უნდა უპასუხოს.
„ეს ადამიანი იყო უშუალო თანამონაწილე, მინიმუმ მნიშვნელოვანი მოწმე იმ ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამდა. დაწყებული ანაკლიის პორტის გაჩერებით, გაგრძელებული ია კერზაიას საქმით. ეს ძალიან მძიმე კითხვები არის გახარიას თავზე დაკიდებული და მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნოს. კარგია, რომ ახლა სწორ პოზიციებს აფიქსირებს მოსმენებთან დაკავშირებით. რა მოვისმინეთ ჩვენ, რომ ის არაფერ შუაშია მოსმენებთან? ან პრემიერი ვერ აკონტროლებდა ძალოვნებს? ეს არ მომისმენია, მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.