თბილისის მერიასთან სამართალდამცველებმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ორი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი.
პარტიის წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე, საარჩევნო პლაკატების განთავსებისთვის გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებას ცდილობდნენ.
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამშენებლო ღობეზე საარჩევნო პლაკატების განთავსებისთვის პარტიის 3 წევრი 3000 ლარით დააჯარიმეს.
„ბატონი კახა გუშინ ამბობდა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს პრეტენზია ან თავს გრძნობს უფლება დარღვეულად, შეუძლია მოვიდეს, მასთანაც კი შევიდეს კაბინეტში და ყველა პრობლემას მოუგვარებს. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ პოლიციელების აღმართულ ჯებირებს, ამ ადამიანებს არ მისცეს უფლება შესულიყვნენ და დაეწერათ განცხადება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანების გათავისუფლება, ეს არის უკანონობა, რადგან არავის აქვს უფლება დააკავოს მაჟორიტარობის კანდიდატი", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.