ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მალე წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო.

თქვენ ერთი თვის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვით - „არჩევნები ვნებიანი იქნება და საარჩევნო კამპანიები - მყრალი.“

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პროგნოზი გამართლდა, მე მაინც გკითხავთ - თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?

- სოციალურ მედიაში ხშირია მცდელობა შექმნილი ვითარება ან რაფაელის ან კიდევ იერონიმ ბოსხის ფუნჯით აღიწეროს. ჩემთვის კი ამ ბოლოდროინდელი მოვლენების სურათი ჩემი სეხნიის, სანდრო ბოტიჩელის „პრიმავერას“ ნეგატივია - მუდმივი გაზაფხულის ნაცვლად ჩვენთან მუდმივი სევდიანი შემოდგომა სუფევს.

სხვათა შორის, კამპანიები ნაკლებად ვნებიანი და მყრალია, ვიდრე მეგონა. თითქოს ბენუარის ლოჟიდან თეატრალურ სანახაობას ვუყურებდეთ, სადაც როლები წინასწარ გაწერილია და აქტიორები რეჟისორის ხისტ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

აქ კი რამდენიმე საკრალური კითხვის დასმა შეიძლება, მაგალითად - ვინ არის ეს რეჟისორი, მარტოა იგი თუ ჩვენ კოლექტიურ შემოქმედებას ვუმზერთ? რაც ჩვენ თავს ხდება, პრემიერაა თუ მხოლოდ გენერალური რეპეტიცია? თუ პრემიერა ჯერ კიდევ წინ გველოდება, როგორი იქნება როლების გადანაწილება 2 ოქტომბრის შემდეგ? და ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ დადგმებსა და სანახაობებს?

ვინ არის ეს რეჟისორი, მარტოა იგი თუ ჩვენ კოლექტიურ შემოქმედებას ვუმზერთ? რაც ჩვენ თავს ხდება, პრემიერაა თუ მხოლოდ გენერალური რეპეტიცია? თუ პრემიერა ჯერ კიდევ წინ გველოდება, როგორი იქნება როლების გადანაწილება 2 ოქტომბრის შემდეგ? და ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ დადგმებსა და სანახაობებს?

შეიძლება ეს ჩემი პატარა შესავალი ცინიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ უდავოა, რომ ყველა ექსცესი, რომელიც ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ, როგორი დრამატულიც ან ემოციურიც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად გათვლილი და დადგმული პიარ-სვლებია.

ობიექტურობა მოითხოვს ცალსახად დავამატო, რომ ამ განსხვავებული ნიჭითა და პროფესიონალიზმით დადგმულ ვოდევილებში მხოლოდ ორი ადამიანი, და ისიც მხოლოდ მეტ-ნაკლებად, არ ერევა. ესენია კახა კალაძე და გიორგი გახარია.

მე ძალიან მომეწონა თქვენი ინტერვიუ ბატონ რამაზ საყვარელიძესთან, სადაც მან მისთვის ჩვეული ანალიზური ნიჭითა და გამჭრიახობით დაასაბუთა, რითი განსხვავდება 2 ოქტომბრის არჩევნები მათი წინამორბედებისაგან - თუ ადრე მხოლოდ ორი პოლარული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა იყო გასათვალისწინებელი და ამომრჩეველი ხმას ძირითადად ან „ქართული ოცნების“, ან „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ აძლევდა, ეხლა პირველად გაჩნდა შესაძლებლობა გამოვიდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან და ხმა მესამე, ცენტრისტულ ძალას მივცეთ.

- ახლა როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო კამპანიები მალე დასრულდება, უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, თუ როგორ მოემზადნენ არჩევნებისთვის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები და ვინ როგორ შეძლო ამომრჩეველთან მუშაობა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები უმეტეს წილად თავისი მხარდამჭერების მობილიზება-კონსოლიდაციაზე იყვნენ ორიენტირებული და გადაუწტვეტელ ამომრჩეველთან მუშაობაზე თავი ბევრს არც შეუწუხებია.

როგორ შეაფასებდით პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიებსა და არჩევნებისთვის მზადებას?

- თქვენ სწორი ბრძანდებით, მაგრამ თუ მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიას შევეხებით. ამ ორ პარტიას ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი და, შესაბამისად, ამ ამომრჩეველზე გათვლილი წინასაარჩევნო კამპანიები დიდი ხანია ხავსმოკიდებულია - „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკა უკიდურესი ექსტრემიზმია რომლის ნათელი მაგალითი ნიკა მელიაა. „ქართული ოცნების“ კამპანია დაფუძნებულია წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენებაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან.

აქვე დავძენ, რომ ამ იურიდიულ აქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის - მან შეუქცევადად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო ძალოვან სტრუქტურებთან ინტერპოლის ჩათვლით და დაუსწრებლად გასამართლებულ პირებს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, დაუსჯელობის სინდრომის განცდა გაუქრო.

ჩვენ ერს კი გაუჩნდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან ყველას საკადრისი მიეძღვნება, რაშიც მე, სხვათა შორის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული და თქვენთვისაც არ დამიმალავს.

მაგრამ, ეს რეალობის მხოლოდ ერთი ნაწილია - ამ ჭაობისმაგვარ პოლიტიკურ ვითარებაში უეცრად გიორგი გახარია შემოიჭრა, რომლის სტრატეგია ზუსტად იმ ამომრჩეველზეა გათვლილი, რომელსაც ან თავისი არჩევანი არ გაუკეთებია, ან კი საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.

ამ ჭაობისმაგვარ პოლიტიკურ ვითარებაში უეცრად გიორგი გახარია შემოიჭრა, რომლის სტრატეგია ზუსტად იმ ამომრჩეველზეა გათვლილი, რომელსაც ან თავისი არჩევანი არ გაუკეთებია, ან კი საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა

ორპოლუსიანმა პოლიტიკურმა სპექტრმა თავისი მეტასტაბილური წონასწორობა დაკარგა. რასაკვირველია, ახალ საარჩევნო სუბიექტს ორ ფრონტზე მოუწია შეტევების მოგერიება, ვინაიდან თუ „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას „ნაცმოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს, საწინააღმდეგო ფრონტიდან მისი ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტების ბრალდებები ისმის.

შეიქმნა კომიკური სიტუაცია, რომლის არაანგაჟირებულ ამომრჩეველს, რასაკვირველია, არ ჯერა. გიორგი გახარია არც ტალეირანი და არც ჰენრი კისინჯერია, რომ დაპირისპირებულ მხარეებთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმოს. ამიტომ ეს წინააღმდეგობრივი ბრალდებები მხოლოდ მის წისქვილზე ასხავს წყალს - „იუპიტერ, ბრაზობ, ე.ი. ცდები“.

- რადგან მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგაცა და თავისებურება ისაა, რომ ოპოზიციის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები ადგილობრივი არჩევნების გარდა, რეფერენდუმია, ხოლო ხელისუფლების მტკიცებით მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ვერ გავექცევით ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურ კითხვას.

თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც, რომელშიც მმართველმა გუნდმა ხმების 43%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს?

- მნიშვნელობა არა აქვს ზღვარს, იქნება ის 43%-ანი თუ, ვთქვათ, 35%-იანი. მთავარია, რომ ეს არჩევნები ძალთა ახალ გადანაწილებას აჩვენებს. 43%-იან ბარიერს მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ შარლ მიშელის, ვიყოთ გულწრფელები, არაკონსტიტუციურ შეთანხმებაში. ეხლა ვითარება შეცვლილია.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება კონსტიტუციით ხისტად გაწერილ შემთხვევებში, მათ შორის მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, ახალი კი ვერ ყალიბდება. მმართველ პარტიას ზუსტად ამის შფოთი აქვს. ყველაფერი მაშინ გახდება ნათელი, როცა არჩევნების შედეგებს ვიხილავთ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება კონსტიტუციით ხისტად გაწერილ შემთხვევებში, მათ შორის მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, ახალი კი ვერ ყალიბდება. მმართველ პარტიას ზუსტად ამის შფოთი აქვს. ყველაფერი მაშინ გახდება ნათელი, როცა არჩევნების შედეგებს ვიხილავთ

პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ შექმნა ვითარება, როცა პარლამენტში მრავლადაა, ასე ვთქვათ, მარგინალური დეპუტატები, რომელთაც თავისი ბედი და არა პოლიტიკური იმპერატივები ადარდებთ. ბევრჯერ გვინახავს და ალბათ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ სურათს როცა ასეთი დეპუტატები ჩამძირავი პოლიტიკური ხომალდიდან უკანმოუხედავად გარბიან. ეს იგემა როგორც ერთმა, ასევე მეორე ერთმანეთისადმი პოლარულად განწყობილმა პარტიამ.

ამ უკიდურესად ამორალური და ჩვენი სოციალური გარემოს დამაზიანებელი ვითარების შეცვლა კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა პროპორციული საარჩევნო სისტემა მთლიანად მაჟორიტარულით შეიცვლება.

წინა ხელისუფლების დროს რუსულ და რუსეთის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე გასხვისებული სტრატეგიული ბიზნესები საქართველოს უბრუნდება. გავიხსენოთ „ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერ“-ი, „ყაზტრანსგაზი-თბილისი“ და მრავალი სხვა. „თელასი“ კი ვერ დავიბრუნეთ... ასე, რომ ეს ბეც ამომრჩეველზე გათვლილი სვლებია

- „ნაციონალებისა“ და ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებით „ქართული ოცნება“ საქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს.

ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება. და ეს იმის ფონზე, როცა აზიის ბანკიდან ავიღეთ უშეღავათო 100 მილიონიანი დოლარის ვალი.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ნიადაგს ამზადებს კრემლთან ურთიერთობების დასალაგებლად?

- აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს კრემლი ვერ აკონტროლებს. აქ წამყვანი არაოფიციალური აქტიორები იაპონია, სამხრეთ კორეა და, ნაწილობრივ, მალაიზიაა.

ეხლა უშუალოდ თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ.

ოპონენტების თქმით, აგერ უკვე ცხრა წელია კრემლისკენ მივექანებით და სინამდვილეში ადგილიდან არ დავძრულვართ. პირიქით, წინა ხელისუფლების დროს რუსულ და რუსეთის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე გასხვისებული სტრატეგიული ბიზნესები საქართველოს უბრუნდება. გავიხსენოთ „ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერ“-ი, „ყაზტრანსგაზი-თბილისი“ და მრავალი სხვა. „თელასი“ კი ვერ დავიბრუნეთ... ასე, რომ ეს ბეც ამომრჩეველზე გათვლილი სვლებია.

მე თანმიმდევრულად ვაანალიზებ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს და მერწმუნეთ, რუსეთზე დამოკიდებულება თანდათან, მაგრამ შეუქცევადად მცირდება. ეს ძალიან კარგია

მაგრამ ქათველი კაცი, საერთოდ, საქართველოს მოქალაქე ბრძენია და თავის შეცდომებს აღარ უბრუნდება. ახალი რამ მოიგონეთ, ბატონებო.

კიდევ ერთი. ტელევიზორის ეკრანიდან რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება კარგის მომტანი არ არის. ეს არ არის ქართული სულისკვეთების გამოხატვა და არც დიდხანს ნააზრევი და კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლა. ეს პროვოკაციაა, რომელსაც, თუ გაიხსენებთ, ძალიან ვიწრო, წუთიერი კორპორატიული მიზანი ჰქონდა.

პოლიტიკური შედეგები კი სავალალო გამოდგა.

სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში არსებობს დიპლომატიური კოდი, რომლის დარღვევას სრული კაპიტულაციის გამოცხადების დროსაც არ კადრულობენ. ეს ჩამოყალიბებული, შემდგარი, ღირსების მქონე სახელმწიფოსთვის ელემენტარული ანბანია. აგრესიული ტონი და შეშინებული დამარცხებულისთვის დამახასიათებელი ქმედება კი აბსოლუტურად უნაყოფოა.

და ბოლო. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობა და ურთულესი სამეზობლო. ამ პოლიტიკური კაპიტალის ხორცშესასხმელად აუცილებელია თანმიმდევრული, ჭკვიანული, გააზრებული სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვები და სათანადო ქმედებები. მარტო სლოგანი ფონს ვერ გაგვიყვანს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან საჯაროდ გააჟღერა ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში გამოდის არსებული გამოწვევებიდან და ზოგჯერ შედეგსაც აღწევს. მაგალითად, აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების მედიაციის დროს. პოლიტიკა ხან წარმატებულია ხან კი არა, და არ შეიძლება ნებისმიერი წარუმატებლობის დროს კურსიდან გადახვევაზე გაუაზრებელი ღაღადი.

- „ესკო“-ს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით 2021 წელს 171%-ით გაიზარა რუსეთიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

ანაკლიის პროექტისა და ციფრული აბრეშუმის პროექტების ჩაშლის შემდეგ თურქულმა ენკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობაზე უარს ამბობს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია რომ არჩევნების დასრულების შემდეგ "ენკა" და მთავრობა ამ თემაზე დიალოგს გააგრძელებენ.

მას შემედგ რაც მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის შეღავათიან სესხზე, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასე მოკლე დროში მთავრობა აზიის განვითარების ბანკიდან 100 მილიონიან სესხს აიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე ჩვენი ნაწარმის ექსპორტი იზრდება, რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტად ხომ არ ხდება საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული?

- საქართველო რუსეთზე დამოკიდებული სულ მცირე 180 წელი იყო. ოცდაათ წელიწადში არსებული ეკონომიკური და ფსიქოლოგიური კავშირების ჩაშლა ძალიან ძნელია, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამას ვახერხებთ და ამას დიდწილად რუსეთის გაუაზრებელი სადამსჯელო პოლიტიკა უწყობს ხელს - უვიზო რეჟიმის გაუქმება, ემბარგო ქართულ ღვინოზე და სხვა.

სხვათა შორის, სწორედ ეს ემბარგო გახდა ქართული ღვინის ხარისხის ნახტომისებრი გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების უპრეცენდენტოდ სწრაფი მოძიების საფუძველი. მადლობა რუსეთს!

მე თანმიმდევრულად ვაანალიზებ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს და მერწმუნეთ, რუსეთზე დამოკიდებულება თანდათან, მაგრამ შეუქცევადად მცირდება. ეს ძალიან კარგია.

ჩვენი ჩრდილო მეზობელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ვერ დაძლიოს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ აფინანსებს სათანადო, ასე ვთქვათ, ინტერესთა ჯგუფებს, ჩვენი მთავრობა კი ამ მიმართულებით, რბილად ვთქვათ, ბრმაა

ეხლა ენერგოუსაფრთხოებაზე. ვინაიდან ამ თამაზე პროფესიულად ვმუშაობ, მისი გაშუქება ორიოდე ზოგადი სიტყვით არ შემიძლია. ასე რომ, ცოტა მოთმენა მოგიწევთ.

უპირველესად, დავასახელებ სამ პარადოქსს. პირველი - ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ ვიყოთ რეგიონული ენერგეტიკული ჰაბი და ამავდროულად ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომლის ენერგომოხმარება გენერაციას აღემატება.

მეორე - საქართველო საკუთარ ფართზე გადათვლით უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში ჰიდროენერგორესურსების კუთხით, მაგრამ მათი გამოყენება 10%-ს არ აღემატება.

მესამე - ჩვენი ჩრდილო მეზობელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ვერ დაძლიოს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ აფინანსებს სათანადო, ასე ვთქვათ, ინტერესტთა ჯგუფებს, ჩვენი მთავრობა კი ამ მიმართულებით, რბილად ვთქვათ, ბრმაა.

ნამახვანჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს. უნდა აშენდეს ე.წ. მსოფლიო „საუკეთესო სამრეწველო პრაქტიკის“ და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. მე ტექნიკურ პროექტს ზედმიწევნით გავეცანი და ვთვლი, რომ მასში ძალიან ცოტა ხარვეზია გამოსასწორებელი. იურიდიულ მხარეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არ ვეხები, ჩემს კომპეტენციას ცილდება

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების არაპროფესიული აზრი, რომ საქართველოში მხოლოდ მცირე ჰესები უნდა აშენდეს არასწორია და დამაზიანებელი. მცირე ჰესები კარგია, მაგრამ უნდა არსებობდეს მძლავრი საბაზისო მარეგულერებელი კაშხლიანი ჰესებიც, რაც ჰიდროენერგეტიკაზე ორიენტირებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ელემენტარული საფუძველია. თუმცა მოსახლეობა მცირე ჰესების მშენებლობასაც აპროტესტებს. გაიხსენეთ თუნდაც პანკისის პრეცენდენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “ნამახვანჰესი“ ან, თუ თქვენ ტერმინოლოგიას დავუბრუნდებით, „ნესკრაჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს. უნდა აშენდეს ე.წ. მსოფლიო „საუკეთესო სამრეწველო პრაქტიკის“ და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. მე ტექნიკურ პროექტს ზედმიწევნით გავეცანი და ვთვლი, რომ მასში ძალიან ცოტა ხარვეზია გამოსასწორებელი. იურიდიულ მხარეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არ ვეხები, ჩემს კომპეტენციას სცილდება.

დემოკრატიულ ქვეყნებში სხვანაირი ლოგიკაა გაბატონებული - თუ მე არჩევნებზე არ მივედი, მე არ მაინტერესებს მათი შედეგი. აქედან გამომდინარე, მე ჩემი არჩევანის მანდატი ნებაყოფლობით, ვიმეორებ, ნებაყოფლობით გადავეცი ამომრჩეველთა იმ 30-35%-ს, რომელიც არჩევნებზე მივიდა და არჩევნების შედეგებს უპირობოდ ვეთანხმები

იქნება კონტრაქტორი კომპანია „ენკა“ თუ სხვა, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობამ იგივე აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან უკვე მერამდენე კრედიტი აიღოს და პროექტი თვითონ, ქართველი კონტრაქტორის მეშვეობით, განახორციელოს? პასუხისმგებლობას გაურბის?

ქართულ ბიზნესს და საქართველოს მოსახლეობას ჭირდება იაფი ელექტროენერგია. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევქმნით საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას და ვერ დავძლევთ სიღარიბეს. და თუ ისევ დავრჩით სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულნი, ასეთ იაფ ენერგიას ვერასდროს ვეღირსებით.

დაბოლოს. მოლაპარაკებები „ენკასთან“, რასაკვირველია, გაგრძელდება.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება - ამ არჩევნების პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე ვერ გამოიკვეთა პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად ექნებოდა პრეტენზია გახდეს მესამე ძალა. თუმცა, ფაქტია, რომ „მესამე ძალობაზე“ პრეტენზია ბევრს აქვს.

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმები გიორგი გახარიაზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველ გუნდს თავად სურს გახარიამ ამ არჩევნებზე ორნიშნა შედეგი დადოს და ჩააჩოჩოს „ნაცმოძრაობა“.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია გახარიამ არჩევნებზე ხმების ორნიშნა პროცენტიანი შედეგი დადოს?

- არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ასეთი პოლიტიკური კონგლომერატი ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. საერთოდ, ჩვენი, ასე ვთქვათ, პროფესიონალი პოლიტიკოსების ლოგიკის არ მესმის.

- განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა 30-35%-ს არ აღემატება.

თუ ამომრჩევლის 35% მივიდა არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 43%, ეს სულაც არ მისცემს მას იმის მტკიცების საშუალებას, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ასეა, რადგან 35%-დან თუნდაც ხმების 45% მიიღოს “ქართულმა ოცნებამ“, აღმოჩნდება, რომ მისთვის ნდობა ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს არ გამოუცხადებია.

თუ ოპოზიციამ მიიღო ხმების 45%, ან „ოცნებაზე“ მეტი, ამ შემთხვევაშიც ეს არაფრის მთქმელი არ იქნება, ვინაიდან მასში ამ შემთხვევაშიც არ ექნება მიღებული მონაწილეობა ამომრჩევლების 2/3-ს.

თუ ეს მსჯელობა მეტ-ნაკლებად ლოგიკურია, სავარაუდოდ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები რომ ერთმა მხარემ თქვას - მოვიგეო, ხოლო მეორემ თავი დამარცხებულად აღიაროს?

- დემოკრატიულ ქვეყნებში სხვანაირი ლოგიკაა გაბატონებული - თუ მე არჩევნებზე არ მივედი, მე არ მაინტერესებს მათი შედეგი. აქედან გამომდინარე, მე ჩემი არჩევანის მანდატი ნებაყოფლობით, ვიმეორებ, ნებაყოფლობით გადავეცი ამომრჩეველთა იმ 30-35%-ს, რომელიც არჩევნებზე მივიდა და არჩევნების შედეგებს უპირობოდ ვეთანხმები.

ზუსტად ამიტომ არც ერთ ქვეყანაში ასეთ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას. იქაც ხომ გამარჯვებული 40%-ზე მეტს ვერასდროს აგროვებს.

ქართველი კაცი კი დამარცხებულად თავს არასდროს თვლის - ჩემი დამარცხება მტრების ხრიკებია, ფიქრობს იგი. დემოკრატიის გზაზე კიდევ ბევრია გასავლელი.

- მოახლოებულ არჩევნებზე თქვენთან ინტერვიუს ისე არ და ვერ დავასრულებ, თუ ამ თემებზე „ინტეპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრის დასაწყისში მოხმობილი თქვენივე მოსაზრების მეორე ნაწილს არ გავიხსენებ.

თქვენ მაშინ ბრძანეთ - „არჩევნების შემდეგ მყისიერად სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადავალთ.“

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი მიზეზის გამო, არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ძალთა ბალანსი დიდად არ შეიცვლება. მეტიც დღეისათვის არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდება და ბევრად არ შეიცვლება.

თქვენ დღესაც ფიქრობთ, რომ „არჩევნების შემდეგ მყისიერად გადავალთ ახალ რეალობაში“? თუ კი, სავარაუდოდ, როგორი იქნება ის რეალობა?

- სტატრუს კვოს შენარჩუნებაც ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება. საქმე იმაშია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ან ერთი, ან მეორე მიმართულებით გადაწყდება. წინ დასახული მიზნები მყისიერად შეიცვლება, შეიცვლება შესაძლებლობები და გამოწვევები. ეს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

მე კი არ შემეშინდება გითხრათ, რომ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო