ბიძინა ლებანიძე - პირველად გერმანიის ისტორიაში ახალ მთავრობას ორის ნაცვლად სამი პარტია დააკომპლექტებს, ქვეყანას მოუწევს ევროკავშირის ლიდერობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში

გერმანიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, იმაზე რა გავლენას იქონიებს ამ არჩევნების შედეგები გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორ აისახება მისი შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე “ინტერპრესნიუსი“, იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, ახლა როცა გერმანიის ბუნდესტაგის მე-20 არჩევნების შედეგები ცნობილია, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად გამართლდა არჩევნებამდე ამ ქვეყანაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები.

თქვენ როგორ შეაფასებდით გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

- იმის ფონზე რომ ზოგადად დასავლეთის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემების ერთგვარი კრიზისია, გაზრდილია პოლიტიკური პოლარიზაცია, ისევე როგორც ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოპულისტი პარტიების მხარდაჭერა, გერმანიის პოლიტიკური სისტემა შესაშურ სტაბილურობას ინარჩუნებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინდელი არჩევნებით.

გერმანიაში ვერც პოპულისტმა პარტიებმა მოიკიდეს ფეხი, ვერც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ და ხმების დიდი ნაწილიც ისევ ცენტრისტულ პარტიებს შორის გადანაწილდა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიას დღეს ყველაზე სტაბილური პოლიტიკური სისტემა აქვს დიდ დემოკრატიებს შორის.

გერმანიაში ვერც პოპულისტმა პარტიებმა მოიკიდეს ფეხი, ვერც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ და ხმების დიდი ნაწილიც ისევ ცენტრისტულ პარტიებს შორის გადანაწილდა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიას დღეს ყველაზე სტაბილური პოლიტიკური სისტემა აქვს დიდ დემოკრატიებს შორის

მეორე მხრივ ბოლო არჩევნებმა მოიტანა ცვლილებებიც. საკუთარი ხმების წილი გაზარდეს „მწვანეებმა“ და ლიბერალურად ორიენტირებულმა თავისუფალმა დემოკრატებმა, ხოლო ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა დიდი ვარდნა განიცადა, რაც მერკელის წასვლის შემდეგ მოსალოდნელიც იყო.

შედეგად, დიდი ვარაუდით, პირველად გერმანიის ისტორიაში ახალ მთავრობას ორის ნაცვლად სამი პარტია დააკომპლექტებს.

- ახლა როცა არჩევნების შედეგები ცნობილია, ყველაზე აქტუალური თემაა ვისთან კოალიციაში შეძლებენ არჩევნებში გამარჯვებული გერმანელი სოციალ-დემოკრატები კოალიციური მთავრობის შექნას - მხოლოდ მწვანეებთან, თუ მათ კოალიციაში იქნებიან აფდ-ს ულტრამემეარჯვენეები.

არჩევნების შედეგების შესაბამისად სავარაუდოდ რა ძალებისაგან დაკომპლექტებული მთავრობა ეყოლება გერმანიას?

- ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხულია, მათთან არავინ შეკრავს კოალიციას. ულტრამემარცხენეებიც გამოირიცხენ, რაგდან ძალიან ცოტა ხმა მიიღეს.

რაც შეეხება სოციალ-დემოკრატებს, მართალია გერმანიაში დაუწერელი წესის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს კანცლერის თანამდებობას, თუმცა, ესეც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი და შეიძლება კანცლერის პოსტი ისევ ქრისტიან-დემოკრატებს დარჩეთ.

ახლა დაიწყება ხანგრძლივი მოლაპარაკების და პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი სხვადასხვა პარტიებს შორის, რომელიც შეიძლება თვეებიც გაგრძელდეს, ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი განიხილება.

ალბათ ყველაზე სავარაუდოა ე.წ. „შუქნიშნის“ ფერების კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან - „მწვანეებისგან,“ სოციალ-დემოკრატების და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შედგება. შედგება თუ არა ეს კოალიცია, იმაზეა დამოკიდებული რამდენად შეთანხმდება სამი პარტია ქვეყნის ეკონომიკის ერთდროულად სოციალურ, ეკოლოგიურ და ლიბერალურ ტრანსფორმაციაზე.

ყველაზე სავარაუდოა ე.წ. „შუქნიშნის“ ფერების კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან - „მწვანეებისგან,“ სოციალ-დემოკრატების და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შედგება. შედგება თუ არა ეს კოალიცია, იმაზეა დამოკიდებული რამდენად შეთანხმდება სამი პარტია ქვეყნის ეკონომიკის ერთდროულად სოციალურ, ეკოლოგიურ და ლიბერალურ ტრანსფორმაციაზე

სამივე პარტიას თავის ხედვა აქვს და საერთო პროგრამაზე შეჯერება კომპრომისების ძლიერ უნარებს მოითხოვს.

მეორე შესაძლო ვარიანტი, და ალბათ საქართველოს პერსპექტივიდან ყველაზე ოპტიმალური კოალიცია, არის ე.წ. „იამაიკის“ კოალიცია - „მწვანეების,“ „თავისუფალი დემოკრატების“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ მონაწილეობით, ვინაიდან „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები ტრადიციულიად რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან და არც „სოციალ-დემოკრატები“ იქნებიან მთავრობაში.

აქაც მთავარი სირთულე იქნება, თუ რამდენად გამონახავენ პარტიები საერთო ენას შიდაპოლიტიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ეკონომიკის მწვანე ტრანსფორმაციის სფეროში. საგარეო საკითხებში ცენტრისტულ პარტიებს შორის როგორც წესი კონფლიქტური პუნქტები ნაკლებია და პარტიები მარტივად ახერხებენ საერთო პოზიციებზე შეჯერებას.

ამ ორის გარდა კიდევ განიხილება რამდენიმე ნაკლებად სავარაუდო ვარიანტი, მათ შორის დღეს არსებული „დიდი კოალიციაც“ – „სოციალ-დემოკრატები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“, თუმცა ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მხოლოდ მაშინ დგება ხოლმე, როცა სხვა ყველა ვარიანტი ამოიწურება.

- სსრკ-ს დაშლამდე და დაშლის შემდეგ გერმანიას განსაკუთრებული ადგილი და როლი ჰქონდა და აქვს ევროპის პოლიტიკის ფორმირებაში. ევროკავშირში მისი როლი და წონა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ევროკავშირიდან ბრექსიტის საშუალებით დატოვა დიდმა ბრიტანეთმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა ევროკავშირის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც ბევრწილად განსაზღვრავდა ეროკავშირის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანიის ახალი კანცლერი და მისი მთავრობა შეინარჩუნებენ ევროპული გაერთიანების ლიდერობას და რა კორექტივებს შეიტანენ ისინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში?

- გერმანიას მოუწევს ევროკავშირის ლიდერობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებები ხედვებში იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად ვინ მოვა ხელისუფლებაში.

გერმანიას მოუწევს ევროკავშირის ლიდერობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში

„მწვანეებს“ უფრო ღირებულებებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ახასიათებთ, მათთვის პრიორიტეტია გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და უფრო ხისტი პოლიტიკის მომხრე არიან ავტორიტარული ქვეყნების მიმართ, მათ შორის რუსეთის და ჩინეთის მიმართ. „ქრისტიან დემოკრატები“ და მათი ახლანდელი ლიდერი სავარაუდოდ ანგელა მერკელის კურსს გააგრძელებენ.

„სოციალ-დემოკრატები“ რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიციით გამოირჩევიან და საგარეო ურთიერთობებში ხშირად პრაგმატულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე აქვთ უფრო აქცენტი.

„სოციალ-დემოკრატები“ რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიციით გამოირჩევიან და საგარეო ურთიერთობებში ხშირად პრაგმატულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე აქვთ უფრო აქცენტი

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის როლის ხედვას, ყველა ცენტრისტული პარტია ერთ აზრზეა, რომ საჭიროა ევროკავშირის უფრო მოქნილ ორგანიზაციად გარდაქმნა, მათ შორის ევროპულ საბჭოში კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებით, ანუ წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევით და ასევე სამხედრო სფეროში მეტი ინტეგრაციით. თუმცა ამ მიზნების განხორციელება მხოლოდ გერმანიის მთავრობაზე არ იქნება დამოკიდებული.

განსხვავებული პოზიციები აქვთ რა თქმა უნდა ულტრამემარჯვენე აფდ-ს და მემარცხენეებს - პირველი ევროკავშირიდან გამოსვლას ითხოვს, მეორე - ნატოს გაუქმებას. თუმცა ამ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ და მათი პოზიციებით დიდად არც არავინ ინტერესებდა.

- იმის გათვალისწინებით რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატების გარკვეული ნაწილი წლებია საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის მიმართ გერმანიისა და ევროკავშირის პოლიტიკაში კორექტივებია შესატანი.

აქამდე ევროკავშირი მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიისა და უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნაკადი-2-ს ეს სანქციები არ შეხებია, მაინც აქტუალური თემაა, სავარაუდოდ როგორი იქნება გერმანიის ახალი მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და სავარაუდოდ როგორ აისახება იგი რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე? მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ყირიმის გამო ეკონომიკური სანქციები გაგრძელება?

- სოციალ-დემოკრატებს მართლაც აქვთ უფრო რბილი დამოკიდებული რუსეთის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლით გერმანიის პოლიტიკა კარდინალურად შეიცვლება. ჯერ ერთი, მათ მოუწევთ კოალიციური პარტნიორების აზრის გათვალისწინებაც, გერმანიის პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, კოალიციური პარტიები როგორც წესი ინაწილებენ საგარეო პოლიტიკურ ძალაუფლებას - კანცლერი ხდება გამარჯვებული პარტიის კანდიდატი, ხოლო საგარეო მინისტრის პორტფელს იღებს მისი პარტნიორი პარტია.

ასე რომ, დიდი ვარაუდით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალ-დემოკრატებს მოუწევთ მწვანეთა საგარეო მინისტრთან რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის შეჯერება.

მეორე საკითხი არის ის, რომ დღეს გერმანიაში არსებობს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული და საზოგადოებრივად შეჯერებული პოზიციები რუსეთის მიმართ, რომელიც ნაწილობრივ საკმაოდ კრიტიკულია, განსაკუთრებით უკრაინის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, და მისი ერთი ხელის მოსმით შეტრიალება ძალიან რთული იქნება, რაც არ უნდა ეცადოს რომელიმე პარტია.

თუ სოციალ-დემოკრატები მოინდომებენ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ან სხვა დათმობებზე წასვლას, ჯერ უნდა დაასაბუთონ, რის საფუძველზე აკეთებენ ამას. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ნორდსტრიმის გაზსადენს რომელიც უკვე შემდგარი ფაქტია და სავარაუდოდ რაღაც ფორმით ნებისმიერი კოალიციის პირობებში ამოქმედდება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალ-დემოკრატებს მოუწევთ მწვანეთა საგარეო მინისტრთან რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის შეჯერება... თუ სოციალ-დემოკრატები მოინდომებენ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ან სხვა დათმობებზე წასვლას, ჯერ უნდა დაასაბუთონ, რის საფუძველზე აკეთებენ ამას

- რა კორექტივებს შეიტანს გერმანიაში ჩატარებული არჩევნები გერმანია-აშშ-სა და ევროკავშირ-აშშ-ს ურთიერთობებში?

- ყველაზე მეტად ანტი-ამერიკულად განწყობილი მემარცხენეების პარტიამ, რომლებსაც ნატოდან გასვლა და რუსეთთან ერთად ახალი უსაფრთხოების სისტემას შექმნა სურდათ, ხმები 5%-იც ვერ აიღო და შესაბამისად მათი სამთავრობო კოალიციაში მონაწილეობა გამოირიცხა. სხვა პარტიები კი აშშ-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ.

ევროპულ ქვეყნებში აუკუს-ის ფიასკო უფრო პარიზის პრობლემად აღიქმება, და არა ევროკავშირის, რაც სწორიცაა. თუმცა, აშშ-ს მაინც მართებდა უკეთესი კომუნიკაცია საფრანგეთთან, თუ შტატებს ევროპელების ჩართვა ჩინეთის შეკავების პროცესში ნამდვილად სურთ

თვით ულტრამემარჯვენე აფდ-ც აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევს. მიუხედავად ცალკეული გადახვევებისა, ზოგადად ატლანტიკური და პრო-ამერიკული ტრადიცია გერმანიაში გაცილებით ძლიერია ვიდრე იმავე საფრანგეთში, და ამ მხრივ სიურპრიზები ნაკლებადაა მოსალოდნელი.

მართალია არსებობს მთელი რიგ სფეროებში ინტერესთა კონფლიქტებიც, მაგალითად იგივე ნორდსტრიმის, ტარიფების, ჩინეთთან მიდგომის საკითხებში, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია და ორი ქვეყანა ახერხებს მათ ცივილურად მართვას.

მეორე მხრივ, თვითონ გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ხშირად ისმის ბერლინის ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკა, რომ გერმანია მეტისმეტად პასიური მოთამაშეა, მისი ეკონომიკური წონის გათვალისწინებით, რომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთლიანად მინდობილი აქვს აშშ-ზე და ნატო-ზე და თვითონ ცდილობს ჩინეთთან და რუსეთთან პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობით, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს.

თუმცა, გერმანია ვერ იქნება უსასრულოდ „დიდი შვეიცარია“ და ვერ გაექცევა მუდმივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაღაც მომენტში მოუწევს უფრო აქტიურად საერთაშორისო პროცესებში და ჩინეთთან და რუსეთთან უფრო ხისტი პოზიციის დაკავება.

- 15 სექტემბერს საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ახალი სამხედრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დამკვირვებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მომხდარი სრულიად კანონზომიერი მოვლენა იყო და ჰარმონიაშია გეოპოლიტიკის კანონებთან და იგი უფრო ნატოსა და ახალ სამხედრო გაერთიანებას შორის ურთიერთობების შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ მომხდარმა რომ ევროსტრუქტურებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფაქტია.

მეტიც, არა ერთმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის მათ, ვინც ევროკავშირის პოლიტიკას განსაზღვრავს, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ევროპამ თავისი უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე უნდა იფიქროს.

სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს გერმანიაში ჩატარებული არჩევნები გერმანია-ნატოსა და გერმანია- ახალი სამხედრო შეთანხმების მონაწილეების ურთიერთობებში?

- ევროსტრუქტურებში ნაკლებად, ძირითადად მხოლოდ საფრანგეთში გამოიწვია მითქმა-მოთქმა, ფრანგები იმის გამო გაბრაზდნენ რომ ამ გარიგების შედეგად წყალქვეშა გემების მშენებლობის სარფიანი ტენდერი დაკარგეს და თან ისე მოხდა რომ, დროულად ინფორმაციაც არ მიაწოდეს და ფაქტის წინაშე დააყენეს.

აღსანიშნავია რომ გერმანიამ ამ შემთხვევაში საფრანგეთს დიდად არ დაუჭირა მხარი. ფრანგულმა კომპანიამ თავის დროზე გერმანული „რაინმეტალი“ დაამარცხა ავსტრალიის ტენდერში. ფრანგებს ძალიან სურდათ სხვა ევროპული ქვეყნების და ევროსტრუქტურების აყოლიება, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ევროპულ ქვეყნებში აუკუს-ის ფიასკო უფრო პარიზის პრობლემად აღიქმება, და არა ევროკავშირის, რაც სწორიცაა. თუმცა, აშშ-ს მაინც მართებდა უკეთესი კომუნიკაცია საფრანგეთთან, თუ შტატებს ევროპელების ჩართვა ჩინეთის შეკავების პროცესში ნამდვილად სურთ.

„მწვანეები“ და ლიბერალები „თავისუფალი დემოკრატები“ მაგალითად უფრო კრიტიკულად არიან განწყობილი ჩინეთის და რუსეთის მიმართ, სოციალ-დემოკრატები - პირიქით ნაკლებად კრიტიკულად, ქრისტიან-დემოკრატები სავარაუდოდ მერკელის ხაზს გააგრძელებენ

მაგრამ, მეორე მხრივ არც ევროპელები იქცევიან ბევრად უკეთ, მაგალითად საფრანგეთმა და გერმანიამ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის გარეშე მოინდომეს ჩინეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც შემდეგ ევროპარლამენტმა დაბლოკა.

რაც შეეხება ევროპის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, დიახ განსაკუთრებით ფრანგები სულ საუბრობენ რომ ევროპას ჭირდება მეტი ავტონომიურობა აშშ-გან, ამაზე იყო საუბარი ტრამპის პერიოდშიც, მაგრამ ეს ჯერჯერობით საუბრის დონეზე რჩება, ვინაიდან ევროპელებს ამის მტკიცე პოლიტიკური ნება არ აქვთ.

რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას ნატოს და აუკუსის მიმართ, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რომელი პარტიები დააკომპლექტებენ მთავრობას. „მწვანეები“ და ლიბერალები „თავისუფალი დემოკრატები“ მაგალითად უფრო კრიტიკულად არიან განწყობილი ჩინეთის და რუსეთის მიმართ, სოციალ-დემოკრატები - პირიქით ნაკლებად კრიტიკულად, ქრისტიან-დემოკრატები სავარაუდოდ მერკელის ხაზს გააგრძელებენ.

თუ „გერმანიაში შუქნიშნის“ ფერების კოალიცია შედგა სოციალ-დემოკრატი კანცლერით და მწვანეთა საგარეო მინისტრით, ალბათ ეს ორი პარტია ერთმანეთის პოზიციებს დააბალანსებს და გერმანიის მიდგომაში მეტ განგრძობადობას ვიხილავთ, ვიდრე რევოლუციურ ცვლილებებს

თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჩინეთი სისტემურ კონკურენტს წარმოადგენს, რომელიც ითვისებს დასავლურ ტექნოლოგიებს, არღვევს თანაბარი თამაშის წესებს, და საფრთხის უქმნის თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ამიტომ საჭიროა მისი შეკავება და ამ გზით გარკვეული, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯები უკვე იდგმება ევროპის მხრიდანაც.

მაგალითად წყნარ ოკეანეში აშშ-ს გარდა, გერმანია და საფრანგეთიც გზავნიან პერიოდულად სამხედრო ხომალდებს, და პარალელაურად ევროკავშირი აშშ-თან ტექნოლოგიების და სავაჭრო სფეროში ჩარჩო შეთანხმებაზე მუშაობს.

- სავარაუდოდ, როგორ აისახება გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე?

- რევოლუციური ცვლილებები ალბათ არ იქნება. თუ „მწვანეები“ მოვლენ ხელისუფლებაში, შესაძლოა გაძლიერდეს რუსეთის მიმართ კრიტიკა, და ამით ირიბად საქართველომაც იხეიროს. შესაძლოა ასევე გაძლიერდეს საქართველოს პირდაპირი მხარდაჭერაც. თუმცა მწვანეებს, უფრო კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ასევე პოლიტიკური ძალების მიმართ საქართველოსა და უკრაინაშიც, რომლებიც მათი აზრით, არ არიან საკმარისად დაინტერესებული პოლიტიკური რეფორმების გატარებით და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ.

მეორე მხრივ, სოციალ-დემოკრატები რუსეთის მიმართ უფრო რბილი მიდგომით გამოირჩევიან. თუ „გერმანიაში შუქნიშნის“ ფერების კოალიცია შედგა სოციალ-დემოკრატი კანცლერით და მწვანეთა საგარეო მინისტრით, ალბათ ეს ორი პარტია ერთმანეთის პოზიციებს დააბალანსებს და გერმანიის მიდგომაში მეტ განგრძობადობას ვიხილავთ, ვიდრე რევოლუციურ ცვლილებებს.

შედარებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა საქართველოსთვის „იამაკის კოალიცია“ სადაც სოციალ-დემოკრატებს ქრისტიან-დემოკრატები ჩაანაცვლებდნენ, თუმცა მისი შექმნის შანსი შედარებით უფრო ნაკლებია.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, ამ მხრივ მწვანეებს და ქრისტიან-დემოკრატებს ყველაზე პოზიტიური ხედვა აქვთ და გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამორიცხავენ უკრაინის და მასთან ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ მხრივ, ტრადიციულად უფრო თავშეკავებულ პოზიციას იჩენენ სოციალ-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები, ხოლო ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები საქართველოთი საერთოდ არ ინტერესდებიან და სწორება მთლიანად რუსეთზე აქვთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს