რატომ არ არის საფრანგეთი ახალ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში?

18 სექტემბერს საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან საკუთარი ელჩები გამოიძახა კონსულტაციებისათვის. საერთაშორისო ურთიერთობებით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებიც კი ამ ფაქტმა დააფიქრა. აშკარაა, რომ საკმაოდ არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საფრანგეთის მთავრობას აღშფოთების ორი მიზეზი ჰქონდა: 1) მისი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსი (AUKUS) გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიის და ამერიკის შეერთებულიშტატების მონაწილეობით 2) ალიანსის პირველმა პრაქტიკულმა ნაბიჯმა სწორედ საფრანგეთი აზარალა, რადგან ავსტრალიამ ცალმხრივად გააუქმა ათეულობით მილიარდი დოლარის ფინანსური ხელშეკრულება საფრანგეთთან.

დღემდე ყველაზე მსხვილი და სიცოცხლისუნარიანი სამხედრო გაერთიანება, რომელიც იმავდროულად პოლიტიკურიცაა, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ანუ ნატოა. ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან კი სამი, აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ფლობს ბირთვულ შეიარაღებას. ამ ფონზე, თითქოს უცნაურად გამოიყურება აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, ასევე ნატოს წევრი საფრანგეთის იგნორირება საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსის შექმნის პროცესში. საფრანგეთი არ ჩამორჩება მინიმუმ გაერთიანებულ სამეფოს არც სამხედრო შესაძლებლობებით, არც პოლიტიკური გავლენით (წონით), არც გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების სურვილით და არც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის ინტენსივობით. მაშინ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ის გარკვეული უნდობლობა, რომელიც თავისი ნატოელი პარტნიორის მიმართ გამოიჩინეს გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა?

პასუხი თავად საფრანგეთის, როგორც ევროკავშირში დღეს უკვე ყველაზე მძლავრი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაკუთრებულ და განსხვავებულ მიდგომებშია, რაც იმის მიუხედავად როგორ ვაფასებთ ამ მიდგომებს, ხშირად აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს პოზიციებისგან კარდინალურად განსხვავდება.

საფრანგეთის და აშშ-ის, როგორც პარტნიორების გარკვეულ პაექრობას კულტურულ-ისტორიული საფუძველი აქვს. გასული საუკუნის სამოციან წლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა სწორედ აშშ-სთან არსებული უთანხმოების გამო ნატოს სამხედრო სტრუქტურა დატოვა (საფრანგეთი ნატოს სრულად მხოლოდ 12 წლის წინ დაუბრუნდა). თუმცა შედარებით ახალი, მკვეთრი უთანხმოება 2003 წელს მოხდა, როდესაც ჟაკ შირაკმა ღიად დაგმო აშშ-ს მიერ საომარი მოქმედებების დაწყება ერაყში. საინტერესოა, რომ ამერიკელების პოზიციას ასევე დაუპირისპირდნენ რუსეთი, კანადა, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია. საპირისპიროდ, აშშ-ს ერაყში სამხედრო მოქმედებებს მყისიერად დაუჭირეს მხარი გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დღესაც მწარედ ახსოვთ საფრანგეთის ლიდერის მხრიდან მათი მისამართით გაკეთებული უკიდურესად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი განცხადება, აშშ-სადმი სოლიდარობის გამოჩენის გამო და შირაკის ღია შანტაჟი მომდევნო წელს დაგეგმილ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის შეშლის შესახებ.

საფრანგეთის საგარეო გამოწვევების შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი რუსეთთან დამოკიდებულების აღწერა და ანალიზი. შირაკის მომდევნო ორი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი ინტენსიურად ცდილობდნენ რუსეთისთვის, აგრესორი და ტოტალიტარული ქვეყნისთვის, ვერტფმრენების გადამზიდი, მძლავრი სამხედრო სადესანტო გემის, “მისტრალის” მიყიდვას. ამ გარიგებამ ნატოს პარტნიორების უმეტესობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა საფრანგეთმა მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შედეგად გამოწვეული საზოგადოებრივი აზრის და აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის ზეწოლის გამო თქვა უარი გარიგებაზე. ჩვენთვის ძნელი დასავიწყებელია ის გარემოებაც, რომ როგორც დღეს უკვე ნათლად ირკვევა სწორედ საფრანგეთის და გერმანიის განსხვავებულმა პოზიციამ შეუშალა ხელი ნატოს გაფართოების პროცესს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს, როდესაც, საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან დაახლოება იგეგმებოდა. ეს კი ცალსახად ეწინააღდმეგებოდა აშშ-ის ინტერესებს და პირიქით, განამტკიცებდა რუსეთის ინტერესებს სამეზობლოში.

საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად უარყოფითად აფასებს რუსეთის ქმედებებს (უკრაინის ანექსია, სირიაში ალეპოს დაბომბვა, ნავალნის მოწამვლის და დაკავების საკითხი), რუსეთის მიმართ მაინც საკმაოდ რბილი პოზიციით გამოირჩევა. ეს დამოკიდებულება ალბათ ყველაზე ნათლად მის მიერვე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩანს: “რუსეთი ღრმად ევროპული ქვეყანაა”. ამ განცხადების შემდეგ მაკრონმა 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენცია ხაზგასმულად მეგობრულ გარემოში ჩაატარა. ის მაქსიმალურად მოერიდა რუსეთის კრიტიკას და უკრაინაზე საუბარი არა მან, არამედ პუტინმა დაიწყო. თუმცა რუსეთის პრეზიდენტთან ფლირტს ნაკლებ მნიშვნელობას მივაქცევდით, რომ არა კონკრეტული ქმედებები. იმავე 2019 წელს, საფრანგეთის ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, საფრანგეთის და გერმანიის ინიციატივით და მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ არც ადამიანის უფლებების დაცვის თუ მედია-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, არც სხვა ქვეყნებზე კიბერ-შეტევების თუ არჩევნებში უკანონო ჩარევებზე პასუხისმგებლობის აღებით და რაც მთავარია, არც უკრაინის ტერიტორიის ანექსიაზე უარის თქმით, არავითარი პროგრესი რუსეთს არ უჩვენებია, ის დაბრუნდა ევროპის საბჭოში, ორგანიზაციაში რომელიც მოწოდებულია დაიცვას დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეაში რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეჩერებული ჰქონდა უკრაინის ანექსიის გამო).

ამ გადაწყვეტილებამ ევროპელ პარნტნიორებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, საფრანგეთი კი მას პოლიტიკურ გამარჯვებად აფასებდა. ფაქტია, რომ სწორედ საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის გამო ხდება რუსეთის ინტერესების გაძლიერება ევროპაში, იქნება ეს ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნება, ნატოს გაფართოების შეჩერება, მასშტაბური და სახიფათო ეკონომიკური პროექტების (“ჩრდილოეთის ნაკადი”) განხორციელება, თუ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მცდელობა.

ევროკავშირს არ აქვს ერთიანი საგარეო პოლიტიკა. თუმცა საფრანგეთის და გერმანიის როლი სხვებთან შედარებით, დომინანტურია. დღეს სახეზეა ის მკვეთრი უთანხმოება, რომელიც ამ ტანდემსა და “სამი ზღვის ინიციატივის” ქვეყნების უმეტესობას შორის არსებობს, საგარეო პოლიტიკის, ენერგოუსაფრთხოების და სხვა ძირეული საკითხების გარშემო. უთანხმოებასთან ერთად კი სახეზეა გარკვეული არათანმიმდევრულობაც. ერთის მხრივ ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობას მისი უსაფრთხოების მთავარ შემადგენელ კომპონენტად აღიარებს და რუსეთს აგრესორად აცხადებს, რასაც მიმდინარე წლის სექტემბერში ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციაც მოწმობს, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე სექტემბერში ასრულებს მსხვილი ენერგეტიკული პროექტის “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობას, რომლითაც რუსეთმა გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები უნდა მოამარაგოს. ნიშანდობლივია, რომ რუსეთი უკვე დღეს ეფექტურად აშანტაჟებს ევროპას ბუნებრივი აირის ფასების და მოცულობის მანიპულირებით.

როგორც ჩანს აშშ ევროკავშირს პირველ რიგში სწორედ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო რეაგირებისთვის მოიაზრებს, ხოლო თავად შედარებით მასშტაბური გამოწვევების წინაშე აპირებს უფრო სანდო და პროგნოზირებად პარტნიორებთან თანამშრომლობას. აშშ-სთვის უფრო ღირებული პარტნიორი, გაცილებით მცირე ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების ლიეტუვა (“სამი ზღვის ინიციატივის” სხვა ქვეყნებიც) შესაძლოა გახდეს, ვიდრე საფრანგეთი ან გერმანია, მისი საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობის გამო. ლიეტუვა მკვეთრ დაპირიპირებაშია არა მხოლოდ მოსკოვთან, არამედ პეკინთანაც (გამოვიდა ჩინეთის და ევროპის ქვეყნების სავაჭრო გაერთიანებიდან, შეზღუდა ჩინური კომპანიების მონაწილეობა ტენდერებში, შეზღუდა ჩინური საკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობა, სოლიდარულია ტაივანის მიმართ). ამის ნათელი ილუსტრაციაა, AUKUS-ის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში მიწვევა ამერიკელი კოლეგის მიერ და ვიზიტის შემდგომი განცხადებები.

დავუბრუნდეთ ხელშეკრულებას. ერთის მხრივ გამორიცხულია საფრანგეთის და აშშ-ს პოზიციების დაახლოება არ მოხდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საფრანგეთის გარეშე ახალი ალიანსის შექმნა მძლავრ მესიჯად დარჩება პირველ რიგში საფრანგეთისათვის. მეორეს მხრივ ანტიამერიკული განწყობილებები საფრანგეთში, რბილად რომ ვთქვათ ხშირად პოპულარულია. თუნდაც იმავე შირაკის მიერ აშშ-ს წინააღდმეგ გამოსვლამ მოსახლეობის 75%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. სავარაუდოდ, მაკრონის მიერ აშშ-დან ელჩის გამოძახება (გამოწვევა) ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით, ასევე მომგებიანი იქნება.

მნიშვნელოვანია ხელშეკრულების მესამე მონაწილის, ავსტრალიის როლი აღნიშნულ ალიანსში, რომლის მეშვეობითაც იგი მიიღებს წვდომას ამერიკულ ბირთვულ, შორ მანძილზე მოქმედ წყალქვეშა ნავებზე, რომლებიც, მდგრადობით, მანძილის დაფარვის თუ სხვა პარამეტრებით, ბევრად აღემატება ფრანგულ წყალქვეშა ფლოტს. რომელზეც ავსტრალიამ უარი განაცხადა.

ავსტრალია, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთით და სამხრეთ-ჩინეთის ზღვასთან საკმაოდ ახლოს იმყოფება, აქამდე არ გამოირჩეოდა მკვეთრად დეკლარირებული პოზიციით, თუ რომელ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს ანიჭებდა უპირატესობას პარტნიორობის კუთხით, ჩინეთს თუ შეერთებულ შტატებს. აღნიშნული შეთანხმება მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ავსტრალიამ დასავლეთზე გააკეთა არჩევანი აზიური გიგანტის საპირწონედ. ეს კი მკვეთრი სიგნალია ჩინეთის პარტნიორებისათვის მთელს მსოფლიოში. ავსტრალიის გადაწყვეტილება მხოლოდ ჩინეთის ავტორიტარული ზრახვებიდან არ გამომდინარეობს. ის ემყარება უსაფრთხოების აუცილებელ საჭიროებებს, რომლის გარანტიასაც მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო სახელმწიფოები უსვამენ ხაზს. ასევე ფაქტორს წარმოადგენს ერთგვარი კულტურული ბმაც, რომელიც, ავსტრალიას დასავლური სამყაროსა და ბრიტანული პოლიტიკური ტრადიციის ერთგვარ ნაწილად მოიაზრებს.

ზ/თქმულიდან გამომდინარე, ფრანგული მხარის მძიმე რეაქცია ბუნებრივია, რამდენადაც გარდა იმისა, რომ მათ დაკარგეს დიდძალი ფინანსები ავსტრალიისგან ფრანგული წყალქვეშა ფლოტის მშენებლობაზე უარის თქმით, ისინი ასევე არ ჩაითვალნენ წონად პარტნიორად და აუცილებელ აქტორად მსოფლიო საზღვაო უსაფრთხოების ახალ გლობალურ სქემაში. თუმცა, ის კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგების მხრიდან მსგავსი მძაფრი რეაქცია ცალსახად მიანიშნებს აღნიშნული ალიანსის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

სწორედ ამას უფრთხის ჩინეთიც, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა ახალი კავშირი და მას მშვიდობისთვის სახიფათოც კი უწოდა. ჩინეთს აღნიშნულ რეგიონზე საკმაოდ ვრცელი ინტერესები აქვს, ბირმის გადატრიალებით დაწყებული, ტაივანის დამორჩილების მცდელობით გაგრძელებული და ჰონგ-კონგის მიმართ მუქარებით დასრულებული, რომ არაფერი ვთქვათ სამხრეთ-ჩინეთის ზღვის კონტროლის სურვილზე სადაც, მსოფლიო საზღვაო სავაჭრო ტვირთის 1/3 გადაადგილდება.

დასასრულისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კავშირი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოს როლის შესაძლო ზრდას უსაფრთხოების სამომავლო მოცემულობისთვის, რამდენადაც, ავღანეთის დატოვებით გამოწვეული უკმაყოფილება, ბრიტანეთს ცალსახად უბიძგებს, გაზარდოს საკუთარი როლი საერთაშორისო გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამასთან, ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი მოსალოდნელია, რომ მეტად აიმაღლებს ხმას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ჩინური კომუნისტური პარტიის მხრიდან უიგურთა სასტიკი ჩაგვრა, ასევე ჩინეთის აგრესიაზე ტაივანისა და ჰონგ კონგის დემოკრატიის მიმართ. გაერთიანებული სამეფოს როლი ამ საკითხების აქტუალიზაციისთვის გადამწყვეტია, რადგანაც ბოლო პერიოდში, არათუ ფრანგული, არამედ ამერიკული დიპლომატიაც კი შედარებით რბილი და სუსტია ჩინურ საფრთხეებთან გამკლავების გზების ძიების მიმართულებით.

კოკი იონათამიშვილი

გიორგი ლაბაძე

“საქართველო - სამი ზღვის ინიციატივა”

28.09.2021

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს