პროფესორ ჯონი აფაქიძეს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროფესორ ჯონი აფაქიძეს მიღებული აქვს გერმანიის სასწავლო-აკადემიური გაცვლის სამსახურისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიები. ის ასევე არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის პრესტიჟული სამეცნიერო სტიპენდიის ექვსგზის მფლობელი, გერმანიის კვლევითი საზოგადოების მერკატორი, გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ნდობის მეცნიერი (2010-2015 წწ.), ევროპის არქეოლოგთა ასოციაციის წევრი (2009-2013 წწ.), 2017 წლიდან დღემდე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (Mercator-Fellow).

„ცნობილი მეცნიერი არამარტო ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ერთობლივ ექსპედიციებს, ასევე პრესტიჟულ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში აქვეყნებდა წიგნებსა და სამეცნიერო სტატიებს. მკვლევარს გერმანიაში ცნობილ გამოცემაში „პრეისტორიული არქეოლოგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოქვეყნებული აქვს ორტომიანი მონოგრაფია ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის შესახებ. ჯონი აფაქიძე პირველი ქართველი არქეოლოგია, რომელსაც ბედნიერება ხვდა წილად მიწვეული ყოფილიყო ტროას საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში. მას ასევე სხვა არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში აქვს მიღებული აქტიური მონაწილეობა.

პროფესორ ჯონი აფაქიძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: საქართველოს ეროვნული (სახელმწიფო) პრემია შავი ზღვის აუზის ქვეყნების პრეისტორიული არქეოლოგიის შესწავლის დარგში შეტანილი წვლილის გამო. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. სოხუმის ხელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე 2007-2017 წლებში გაწეული სამსახურისა და მიღწეული წარმატებების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჯონი აფაქიძე 2015 წელს დააჯილდოვა წმიდა ნინოს ბრილიანტის ჯვრითა და წმიდა გიორგის ოქროს სამკერდე ხატით, ხოლო 2017 წელს - წმიდა თამარ მეფის ოქროს ბეჭდით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჯონი აფაქიძის რექტორობის დროს, 2009 წელს მისმა უწმიდესობამ დევნილობაში მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯილდოვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო