ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, „დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 49,6% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 25,9% „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის“ კი 5.3%.
„გორბის“ კვლევის მონაცემებით, შემდეგ მოდის 4,1%-ით „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ 2,7%-ით, გამოკითხულთა 2,6% ასახელებს „ლელოს“, 2,2% - „მესამე ძალას“, 2% - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩს“, 1,8% ასახელებს „ლეიბორისტებს“, 1,5% „მოქალაქეებს“, გამოკითხულთა 0,9% ხმას მისცემდა იაგო ხვიჩიას „გირჩს“, სხვა პარტიებს კი რესპონდენტთა 1,4% ასახელებს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბი“-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.
ტელეკომპანიის ცნობით, მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხვა, რესპონდენტთა შესარჩევად, გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3,4%-ია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩეველი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს.