წელს პირველად „გამომგონებელთა ოსკარის“ მოპოვებისთვის ბრძოლა ქართველ ინოვატორებსაც შეუძლიათ

ქართველი ინოვატორები „გამომგონებელთა ოსკარის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ. მათ წელს პირველად ეძლევათ შანსი „ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს“ ახალი ნომინაციის „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზისთვის“ იბრძოლონ. ვის აქვს კონკურსში მონაწილეობის შანსი და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა, ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია ესაუბრა.

- რა არის ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მისია, რა მიზანს ემსახურება მისი ყოველწლიური ღონისძიება „ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“ და 2022 წელს დამატებული ახალი ნომინაცია „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“?

- ევროპის საპატენტო უწყება (EPO) ეს არის რეგიონული საპატენტო უწყება, რომელიც ატარებს ცენტრალიზებულ ექსპერტიზას ევროპულ საპატენტო განაცხადზე და გასცემს ევროპულ პატენტს, რომელიც პოტენციურად ძალაში შედის ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრ 38 ქვეყანაში. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა და 11 სახელმწიფო, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგალითად, ნორვეგია, შვეიცარია, თურქეთი უკვე 15 წელია, ევროპის საპატენტო უწყება ატარებს კონკურსს „ევროპის გამომგონებელთა ჯილდო“, რომელსაც გამომგონებლების „ოსკარსაც“ უწოდებენ. კონკურსის მიზანია გამორჩეული გამომგონებლების გამოვლენა და მათი მიღწევების აღიარება. 2006 წლიდან კონკურსი ყოველწლიურად ტარდება 5 ნომინაციაში - მრეწველობა, კვლევა, არაწევრი ქვეყნები, მცირე და საშუალო საწარმოები და მრავალწლიანი კონტრიბუცია. ხუთივე კატეგორიაში სავალდებულო მოთხოვნაა ევროპის პატენტის ფლობა, ხოლო 4 კატეგორიაში ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა. ეს ორი შეზღუდვა ადგილობრივი გამომგონებლებისთვის ბარიერს წარმოადგენდა.2022 წლის კონკურსის ფარგლებში აღნიშნულ 5 კატეგორიას დაემატა მეექვსე, ახალი კატეგორია - „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“, რომელზეც განსხვავებული მოთხოვნები მოქმედებს. „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“ განკუთვნილია ახალგაზრდა ინოვატორებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მისი მიზანია, წაახალისოს ახალგაზრდა თაობა, გადაჭრან გლობალური პრობლემები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს კლიმატის ცვლილებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წელს, თუმცა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 1-ელი ოქტომბერი.

- რატომ არის ეს კატეგორია განსხვავებული?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ორიენტირებულია ახალგაზრდებზე - 30 წელი არის ასაკობრივი ზღვარი. ასევე ამ კატეგორიისთვის მოხსნილია შეზღუდვა როგორც მოქალაქეობაზე, ასევე მოიხსნა ევროპის პატენტის ფლობის მოთხოვნაც და ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის პატენტის ფლობის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ წარადგინონ ისეთი პროექტებიც, რომელზეც ჯერ არ ფლობენ პატენტს.

- კონკრეტულად ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი?

- ახალგაზრდა გამომგონებლებს, ასევე ინოვატორთა ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. წარდგენილი პროექტი უნდა ეხებოდეს საზოგადოებრივ ინიციატივას, იყოს ორიგინალური, ინოვაციური, ასევე შეეძლოს გავლენის მოხდენა და პრობლემების გადაწყვეტა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

- რა შესაძლებლობაა ეს ქართველი გამომგონებლებისთვის და არის თუ არა შეზღუდული ერთი ქვეყნიდან მონაწილეთა რაოდენობა?

- საქართველოში რამდენიმე წელია არსებობს ეროვნული ფორმატი მოსწავლე გამომგონებლებისთვის, სადაც ახალგაზრდებს მათი ნიჭის გამოვლენა შეუძლიათ. მათ შორის არის „ლეონარდო და ვინჩის კონკურსი“, რომელსაც ორგანიზებას უწევს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ასევე გვაქვს „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი“, რომელსაც „ათასწლეულის ფონდი“ ატარებს. შესაბამისად, ძირითადი წრე მოსწავლეთა შორის ჩამოყალიბებულიცაა, რომლებიც ახალ პროექტებზე მუშაობით, გამოგონებების შექმნით არიან დაკავებულები. „ევროპის გამომგონებელთა ჯილდო“მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდები გასცდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. კონკურსზე განაცხადის გაგზავნაც კარგი შესაძლებლობაა თავიანთი მიღწევების დანარჩენი მსოფლიოსთვის გასაცნობად. პირს შეუძლია წარადგინოს როგორც საკუთარი თავი და საკუთარი პროექტი, ასევე სხვა პირი და მისი პროექტიც. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ინფორმაცია კონკრეტული პროექტის შესახებ და ფიქრობს, რომ ის იმსახურებს კონკურსში მონაწილეობას, შეუძლია წარადგინოს ის.

- აღნიშნეთ, რომ ეროვნულ დონეზე ახალგაზრდა ქართველ გამომგონებლებს აქვთ გარკვეული გამოცდილება. როგორ შეაფასებთ მათ შანსებს საერთაშორისო დონეზე?

- ქართველი მოსწავლეები უკვე დიდი ხანია წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებსა და ოლიმპიადებში საბუნებისმეტყველო დარგებში - მაგალითად, ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის და ა.შ. მიმართულებით. ასევე, მაგალითად, GITA-ს ინიციატივების ფარგლებშიც მონაწილეობენ ქართული სტარტაპები საერთაშორისო კონკურსებში. კონკრეტულად გამოგონებების მიმართულებით “ახალგაზრდა გამომგონებელთა ჯილდო“ ახალ საერთაშორისო ფორმატს გვთავაზობს, სადაც ქართველმა ინოვატორებმაც უნდა სცადონ ძალები. ზოგადად, საზოგადოებაში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებით დაინტერესება, გამომგონებლის, ინოვატორის, სტარტაპერის, კრეატიული ადამიანის იმიჯი ბოლო წლებში უფრო და უფრო იზრდება, რაც სასიხარულოა.

- სად და როგორ უნდა გაკეთდეს განაცხადი „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზზე?

- კონკურსზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი ოქტომბერია. განაცხადის წარდგენა ხდება ევროპის საპატენტო უწყების ვებგვერდზე შესაბამისი ფორმის შევსებით (epo.org/nominate). უპირატესობა მიენიჭებათ პროექტებს, რომელზეც უკვე ფლობენ პატენტს, თუმცა, ეს სავალდებულო არ არის. შესაძლებელია პროექტს ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაციის ან პრეზენტაციის სახე. რაც შეეხება „საქპატენტის“ როლს, ჩვენი მიზანია კონკურსის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში დახმარება განაცხადის შევსების პროცესში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამი საპრიზო ადგილია გათვალისწინებული სოლიდური ფულადი ჯილდოებით - 20, 10 და 5 ათასი ევროს ოდენობით.

- როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

- გამარჯვებულები 2022 წლის ივნისში, დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გამოვლინდებიან.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენმა მონაწილემ გამოთქვა ამ დროისთვის, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი?

- საქპატენტმა უკვე ჩაატარა საინფორმაციო ვებინარი, სადაც 30-მდე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა, რაც ჩვენთვის კარგი სიგნალია. დაინტერესება არსებობს და სავარაუდოდ, რამდენიმე განაცხადიც გაკეთდება.

- როგორც აღნიშნეთ, არ არის აუცილებელი კონკურსში მონაწილე პროექტი დაპატენტებული იყოს. თუმცა, ასეთი მაღალი დონის კონკურსში მონაწილეობისას, ალბათ, სასურველიცაა გამოგონება დაპატენტებული იყოს. პატენტის ძირითადი დანიშნულება რა არის და რა პროცედურებს ითვალისწინებს მისი გაცემა?

- გამოგონება არის ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მოწყობილობას, პროდუქტს ან ტექნოლოგიურ პროცესს. პატენტი კი არის დამცავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, აუკრძალოს მესამე პირს გამოგონების კომერციული მიზნით გამოყენება პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე. პატენტის დანიშნულებაა ტექნოლოგიური პროგრესის უზრუნველყოფა. პატენტით დაცვა წარმოადგენს ერთგვარ ჯილდოს გამოგონების შექმნის დაფასებისთვის, ამასთან პატენტი გამოგონების იმ დონემდე განვითარებას უწყობს ხელს, რომ ის ტექნოლოგიურად განხორციელებადი და რეალიზებადი გახდეს. ეს მასტიმულირებელი ფაქტორი ახდენს შემოქმედებითი შრომის წახალისებას და კომპანიების დამატებით ხელშეწყობას, რათა მათ გააგრძელონ ახალი ტექნოლოგიების განვითარება. პატენტის გაცემა ითვალისწინებს: განაცხადის წარდგენას, ფორმალურ ექსპერტიზას, არსობრივ ექსპერტიზას, გამოქვეყნებას, გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ, პატენტის გაცემას.

- რა არის „საქპატენტის“ სამომავლო გეგმა პატენტების მიმართულებით?

- ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის 2019 წლის ოქტომბერში გაფორმებული ვალიდაციის შეთანხმების იმპლემენტაციის, ასევე საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის ევროპულთან შემდგომი ჰარმონიზების მიზნით მომზადდა და განხილვაშია საქართველოს საპატენტო კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი. ამ პროექტის დამტკიცების შემდგომ შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე. ამ მიმართულებით საბოლოო მიზანს წარმოადგენს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება. წევრობის შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ევროპის საპატენტო კონვენცია და, შესაბამისად, ეროვნული საპატენტო კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იქნება ევროპულ მიდგომებთან. საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის მიზნით იგეგმება დამატებითი სერვისების ათვისება და შემდგომი განვითარება. დამატებით სერვისებში მოიაზრება, მაგალითად, პატენტუნარიანობის შეფასება წინასწარი ძიების გზით, „მოქმედების თავისუფლებაზე“ ძიება, ინტელექტუალური საკუთრების დარგში კონსულტაციები და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულობა საქპატენტში არსებული სასწავლო ცენტრის მეშვეობით სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. აღსანიშნავია, რომ საქპატენტის წინასწარი ძიების სერვისს, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად იყენებს GITA და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ასევე იგეგმება თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან ინტელექტუალური საკუთრების წესდების შემუშავებაში თანადგომის და ინტელექტუალური საკუთრების კურსების შეთავაზების მიმართულებით. დაგეგმილია უნივერსიტეტებში და კვლევით ინსტიტუტებში ტექნოლოგიების გადაცემის ეროვნულ პროექტში საქპატენტის მონაწილეობა.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა