ნატალი საბანაძე - ღია გალაშქრება ელჩების წინააღმდეგ პირდაპირ ურტყამს ევროკავშირში წევრობაზე 2024 წლის გეგმას

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა სარისკო ხდება. ყოფილ დიპლომატს აღნიშნული შეფასების გაკეთების საფუძველს საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელ დიპლომატებთან ფაქტობრივად, ღია კონფრონტაციაში შესვლის ტენდენცია აძლევს.

შორდება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროპულ ღირებულებებს და გააჩინა თუ არა ბზარი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელჩების მოსმენის შესაძლებლობამ, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ნატალი საბანაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველ რიგში, მინდა ფარული მიყურადების თემას შევეხო და ეს საკითხი დიპლომატების კონტექსტში განვიხილო. როგორი გზავნილია თქვენთვის ის, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უსმენდეს?

- ზოგადად, ეს ფარული მოსმენა და ამ მასშტაბის მიყურადება არის ძალიან მძიმე და მტკივნეული თემა იმ კონტექსტიდან და წარსულიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. რაღაც საერთო კოლექტიური მეხსიერება ხომ არსებობს, თუნდაც ტკივილის მეხსიერება - მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, მერე გამოვიარეთ წინა ხელისუფლების მიერ ტოტალური თვალთვალის გამოცდილება და ის ძალა, რომელიც მოვიდა და იმედი ჩაგვისახა, რომ ამას სისტემურად დაასრულებდა, გამოდის, რომ იმავეს აკეთებს. საოცარი ის არის, რომ თან ამბობს: „მერე რა მოხდა?! სხვაგანაც ხდება“ - ასეთი დისკურსი გვესმის დღეს. ის, რომ სხვაგან ხდება, მე ამას არ უარვყოფ, დიპლომატების მიყურადებაც ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი საშინელი რეჟიმია და ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დავუახლოვდეთ და, რა თქმა უნდა, არ ამართლებს ჩვენს კონტექსტში მიმდინარე მოვლენებს. გარდა ამისა, თუ მსგავსი ფაქტი დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება, იქ არის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც ახერხებენ ძალიან სწრაფად ამ პრობლემის ლოკალიზებას. ჩვენს შემთხვევაში, რომელიც არის დაუმთავრებლად გარდამავალი დემოკრატია, ეს პროვინციული ტოტალიტარიზმი ვერაფრით მოვიშორეთ, ამ გარდამავალი, სუსტი დემოკრატიის პირობებში, ამის გაკონტროლების მექანიზმები არ გვაქვს, ამიტომ ჩვენს კონტექსტში ძალიან პრობლემურია ეს ყველაფერი. ეს „მერე რა“ დამოკიდებულება, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია. ახლა რაც შეეხება დიპლომატებს, მეგობარი ქვეყნის დიპლომატის მოსმენა თავისთავად გაუგებარია. ჩვენ და ევროკავშირს სხვა დონის ურთიერთობები გვაქვს, ეს არის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ნდობას, თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხია და ამიტომ, ძალიან გასაკვირი და შოკისმომგვრელი იყო ევროკავშირისთვისაც იმის გაგება, რომ შეიძლება, ასეთი რაღაც ხდებოდეს საქართველოში, რომელიც ითვლებოდა სანდო პარტნიორად. ეს ძალიან ცუდია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან.

- საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ამასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა შეშფოთება, ასევე საქართველოს ელჩი ევროკავშირში იყო მიწვეული ევროკავშირის სათავო ოფისში, არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორც ყოფილმა ელჩმა, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის ელჩს ევროკავშირი სათავო ოფისში იბარებს ?

- თავისთავად ეს მძიმე ფაქტია, იმიტომ, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს დემარშებით არ ესაუბრებიან, ასეთი რამ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ელჩის დაბარება ნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარემ გადაწყვიტა, ოფიციალურად თავისი პროტესტი დაეფიქსირებინა ქვეყნის აკრედიტებულ წარმომადგენელთან. ამის აშკარა საფუძველი არსებობდა, ეს იყო იმედგაცრუება პარტნიორის მხრიდან, იმ ნდობის შელახვა, რომელიც ჩვენ შორის არის და, რა თქმა უნდა, ამას გარდა, აშკარა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, კერძოდ, ვენის კონვენციის, რომელიც არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მათ შორის, იცავს დიპლომატიური კომუნიკაციის კონფიდენციალურობას.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო და შეფასება გთხოვოთ, სამთავრობო გუნდის მხრიდან ელჩების მისამართით გაჟღერებული დაუფარავი კრიტიკაა. რას გეუბნებათ ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდის ლიდერები ფაქტობრივად, ღია კონფრონტაციაში არიან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და იმის თქმასაც კი არ ერიდებიან, რომ მათი განცხადებები დიპლომატიური გადაცდომაა.

- როგორც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ელჩის დაბარებაა გამონაკლისი და ასეთი რამ არ ხდება, მე ვთვლი, რომ, ასევე, ახალი ფენომენია ის, რომ ხდება ღიად პარტნიორი ქვეყნის ელჩებზე თავდასხმა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩზეც. ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს. ეს შეიძლება იყოს საპასუხო გზავნილი, რომ ჩვენი ელჩი დაიბარეს და მაღალჩინოსნების გამოსვლები ამაზე პასუხად შეიძლება აღვიქვათ და მეორე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის წინასაარჩევნო კონტექსტი და ყოველი ასეთი სიტყვა, რომ სხვადასხვა დონეზე მომხდარიყო ღია კრიტიკა ჩვენი პარტნიორი ელჩის, მისი პიროვნების და ეს არ არის პიროვნება, მის უკან დგას ევროკავშირი, თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე არ ვიცი ზუსტად რა არის ეს მიზეზი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ გარკვეულწილად, ეს შეიძლება გზავნილია იმ ამომრჩევლის მიმართ, რომელიც მომხმარებელია მზარდი ნაციონალურ-პოპულისტური დისკურსის, რაც განსაკუთრებით აქტიურად შეიმჩნევა 5 ივლისის შემდეგ და ესეც ამ კონტექსტში ჯდება - ღია გალაშქრება ელჩის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ არის ეს ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელნი კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან, რაშიც, რა თქმა უნდა, დავეთანხმები, მაგრამ გულწრფელი დიპლომატიური კომუნიკაციის სხვა არხები არსებობს, ამის გაკეთება, შეიძლება დახურულ კარს მიღმა, სატელეფონო საუბრით. ამიტომ, რახან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ამას ვაკეთებთ, ეტყობა ემსახურება გარკვეულ ელექტორატს და მათი გულის მოგებას. ასევე, ალბათ, გათვლაც გაკეთებულია, რომ საერთაშორისო კონტექსტში ამას დიდი ფასი არ ექნება. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ დღეს ხელისუფლება თვლის, თითქოს მას უღირს რეალურად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის გაციება და მთელი რიგი მოვლენები ამაზე მეტყველებს. ერთია, რომ იყო მოსმენების სკანდალი და ეს ამბავი გამოვიდა, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოგვეხადა და გვეთქვა, რომ დაიცადეთ გამოძიება დაიწყება და ყველაფერს პასუხი გაეცემაო, ხელისუფლებამ სხვა ტაქტიკა აირჩია და ამით ნამდვილად არ გაუადვილა საქმე ჩვენს ელჩს ბრიუსელში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცდილობს მაქსიმალურად სიტუაცია მოაგვაროს.

- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შორდება ევროპულ ღირებულებებს და პროცესში არა მხოლოდ პარტიულ იმიჯს, არამედ ქვეყანასაც აზიანებს? თუკი ეს ასეა, მაშინ როგორ აისახება ეს ჩვენს ამბიციურ გეგმაზე 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ?

- პირდაპირ ურტყამს ეს 2024 წლის გეგმას. შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ არის ასეთი გათვლა, რომ ეს არის ასეთი ეტაპი, რომელსაც გადალახავენ და ურთიერთობა აღდგება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - გვინდა ევროკავშირის წევრობა, სანამ წევრი გავხდებით, გვინდა დაახლოება. იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, იმ კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ძალიან შორს, საქართველოს არ აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, შავ ზღვას თუ არ ჩავთვლით, ძალიან რთული გეოპოლიტიკური კონტექსტია იქ, სადაც ვართ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ სხვაზე უარესი. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო ყველანაირად არის ღირსი და ღირსეული კანდიდატი იმისთვის, რომ განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ. დღეს ამ მოვლენებითა და ნაბიჯებით ასეთ გზავნილს არ ვუშვებთ ბრიუსელში, შესაბამისად 2024 წლის გეგმა ხდება ძალიან სარისკო, იმიტომ, რომ თუ 2024 წელს ჩვენ მაინც გავაკეთებთ განაცხადს, თუ მდგომარეობა არ გამოიცვალა და ამ გზით წავალთ, რომლითაც მივდივართ, მაშინ, ალბათობა იმის, რომ ჩვენს განაცხადზე იქნება უარყოფითი პასუხი, იზრდება და ეს კიდევ უარესია, ვიდრე საერთოდ არ შევიტანოთ განაცხადი. ამაზე კარგად დაფიქრება იქნება საჭირო.

- ამ ფონზე, ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიაც მინდა შეგაფასებინოთ. აჩენს თუ არა კითხვის ნიშნებს, დაფიქსირებული ძალადობრივი ფაქტები, ღია დაპირისპირება პარტიების ლიდერებს შორის ევროკავშირის ოფისთან, თუნდაც, ქალაქში ე.წ. სისხლიანი ბანერების გამოჩენა, წინასაარჩევნო კამპანიის დემოკრატიულობასთან და დემოკრატიულ ქვეყანასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით ?

- საკმაოდ მძიმე სანახავია ეს წინასაარჩევნო კამპანია. რაღაც ასეთი შეგრძნებაა, რომ ახალ დონეზე ავიდა თავისი სიბინძურით და იმით, რომ „ყველაფერი მოსულა“. ადგილი აქვს ღია დაპირისპირებას, ყოველთვის გვახასიათებდა ჩვენ ემოციური დაპირისპირება პიროვნებებს შორის და პირადი შეტევები, ნაკლები არგუმენტი იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა, რა არის ხედვა, რა არის პოლიტიკა. ამისთვის, რეალურად, დრო არ რჩება. ჟურნალისტებიც აღარ სვამენ ამ კითხვებს, რადგან მთლიანად კამპანიაში დომინირებს ძალადობის ელემენტები, სხვადასხვა ცილისმწამებლური კამპანია მიდის, განსაკუთრებით გახარიას წინააღმდეგ, მთელი ეს აგორებული და დაგეგმილი, დადგმული სპექტაკლი ამ ნარკოდამოკიდებულების შესახებ, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აყენებს თავდაცვის რეჟიმში და უწევთ მტკიცება, ანალიზების ჩაბარება და ა.შ. ძალიან მდაბიოა რეალურად ეს კამპანია, დემოკრატიულ მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება. არა მხოლოდ დემოკრატიულობის სტანდარტის ქვემოთ არის, არამედ ლეგიტიმურობისა და ლეგალურობის ზღვარზე გადის. ძალიან რთულია გაერკვე, სად არის სიმართლე, სად არის ჭორი, სად არის ნახევრად სიმართლე. მე მესმის, რომ პოსტსიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს კამპანია გამოხატავს იმ პოლარიზაციას, რომელიც ჩვენში ხდება, მაგრამ პოლარიზაციის გარდა, ელემენტარული ფასეულობების მოშლას იწვევს. ეს არ არის გარემო, რომელიც არის სამართლიანი და რომელიც იძლევა საშუალებას, რომ რეალურად არგუმენტებზე დაფუძნებული საინტერესო კამპანია აწარმოონ პარტიებმა და ამომრჩეველს მისცენ საშუალება, გაერკვნენ, ვინ რას სთავაზობს. ვიცით, ვინ რას გვთავაზობს რეალურად ? არა, იმიტომ, რომ ამის ადგილი არ არის დატოვებული რეალურად.

- ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი განაცხადი, კიდევ უფრო სხვა სიბრტყეში გადაიყვანს საარჩევნო პერიპეტიებს? როგორ ფიქრობთ, დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლებსაც თქვენი შეფასებით, აცდენილია საარჩევნო კამპანია, კიდევ ხომ არ დაგვაშორებს სააკაშვილის ჩართულობა ამ პროცესში?

- რა თქმა უნდა, დააშორებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - დემოკრატიული ჩარჩოდან გამოვიდეთ. გზა ცვლილებისკენ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის გარეთ გამოსვლა, ეს არ არის შტურმი, შეტევა. ამ ესთეტიკიდან საქართველო უნდა გამოვიდეს. ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია ვერ ხდება, იმიტომ, რომ ყოველთვის ვუბრუნდებით ამ გზას. რეალურად აუცილებელია შეიცვალოს ეს დამოკიდებულება და დაინერგოს თამაშის წესები, რომელზეც ყველა შევთანხმდებით, მოგვწონს ეს თუ არა და ვიმუშავებთ ყველა პოლიტიკური აქტორი ამ თამაშის წესების მიხედვით. დემოკრატიული თამაშის წესი არის არჩევნები, არის მაქსიმალურად დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანობის უზრუნველყოფა არჩევნების კონტექსტში. სააკაშვილი თავისი რიტორიკით ყოველთვის საუბრობს ამ ჩარჩოდან გამოსვლაზე, მისი გზა რჩება რევოლუციური, მისი გზა რჩება კონტრპროდუქტიული. დღეს ქართულ სახელმწიფოს ეს ნამდვილად არ სჭირდება. ჩემთვის, ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, სააკაშვილი ჩამოდის 2 ოქტომბრის დღის ბოლოს, ის იმისთვის კი არ ჩამოდის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და არჩევნების გზით რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, მერე რომ უარყოს შედეგები და ის ძალიან არამყარი, მაგრამ მაინც არსებული დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესში.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა