თბილისის საქალაქო სასამართლო “სონი ცენტრი თბილისის”, “ლაზერი-2 თბილისის” და კაფე “რუსთაველის” სარჩელებთან დაკავშირებით 5-თვიანი ვადის დარღვევას ადასტურებს.
როგორც სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სპიკერ-მოსამართლემ მირანდა ერემაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს მაქსიმუმ 5-თვიანი ვადა აქვს რთული კატეგორიის საქმეებზე, თუმცა ეს ვადა მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე დაირღვა.
ერემაძის განმარტებით, სექტემბერში სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს გარიგების მიზნით სასამართლო პროცესის გადადება და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა სასამართლო პროცესის გადადება.
მისი თქმით, “სონი ცენტრი თბილისის”, “ლაზერი-2 თბილისის” და კაფე “რუსთაველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ივნისიდან მოყოლებული არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა 17 თვის განმავლობაში, არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანიების სარჩელებთან დაკავშირებით დღემდე არის ჩატარებული ხუთი სასამართლო სხდომა, ამდენივე სხდომაა ჩატარებული მზია კაკაბაძის სარჩელთან დაკავშირებითაც.
მირანდა ერემაძემ კომენტარი გააკეთა მის წარმოებაში არსებულ კაფე “რუსთაველის” დავაზე საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.
“ამ საქმეზეც ჩატარდა სასამართლო სხდომები, მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული დოკუმენტების გამოთხოვის მიზნით მოხდა გადადება და არანაირ ხელოვნურ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. 2008 წლის მაისში ეს საქმე მე გადმომეწერა; 2008 წლის მაისიდან ოთხი-ხუთი სხდომა ჩატარდა, მაგრამ გადადების საფუძველი იყო ის, რომ დოკუმენტების მოთხოვნა მოხდა. ბოლო სასამართლო სხდომა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე მივლინებაში იყო. ამდენად, ნამდვილად არ ყოფილა გაჭიანურება სასამართლოს მხრიდან”, - განაცხადა სპიკერ-მოსამართლემ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, კერძოდ 8 დეკემბრისთვის; ჩანიშნულია სასამართლო სხდომა და საქმეების განხილვა მოხდება უმოკლეს ვადებში სასამართლოს მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ “სონი ცენტრი თბილისის” მტკიცებით, სასამართლო განხილვებს აჭიანურებს, სარჩელების შეტანის დღიდან 17 თვე გავიდა და არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა.
ამასთან, ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა სარჩელი შეიტანეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშიც.;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"