ცესკო-ს თავმჯდომარე მოსახლეობას - თქვენ გექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მოდით არჩევნებზე, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები

ხვალ, 2 ოქტომბერს, ყველა თქვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებსა და თანამშრომლებს.

„ვიცი, რომ ბევრ თქვენგან უწევს დაუმსახურებელი საყვედურებისა და შენიშვნების, ზოგჯერ კი ღია შეურაცხყოფის მოსმენა. პირადად გაძლევთ პირობას, რომ არცერთი შეურაცხყოფა, ხშირად პროვოკაციული თუ აგრესიული ქმედება თქვენს მიმართ არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.

ამასთან, მინდა მოგმართოთ, რომ ყველა ერთად აღვიჭურვოთ მოთმინებითა და პასუხისმგებლობით, რომ მაღალპროფესიულ დონეზე შევძლოთ არჩევნების ორგანიზება, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეებს, საკუთარი არჩევანის გაკეთებაში და არ დაუშვათ იოტისოდენა ეჭვი იმაში, რომ მოხდეს რაიმე უმსგავსობა ან უსამართლობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მან ასევე მიმართა დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„მივმართავ დამკვირვებლებს, ყურადღებითა და პასუხისმგებლობით დააკვირდნენ არჩევნებს და ობიექტურად შეაფასონ ის. მინდა ასევე მივმართო მედიას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წინასაარჩევნო პროცესის და არჩევნების დღის გაშუქებაში და ვთხოვო, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად და მიუკერძოებლად გააშუქონ და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

მინდა მოვუწოდო საარჩევნო სუბიექტებს, გარწმუნებთ, თითოეული თქვენგანის უფლება, თითოეული ხმა და თქვენს მიერ ამომრჩევლის მხრიდან მოპოვებული მხარდაჭერა იქნება გარანტირებულად დაცული. ამასთან, მინდა მოგიწოდოთ, უზრუნველყოთ მშვიდი და საქმიანი გარემო არჩევნებზე.

დაბოლოს, მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, არჩევნების დღე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის იმედის, მომავლის, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის განვითარების არჩევის დღე. გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის ეს უზენაესი არჩევანის გაკეთების უფლება იქნება გარანტირებული კონსტიტუციით და ჩვენი ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით. თქვენ გექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მოდით არჩევნებზე, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები“, - თქვა კალანდარიშვილმა.

გარდა ამისა, მან საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებული ზუსტი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3664 საარჩევნო უბანი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციებში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი 70 საარჩევნო უბანი. თქვენ აირჩევთ 64 საკრებულოს 2068 წევრს და 64 მერს. საარჩევნო უბანზე თქვენ დაგხვდებათ 3 სხვადასხვა ტიპის ბიულეტენი. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, ამასთანავე არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტის 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი, და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელთა შორისაც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედია ორგანიზაციის 2927 წარმომადგენელი.

გაცნობებთ, საარჩევნო უბნები, როგორც წესი, იხსნება 07:00 საათზე, თუმცა კენჭისყრის პროცესი დაიწყება დილის 08:00 საათზე და ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიოთ საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მინდა განვმარტო, რომ ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობაში უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახლებული შემადგენლობით ამომრჩევლისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებისა და პანდემიის ფონზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მოკლე დროში გასწია მოცულობითი სამუშაო და თითოეულ საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა