ფოთში, მე-10 საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ფოთში, ხმაური იყო მე-10 საარჩევნო უბანზე , სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის თქმით, მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიას და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო, გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სია, მითხრა, რომ მისი პირადი ნივთები იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მერე გადმოვიდნენ იერიშზე და ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციაც იყო მოსული“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა.
აღნიშნულ უბანზე მივიდა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტში ორივე მხარეა დამნაშავე.
„გავაფრთხილე ორივე მხარე, დაიწერა საჩივარი, გაგრძელდება პროცედურა, მთავარია ამომრჩევლებს არ შეუშალონ ხელი. არ მომხდარა აქ ისეთი სასწაული ამბავი, რასაც მოყვა ასეთი აჟიოტაჟი. დაიწერა საჩივარი, თუ არ მოახდინა უბანმა რეაგირება და ანალოგიური საჩივარი შემოვა საოლქო კომისიაში, საოლქო კომისია მიიღებს ამაზე რეაგირებას“,-განაცხადა სალომე როდონაიამ.
























