რუსთავის #8 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

რუსთავის #8 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

რუსთავის #8 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა მამაკაცთან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში როგორც მისი პარტიის წარმომადგენლების, ისე კომისიის წევრების მიმართ აგრესიული იყო.

როგორც ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანი უკვე დაატოვებინეს და ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

„ახლა სიმშვიდეა, სიწყნარეა. ის კაცი გავაგდეთ საარჩევნო უბნიდან. ის მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე აგრესიული იყო. სავარაუდოდ, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ლანძღავდა ჩვენს წარმომადგენლებსაც, მთელი დღის განმავლობაში მათზე ახდენდა ზეწოლას. როდესაც დაიწყო ხმის დათვლის პროცესი, ეს კაცი კიდევ უფრო დამძიმდა თავისი ისტერიკით, არ იყო მაინცდამაინც ადეკვატური. მძიმე მდგომარეობაში აყენებდა კომისიის თავმჯდომარესაც, კომისიის წევრებს. მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახდენდა ზეწოლას. მოვითხოვეთ უბნიდან მისი გამოძევება და გამოაძევეს. ამასობაში დატოვა უბანი. ამ საარჩევნო უბანს, როგორც უმრავლეს საარჩევნო უბნებს რუსთავში, იგებს დავით კირკიტაძე. მალე ეს ოქმიც გვექნება. მიმდინარეობს ოქმის შევსების პროცედურა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად კანონის დაცვით მიმდინარეობს რუსთავის #8 უბანზე ხმის დათვლის პროცედურა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ხმის დათვლის პროცედურამდე იყო მთელი დღე, როდესაც ძალიან ბევრი დარღვევა მოხდა“.

„ხმის დათვლის პროცედურამდე იყო მთელი დღე, როდესაც ვნახეთ ძალიან ბევრი დარღვევა, მათ შორის საარჩევნო უბნებზე, როდესაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ბეიჯით ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდნენ და გადასცემდნენ შტაბს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.