ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ შეძლო წარმატების მიღწევა მუნიციპალურ არჩევნებში და შესაბამისი შედეგების დაფიქსირება, მაგრამ რეფერენდუმში დამარცხდა

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“, იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, 2 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკო-ს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ, რაც უკვე ვიცით, იძლევა სერიოზული მსჯელობის საშუალებას.

ერთ-ერთი ამგვარი შედეგი არის ის, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს არ მოუწევს.

არჩევნების დანარჩენ მონაცემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ სწორი იქნება, თუ არჩევნების შედეგებზე საუბარს ამ თემით დავიწყებთ, რადგან 2 ოქტომბრის არჩევნებზე სწორედ ეს საკითხი იყო ყველზე მნიშვნელოვანი.

- ამ წუთის მონაცემებით, ამ არჩევნებზე შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი - 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციამ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მიაღწია წარმატებას მერების არჩევნებში, თუმცა, საერთო სურათი არც მუნიციპალიტეტებში და არც მთლიანად საქართველოში არ შეცვლილა, ელექტორალურად ამომრჩეველი ისევეა განაწილებული, როგორც იყო. არსებულის ფიქსაცია მოხდა. ადგილობრივ არჩევნებში წარმატების ფიქსაციის გარდა, ოპოზიციამ ვერ შეძლო მის მიერვე წოდებულ რეფერენდუმში წარმატების მიღწევა ეროვნულ დონეზე.

ადგილობრივ არჩევნებში წარმატების ფიქსაციის გარდა, ოპოზიციამ ვერ შეძლო მის მიერ წოდებულ რეფერენდუმში წარმატების მიღწევა ეროვნულ დონეზე

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - პლებისციტის თვითმმართველობაში გაცვლა, ხოლო შემდგომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეფერენდუმის დარქმევა, მანამდე საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაციის გარეშე მოლაპარაკებებში შესვლა და ამნისტიაზე დათანხმება იყო ის შეცდომები, რომელმაც მოიტანა დღევანდელი შედეგები.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვა და „ქართული ოცნებაც“ აქცენტს 43%-ზე აკეთებდა, ბუნებრივია ველოდით და ასეც უნდა ყოფილიყო, ოპოზიციას უნდა მოეხდინა საკუთარი რესურსების მნიშვნელოვანი მობილიზაცია და როგორც მინიმუმ იგივე აქტივობა უნდა გვენახა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნებზე იყო.

მიუხედავად დიდი ადმინისტრაციული რესურსისა, მმართველ ძალას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ეს ახსნადია, მათ ორი საპარლამენტო ვადა გაიარეს და ახლა ქართველი ამომრჩევლების ნაწილს არა სურს მათთვის მანდატის გაგრძელება.

მიუხედავად დიდი ადმინისტრაციული რესურსისა, მმართველ ძალას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ეს ახსნადია, მათ ორი საპარლამენტო ვადა გაიარეს და ახლა ქართველი ამომრჩეველების ნაწილს არა სურს მათთვის მანდატის გაგრძელება

- ალბათ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამომრჩეველთა 50% არჩევნებზე არ წასულა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მტკიცება, რომ მან არჩევნებში დამაჯერებლად მოიგო გაუგებარია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ვინც მივიდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ფაქტია რომ იმის გამო გაააქტიურდა, რომ ამომრჩევლების ნაწილში კარგად მუშაობს ლოზუნგი - „მიშა მოდის“! ფაქტია ისიც, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში რეალურად ჩამოვიდა და ახლა რუსთავის ციხეშია.

გასაგებია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლით „ნაციონალების“ მხარდამჭერები გააქტიურდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის ხმები რაც „ოცნებამ“ მიიღო, გარკვეულ წილად სააკაშვილის „დამსახურებაცაა“, რადგან მისმა ჩამოსვლამ „ქართული ოცნების“ ის მხარდამჭერები გააქტიურა, ვისთვისაც სააკაშვილი და მისი გუნდი კატეგორიულად მიუღებელია.

შედეგი ასეთია - ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ორი ფიგურაა - ივანიშვილი და სააკაშვილი. ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ „ნაცები“ და ოცნება“ ერთმანეთისთვის სასარგებლო სპარინგ-პარტნიორები არიან...

- მე უკვე ვთქვი, რომ აქამდე არსებული ელექტორალური მოცემულობა შენარჩუნდა. მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ გარკვეულ წილად ორივე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერების კრისტალიზაცია მოახდინა.

მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ გარკვეულ წილად ორივე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერების კრისტალიზაცია მოახდინა

თუმცა, არსებითად, ჩემი აზრით, პოლიტიკური ლანდშაპტი არ შეცვლილა. არ შეცვლილა ახალი პოლიტიკური ძალების ელექტორალური მხარდაჭერა. დარჩა ისევ ის, რაც იყო წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

- სააკაშვილის ჩამოსვლა უარყოფითად აისახა ე.წ. პატარა პარტიების შედეგებზეც.

- გეთანხმებით, მე ვამბობ იმას, რომ პატარა პარტიებმა რეალურად ვერ შეძლეს თავისი შედეგის გაუმჯობესება. მათი შედეგების დაკლების ერთ-ერთი ფაქტორი არის სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი დაკავება.

ოპოზიციის ფლანგზე რეალური რესურსის მობილიზება ვერ მოხდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 51% შეადგინა, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნებზე 56% იყო. რეალურად, „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების კრისტალიზაცია მოხდა, თუმცა მათაც დააკლდათ.

თუ სწორად მახსოვს, „ქართულ ოცნებას“ დააკლდა დაახლოებით 180 ათასამდე მხარდამჭერი. მე ვსაუბრობ იმ მონაცემებზე, რაც ამ დროსთვის დათვლილია. „ნაცმოძრაობას“ დააკლდა დაახლოებით 50 ათასი. კლება თანაბარი არ არის.

ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა და მისი დაკავება ამ არჩევნებზე იყო ფაქტორი, მაგრამ 2020 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგ არსებული საჭადრაკო დაფა არსებითად ვერ შეიცვალა. ამაში ყველას თავისი წილი აქვს - ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელიც წინა არჩევნებისგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა და მისი დაკავება ამ არჩევნებზე იყო ფაქტორი, მაგრამ 2020 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგ არსებული საჭადრაკო დაფა არსებითად ვერ შეიცვალა. ამაში ყველას თავისი წილი აქვს - ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელსაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია

ეს მათი მხრიდან გარკვეულ პროტესტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დაკვეთა რეალურად სხვა რამაა, ვიდრე ეს პარტიები და სხვა პარტიები საუბრობენ.

თუ დავუკვირდებით ბოლო პერიოდის სამივე ზოგადეროვნულ არჩევნებს, არის ე.წ. ორპოლუსიანობა, ორივე პოლუსს ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება. ანუ ზრდადი არაა. ჩემი აზრით, ასეთი ვითარება ჩვენში უკულტურობის, ან დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია.

ორივე პოლუსს ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება. ანუ ზრდადი არაა. ჩემი აზრით, ასეთი ვითარება ჩვენში უკულტურობის, ან დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია

ჩვენ გვახსოვს გამსახურდია და მისი მომხრეები, შემდეგ შევარდნაძე და მისი მომხრეები, რომლებიც საკმაოდ კრისტალიზებული იყვნენ, ახლაც იგივეს ვადევნებთ თვალს, არიან სააკაშვილის მომხრეები, რომელთა რაოდენობა 500-ათასიდან 600 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვხედავთ, რომ ასევე არიან „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მომხრეები. მათი ოდენობა 800 ათასსა და 900 ათასამდე მერყეობს.

ამ ორი ძალის მიღმა საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ამომრჩეველია დარჩენილი, რომელიც დიდი ხანია ითხოვს ორპოლუსიანობის შეცვლას, პირველ რიგში პარტიების ქცევის შეცვლას, მათ მეტად გადემოკრატიულობას, მათ მეტ კავშირს მოსახლეობასთან და არა მხოლოდ არჩევნების დროს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დაკვეთას არც ერთი პარტია ვერ პასუხობს. ვნახოთ გახარიას ფაქტორი რა ცვლილებებს შეიტანს ამ პროცესში.

- 65 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები ჩატარდება. საინტერესოა ის, რომ ისეთ თვითმმართველ ქალაქებში როგორიცაა თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თელავი მეორე ტურები დაინიშნება.

ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერცერთ დიდ ქალაქში პირველ ტურში ვერ მოიგო არჩევნები. თუ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ოპოზიციას საკმაოდ კარგი შანსები აქვს მმართველი გუნდის კანდიდატები დაამარცხოს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ მოიგო?

- მესმის, რომ ჯერ საბოლოო მონაცემები არაა, მაგრამ მიუხედავდა ამისა, ოპოზიცია ამ მონაცემებით აპელირებს. თავის მხრივ, მმართველი ძალა ამას მტკივნეულად აღიქვამს და განიცდის.

მაგრამ, ჩვენ ეს მონაცემები რომ 2020 წლის მონაცემებს შევადაროთ? მაშინ რა მეორე ტურები არ იყო?

- მაშინ მეორე ტურებში მონაწილეობაზე ოპოზიციამ უარი თქვა.

- დიახ, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მაშინაც იყო მეორე ტურები და ახლაც გვაქვს მეორე ტურები. ერთადერთი სიახლე ჩემთვის შეიძლება იყოს ის, თუმცა საბოლოო მონაცემები ჯერ არ გვაქვს, რომ მეორე ტური ზუგდიდში „ნაციონალებმა“ შეიძლება მოიგონ.

- თუ მონაცემებს დავაკვირდებით ოპოზიციას სხვა ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს.

- დიახ, რა თქმა უნდა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ოპოზიციის მოქმედებას ერთსულოვნად მოქმედება შეიძლება ვუწოდოთ, რამდენად ერთსულოვანი დარჩება ოპოზიცია მეორე ტურებში.

დღევანდელი მოცემულობით მეორე ტურები ჩემთვის 2020 წელთან შედარებით ოპოზიციის შედეგების დიდად გაუმჯობესება არ არის. მეორე ტურები მაშინაც იყო და ახლაც არის.

დღევანდელი მოცემულობით მეორე ტურები ჩემთვის 2020 წელთან შედარებით ოპოზიციის შედეგების დიდად გაუმჯობესება არ არის. მეორე ტურები მაშინაც იყო და ახლაც არის

- ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებით გახარიამ და მისმა პარტიამ მესამე პოლიტიკური ძალის ადგილი დაიკავა.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი , რომ გახარიას პარტია არჩევნების შედეგებით მესამე ადგილზეა გასული?

- მესამე პოლიტიკურ ძალად რომ დამკვიდრდეს პოლიტიკური ძალა, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ორჯერ მაინც უნდა აჩვენო ეს მაჩვენებელი. 2012 წლის არჩევნების შედეგად „პატრიოტთა ალიანსი“ მესამე ადგილზე იყო გასული, მაგრამ შემდეგ პერიოდში ვნახეთ, რომ ასეთი ძალის სტატუსი მან ვერ დაიმკვიდრა.

დაიკავებს თუ არა გახარიას პარტია მესამე პოლიტიკური ძალის ადგილს, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა, უნდა ითქვას, გახარიას სტრატეგიულად სწორად ჰქონდა გათვლილი თავისი ტაქტიკა. მისი მიზანი იყო მის გარეშე არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ჰქონოდა ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების მონოპოლია. მისი ხმები საჭირო გამხდარიყო.

დაიკავებს თუ ა­რა გახარიას პარტია მესამე პოლიტიკური ძალის ადგილს, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა

სხვათა შორის, თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში გახარია. გახარიას დაახლოებით 9% ორივე კანდიდატისთვის ოქროს ფასს შეიძენს. ამას პოლიტიკაში ოქროს გასაღების პრინციპი ჰქვია. ეს არის ვითარება, როცა არ ხარ არც პირველი და არც მეორე ადგილის მფლობელი, მაგრამ ორივეს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენ. შენს გარეშე ისინი ვერ წარმართავენ თავიანთ პოლიტიკურ პროცესს.

თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში გახარია

ვნახოთ, საშუალოვადიან, ან გრძელვადიან პერსპექტივაში გახარია შეძლებს თუ არა თავისი ამომრჩევლების ჯერ შენარჩუნებას და შემდეგ მათ კრისტალიზაციას.

- თვალშისაცემია ე.წ. პატარა პარტიების ძალიან ცუდი შედეგები. თბილისის მერობის ნიგერიელმა სიძე-კანდიდატმა ოგბუნჯუმ ცოტა, ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო, ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც "ლეიბორისტულმა პარტიამ" ან სხვებმა.

ვხედავთ ვითარებას, როცა ამბობენ ხოლმე- ბევრ პარტიას საერთოდ არ ესინჯება პულსი. თქვენი დაკვირვებით რასთან გვაქვს საქმე?

- ჩემი აზრით, ამ არჩევნებში ამომრჩეველმა თავისი პროტესტი ორნაირად გამოხატა. პირველი, ის 200 ათასი არჩევნებზე არ წავიდა; მეორე ნაწილი ვინც არჩევნებზე წავიდა, პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდა და როგორც ჩანს, პროტესტიც, ბიულეტენში მოძებნა გამოსავალი თუ როგორ გამოეხატა თავისი პროტესტი.

მცირე ნაწილმა ყველა გადახაზა, ხოლო ნაწილმა იმისთვის, რომ მისი ბიულეტენი ბათილად არ ჩათვლილიყო, გადაანაწილა ყველა სხვაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ან მეტ-ნაკლები ცნობადობის მიხედვით და აქ იპოვა სხვები.

ოგბუნუჯუ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ აქ ვხედავთ სხვებსაც, მაგალითად ანა დოლიძეს. ამომრჩეველმა თავისი ადრინდელი ფავორიტი პარტიები იმით დასაჯეს, რომ ანა დოლიძეს, ან სხვებს მისცეს ხმა.

- თქვენი დაკვირვებით 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს მომავალში კარგი პერსპექტივა?

- თუკი პარტიული სისტემა არ შეიცვალა და გვექნა „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ორპოლუსიანობა, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, თან ორივეს ინტერესშია ერთმანეთის შენარჩუნება, ამომრჩევლებისგან არ წამოვიდა მეტი აქტიურობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბუნებრივია, რომ ეს მოცემულობა შენარჩუნდება.

თუ დემოკრატიული პარტიული კულტურა არ ჩამოყალიბდა საქართველოში ძალიან დიდხანს მოგვიწევს ორპარტიული ორპოლუსიანობის პირობებში ყოფნა.

პარლამენტში ახლა დევს საინტერესო ინიციატივა, რომელიც პროცენტული ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. ის ჩავარდება თუ არა, ჯერ არავინ არ იცის. თუ ეს ინიციატივა ამჯერადაც ჩავარდა, ვნახავთ ელექტორალურად კიდევ უფრო გამსხვილებულ პოლიტიკურ ძალებს.

პარლამენტში ახლა დევს საინტერესო ინიციატივა, რომელიც პროცენტული ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. ის ჩავარდება თუ არა, ჯერ არავინ არ იცის. თუ ეს ინიციატივა ამჯერადაც ჩავარდა, ვნახავთ ელექტორალურად კიდევ უფრო გამსხვილებულ პოლიტიკურ ძალებს

ის ინიციატივა რომ მიიღონ, არჩევნების დღევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ დიდად ბევრი არაფერი არ შეიცვლება და 2024 წლის არჩევნებისთვისაც ისეთივე სურათი გვექნება, როგორც 2020 წლის არჩევნებზე გვქონდა.

- საქართველოში დაბრუნებული და ახლა ციხეში მყოფი სააკაშვილი ამბობს, რომ მას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს. პროკურატურა აცხადებს, რომ მას ბრალი სწორედ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე წარედგინება. უკრაინის პრზიდენტი მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს, თან უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მის მოქალაქეს განსაცდელში არ მიტოვებს.

ფაქტია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არჩევნებში წაადგა ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე მხრივ „ნაცმოძრაობას“. პატარა პარტიების შედეგებზე იმოქმედა, მაგრამ ახლა საინტერესო ისაა რა ბედი ელის თავად სააკაშვილს, რომელიც ახლა რუსთავის ციხეშია?

- ბოლო ორი დღეა მმართველი ძალა სააკაშვილისა და ოფიციალური კიევის განცხადებებში მისთვის სასარგებლო მესიჯებს კითხულობს. ამის ნათელი მაგალითია კიევის განცხადება, რომ იგი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. არჩარევის შესახებ უკრაინულმა მხარემ სულ სხვა რამეზე თქვა, იგულისხმება არჩევნები.

მაგრამ, რაც შეეხება სხვას, მან ქმედებაც განახორციელა, კიევში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მიიწვია, იყო წამოცდენები იმის შესახებ, რომ უშუალო კონტაქტები იყო კიევსა და თბილისს შორის.

უკრაინამ თქვა ძალიან მარტივი რამ - ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოქალაქე.

უკრაინამ თქვა ძალიან მარტივი რამ - ჩვენ უზრუნველყოფთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვას. ნებისმიერი დემოკრატიულ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოქალაქე

ეს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სხვა საკითხია სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენი როგორ ჯეროვნად ასრულებენ ამ ვალდებულებას და როგორ იცავენ თავისი მოქალაქეების უფლებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა და სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის რომ თავის მოქალაქეებს იცავს.

აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის ფარგლებში საქართველო და უკრაინა ერთიან ჯაჭვად მოიაზრება და ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს.

სულ ცოტა ხნის წინ უკრაინამ განაცხადა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ პროცესში თუ სააკაშვილი გახდა ფაქტორი იმისა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ან გაუარესდა, არც ერთის დაშვება მინდა და არც მეორის, ამით ერთად ერთი ვინც ისარგებლებს რუსეთი იქნება.

უკრაინა მის ევროინტეგრაციის გზას გააგრძელებს, საქართველოს საბოლოოდ ჩამოცილდება და მოგებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი დარჩება.

- სწორად გავიგე - ოფიციალური კიევი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას და უკრაინაში დააბრუნოს?

- შესაძლებელია. ამის სამართლებრივი მექამიზმები არსებობს როგორ ჩვენს შიდა კანონმდებლობაში, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმებებით.

შესაბამისად, ამის ალბათობა არსებობს და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლება, როდესაც საააკშვილის და შემდგომ მისი საპატიმროში გაშვების გადაწყვეტილებას იღებდა.

- დღეს ბევრი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის შემოსვლა ივანიშვილთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანლებთან შეთანხმებული იყო.

- ამგვარი მტკიცება გახლავთ მმართველი გუნდის სასარგებლოდ და „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ კარგად მოფიქრებული ე.წ. ნარატივი.

რატომ? თუ ეს ასე გამოდის, ბუნებრივია, მტკიცება, რომ ივანიშვილი და მინისტრები სააკაშვილს გაურიგდნენ, ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ სააკაშვილმა თავის პარტიას უღალატა. ამიტომ ხდება ამ ნარატივის კულტივირება. თუ სააკაშვილი თავად შემოვიდა ქვეყანაში მალულად იკვეთება საქართველოს სისუსტე, რაც უსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ სააკაშვილი თავად შემოვიდა ქვეყანაში მალულად იკვეთება საქართველოს სისუსტე, რაც უსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

სხვათა შორის, საქართველოს მოუწევს ჩვენსავე სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე საუბარი და აქტიური თანამშრომლობა. თუნდაც იმის გამო, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ისეთი დაუცველი საზღვრებით, როგორც ჩვენ ახლა გვაქვს, შეუძლებელია.

პროკურატურაც ადასტურებს, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზღვარი არის მორღვეული. არადა ისეთი გეოპოლიტიკური ინეტერსებია თავმოყრილი საქართველოს ყველა მხრიდან, ბუნებრივია, სერიოზული თავის ტკივილია უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოსთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის ის ვითარება, რაც ახლა ჩვენ საზღვარზე გვაქვს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა