ირაკლი ღარიბაშვილი - ზოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მითუმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ.

ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია.

„ ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული.

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად. ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ.

უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ - გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილში.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს