ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის უფასოდ გავლის საშუალება ყველას აქვს - საქპატენტის ინიციატივა

საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს-DL101GE-ს იწყებს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების კურსია.

კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. წარმატებულ კურსდამთავრებულებს WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცემათ.

რით არის გამორჩეული ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსი- DL101GE, ვისთვის არის განკუთვნილი და რატომ უნდა დაინტერესდნენ ადამიანები ამ კურსის გავლით, აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მრჩეველს, DL101GE-ს მთავარ ტუტორს, სოფიო მუჯირს ესაუბრა.

- რატომ არის ინტელექტუალური საკუთრების დარგში ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი?

- 21-ე საუკუნეში, ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ხანაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და მისი მნიშვნელობის შესახებ. არასაკმარისმა ცოდნამ, ჩვენი შემოქმედებითი და კრეატიული საქმიანობის შედეგების დაცვის შესახებ, შეიძლება მძიმე მატერიალური დანაკარგი ან მიუღებელი შემოსავალი მოგვიტანოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა ზიანი მოაქვს ყალბი და პირატული პროდუქციით ვაჭრობას ან შეძენას. ეს შეიძლება არამარტო ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე იყოს, არამედ ხშირ შემთხვევაში, თითქოს უვნებელი, ყალბი შანელის მაისურების გაყიდვის უკან, ძალიან დიდი კრიმინალური ქსელი, ტრეფიკინგი ან არასრულწლოვანების უკანონო შრომა იფარებოდეს. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მეორეს მხრივ პატივი ვცეთ, და არ დავარღვიოთ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება. ამდენად, ინტელექტუალური საკუთრება არის დარგი, რომლის ცოდნაც გარკვეულწილად ყველა დარგის სპეციალისტისთვის აუცილებელია. ნებისმიერი ჩვენგანი ყოველდღიურად გარკვეული ფორმით ქმნის ან იყენებს ინტელექტუალური საკუთრებას, იქნება ეს მეცნიერი, რომელიც სიმსივნის სამკურნალო საშუალების გამოგონებაზე მუშაობს, მარკეტინგის სპეციალისტი, რომელიც კომპანიის ახალი ლოგოს კონცეფციას ქმნის, საათების დიზაინერი, ჟურნალისტი, ახალი მარწყვის ჯიშზე მომუშავე სელექციონერი, თუ მცირე მეწარმე, რომელიც რაჭაში ხვანჭკარას აწარმოებს. ინტელექტუალური საკუთრების მინიმალურ დონეზე ცოდნა სამეწარმეო საქმიანობის წარმატების ერთ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ უზრუნველვყოთ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სათანადო დონეზე დაცვა, მისი აღსრულება და მაღალი ცნობიერება. კურსის მიზანია, გაიზარდოს ცნობიერება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავახალისოთ იყვნენ ინოვაციურები, იაზროვნონ განსხვავებულად, შექმნან ღირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, რაც როგორც მათი კეთილდღეობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი შეიძლება იყოს.

- რა ღონისძიებებს ატარებს საქპატენტი დარგში ცნობიერებისა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით?

- ინტელექტუალურ საკუთრების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა გაცილებით ფართო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. საქპატენტი, დიდი ხანია ეწევა ცნობიერების ამაღლებას ამ დარგში რის გამოც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი დააფუძნა. სწორად, WIPO -ს მხარდაჭერით, შემუშავდა ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი, რომელიც დისტანციურად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი. ყოველწლიურად, ასევე, იმართება, არაერთი ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ვებინარი, იურისტებისთვის, მოსამართლეებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, საავტორო უფლებების მფლობელებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს ვახორციელებთ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად “კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასკოლო მასალა, რომელიც წარმატებით შეიტანეს სკოლებში პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა მასწავლებლებმა. აუცილებელია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე წავახალისოთ იყვნენ ივაციურები, კრეატიულები, ვასწავლოთ, რომ მათი გონებრივი შრომის შედეგი, ფინანსური კეთილდღეობის და განვითარების მომტანი შეიძლება იყოს. ჯოან როულინგს ჰარი პოტერმა 1 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. ნათურის, ბორბლებიანი ჩემოდნის თუ სმარტფონის გამოგონებამ, რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ყველა ინოვაციური და განვითარებული ქვეყანა, ადრეული ასაკიდანვე ასწავლის ინტელექტუალურ საკუთრების მნიშვნელობას. ჩვენ ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ სხვისი გამოგონების ან საავტორო უფლების ობიექტის უკანონოდ გამოყენება ისეთივე, ქურდობაა როგორც ტელეფონის ან ნახატის. საქპატენტი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

- რა უპირატესობები აქვს ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს, რატომ უნდა დავინტერესდეთ DL101GE-ით?

- კურსის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ დისტანციური დამოქნილია. ნებისმიერადამიანს, რომელიცმუშაობსდადროშიშეზღუდულია, შეუძლია კურსის მასალები მისთვის ხელსაყრელ დროს შეისწავლოს. კურსი ასევე, მრავალფეროვანია წარმოდგენილია წასაკითხი მოდულები, აუდიო ფაილები, თვითშეფასების კითხვები, სადისკუსიო ფორუმი სადაცსაინტერესო კითხვების განხილვა არის შესაძლებელი. და სულ ახლა ხანს დაემატა ვებინარებიც. კურსის მიზანია, მაქსიმალურად ეფექტურად და მარტივად მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების სწავლება და დარგის მიმართ ინტერესის გაღვივება. ვურჩევ ყველას, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, განსაკუთრებით მათ ვისაც მეწარმეობასთან, ინოვაციურ საქმიანობასთან და შემოქმედებითობასთან აქვს შეხება, გაიარონ კურსი, რომელიც არის უფასო და იძლევა შესაძლებლობას შეძენილი ცოდნა ეფექტურად გამოიყენონ მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.

- რას მოიცავს DL101GE კურსის პროგრამა ?

- კურსი შედგება 12 მოდულისგან და ფარავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტს: საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, დიზაინს, პატენტებს და ახალ ჯიშებს. ასევე, სპეციალური მოდული ეთმობა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და ინტელექტუალურ საკუთრებას და განვითარებას. კურსის გავლის შედეგად, მონაწილე იძენს ზოგად ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტზე, რომელიც შემდგომში შეიძლება გაიღრმაოს.

- ვინ უძღვება კურსს? რამდენად კვალიფიცირებული ტუტორები არიან?

- კურსი გაერო-ს სპეციალური უწყების, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO -ს მიერ არის შემუშავებული და მას WIPO -ს მიერ სერტიფიცირებული ტუტორები უძღვებიან. ყველა მოდულს თავისი ტუტორი ჰყავს, რომლების სადისკუსიო ფორუმზე მონაწილეებს სხვადასხვა თემებს სთავაზობენ განსახილველად, ატარებენ ვებინარებს და პასუხობენ მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამდენად, კურსს ძალიან კვალიფიციური ტუტორები უძღვებიან, რომლებსაც ასევე, დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

- რამდენად სასარგებლოა WIPO-ს სერტიფიკატი, არის თუ არა საერთაშორისოდ აღიარებული?

- ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლებელია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას აკადემიის სპეციალიზირებული კურსების გავლა,როგორიცაა საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გამოგონებები თუ სხვა. გაერო-ს სპეციალიზირებული უწყების მიერ გაცემულ სერტიფიკატს რა თქმა უნდა საერთაშორისო აღიარება აქვს და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სერტიფიკატია.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ კურსის გავლა სურთ?

- მათ, ვისაც კურსის გავლა სურთ ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ კურსზე შემოთავაზებული ყველა რესურსი. შეძლებისდაგვარად რეგულარულად დაუთმოთ გარკვეული დრო სწავლას, მოუსმინონ აუდიო ფაილებს, გააკეთონ ყოველი მოდულის ბოლოს მოცემული ტესტები, დასვან შეკითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სადისკუსიო ფორუმში. ამით, თეორიულ ცოდნასთან ერთად საშუალება ექნებათ ყოველი საკითხი პრაქტიკულადაც განიხილონ, რაც დაეხმარებათ მასალის სრულფასოვან ათვისებაში.

- როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს კურსზე დარეგისტრირება?

- კურსზე რეგისტრაცია 14 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, 15-17 ოქტომბერი საორიენტაციო პერიოდია. სწავლა 18 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო საბოლოო გამოცდა 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

თაკო ჩხაიძე

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა