ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიაზე და მასზე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას.

როგორც მირანდა მესხის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაზეც საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით აპელირებს, სიცრუეა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი. ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს.

ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა.

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია როგორც მედიის, ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“ , - ნათქვამია მირანდა მესხის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო