ვაჟა ბერიძე - რევოლუციონერისთვის, საკნიდან მთავრობის სასახლემდე ერთი ნაბიჯია და შეიძლება, ამ ერთი ნაბიჯისთვის სააკაშვილი უფროა მზად, ვიდრე პოლიტიკისგან ვითომდა დისტანცირებული ივანიშვილი

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები 30 ოქტომბრის მეორე ტურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება, არჩევნების პირველი ტურის შედეგები იძლევა საშუალებას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ არაერთ ასპექტზე გაკეთდეს დასკვნები.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების წინა დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ჩვენ საქართველოში მისი ჩამოსვლის დეტალებზე, მიზეზებზე და ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ სწორი იქნება, თუ ჩვენს საუბარს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე მსჯელობით დავიწყებთ. როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკაში ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფი ახალი რეალობის კონტურებს?

- უწინარეს ყოვლისა, ვიდრე თქვენს შეკითხვას გავცემდე პასუხს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის სამწუხარო ფაქტზე უნდა ვთქვა. იმედია, სპეკულაციებს, ამ თემით მაინც, აარიდებენ თავს პოლიტიკური სუბიექტები. ხდება, სხვაგანაც ხდება, ჩვენზე განვითარებულ და დალაგებულ ქვეყნებშიც, მაგრამ ხდება გაცილებით და მნიშვნელოვნად იშვიათად, ვიდრე ჩვენთან.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებამაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ, რამეთუ სარემონტო სამუშაოები, როგორც ახალაშენებულ, ისე ძველ კორპუსებში, ისე კერძო სახლებსა თუ ზოგადად საბინაო ფონდში, ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენაა, სადაც სამუშაოთა მწარმოებლები ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ თავიანთი კომპეტენციით და უნარებით.

აგერ გათბობის სეზონიც იწყება, ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემები ჩაირთვება და სამწუხაროდ, ბევრი სავალალო შედეგი გვექნება, როგორც ჩანს, წლეულსაც, ისე როგორც გასულ წლებში იყო. ადგილობრივი თვითმმართველობები, ფირმები და სამსახურები ისევ მოიკოჭლებენ და ისევ, სავარაუდოდ, ბევრი ამდაგვარი შემთხვევა გვექნება.

და აქვე გადავალ თქვენი კითხვიდან მომდინარე კონტექსტზე. - ჩვენ ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც არჩეულმა პირებმა მოქალაქეების საარსებო და აუცილებელ საჭიროებებს უნდა მიხედონ. მაგრამ, არჩევნები ჩატარდა ისე, რომ წინა პლანზე იყო არა მოქალაქეთა საჭიროებები, არამედ პოლიტიკური დაპირისპირება პრინციპით - ლეგიტიმურია თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, წინა არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და შესაბამისად, მთავრობა.

არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები წარიმართა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ძველი და საყვარელი პრინციპით - ვინ ვის? ხოლო ბრძოლა იყო ქართული რეალობისთვის ორგანული ფორმატით - „ბრძოლა წესების გარეშე“. შედეგი სახეზეა და სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ამდაგვარი გველის.

და, სხვათა შორის, ეს მარტო პარტიების და პოლიტიკოსების გამოისობით როდია, - რაც ერი, ის ბერი. რაც საზოგადოება, ის მისი პარტიები.

ახალ პოლიტიკურ რეალობაზე მკითხეთ. ვფიქრობ, მიღებულ შედეგებში ახალი არაფერია. ჩვენ, მოქალაქეები, ავყევით ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს და ხმა მივეცით ორივე მათგანის წინააღმდეგ, ერთ-ერთის გამორიცხვის მეთოდით.

ვფიქრობ, მიღებულ შედეგებში ახალი არაფერია. ჩვენ, მოქალაქეები, ავყევით ივანიშვილის და სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს და ხმა მივეცით ორივე მათგანის წინააღმდეგ, ერთ-ერთის გამორიცხვის მეთოდით

შედეგად მივიღეთ, ადგილობრივ დონეზეც, ისევ ბიძინა და ისევ მიშა. სადღაც მას ქვია კახა კალაძე, სადღაც ხატია დეკანოიძე და ანზორ მელია. ამიტომ, ამ რეალობის კონტურებიც იგივეა, რაც 2000-იანების დასაწყისში იყო.

ბრძანეთ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს გავლენა სერიოზული იყო, მაგრამ გავლენა, ცხადია, სახეზეა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ფაქტით 5-7%-ით მეტი მიიმხრო, მათ შორის იმათგან, ვინც გახარიას პარტიის მხარდაჭერას აპირებდა, პლუს მერყევები, რომლებიც აღარ აპირებდნენ საარჩევნო ურნებთან მისვლას. და, „ნაციონალების“ მიერ მობილიზებულ იქნა დამატებით ასევე 5-7 %, რამაც უკიდურესად შეამცირა პრონაციონალური პარტიების ელექტორალური ბაზა.

ასე რომ, ვინც ეს რეალობა შექმნა, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა იგი, თუ ბიძინა ივანიშვილი, ამ შედეგებზე გათვალა და სავარაუდოდ, სათანადო პოლიტიკური და ფინანსური რესურსიც მოახმარა ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს.

და კიდევ ერთი შედეგი - მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, ამიერიდან One Man Show - ბიძინას ერთი მსახიობის თეატრი, ორი მსახიობის წარმოდგენად იქცა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკანში ზის, სუშის მიირთმევს მაიამიში, თუ უკრაინულ ბორშჩს შეექცევა კიევში. რევოლუციონერისთვის, საკნიდან მთავრობის სასახლემდე ერთი ნაბიჯია და შეიძლება, ამ ერთი ნაბიჯისთვის სააკაშვილი უფრო არის მზად, ვიდრე პოლიტიკისგან ვითომდა დისტანცირებული ბიძინა ივანიშვილი.

მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, ამიერიდან One Man Show - ბიძინას ერთი მსახიობის თეატრი ორი მსახიობის წარმოდგენად იქცა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი საკანში ზის, სუშის მიირთმევს მაიამიში, თუ უკრაინულ ბორშჩს შეექცევა კიევში

- ბევრ პოლიტიკოს სწყინს როცა ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რეალურად მხოლოდ ორი ფიგურაა - კულისებში მყოფი ივანიშვილი და კიევიდან საქართველოში მალულად თუ ღიად ჩამოსული სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსთავის საკანშია.

2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილმა „შუა“ მარტო გაკრიფა. მას შემდეგ არჩევნებზე „შუა“ არა ერთ არჩევნებზე გაკრეფილა „მიშა მოდის“! ლოზუნგით. მაგრამ, 2021 წელს „შუა“ კიდევ ერთხელ გაიკრიფა. ამჯერად ივანიშვილისა და საქართველოში ჩამოსული და რუსთავის ციხის საკანში აღმოჩენილი სააკაშვილის ერთობლივი მონაწილეობით.

რა შეიძლება იყოს მიზეზები იმისა, რომ „შუის“ კიდევ ერთხელ გაკრეფის შედეგად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რეალურად მხოლოდ ორი ფიგურა ჩანს - ივანიშვილი და სააკაშვილი?

- დიახ, როგორც აღვნიშნე, ეს ასეა. და ეს არაფერს ცვლის. ივანიშვილის „შუის გაკრეფა“ ისევე მცდარი პოლიტიკური ხედვა იყო, როგორც პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, პირველ ეტაპზე თავისი მოკავშირე პარტიებისგან გამიჯვნა, მათი შერისხვა და ექსორია.

ივანიშვილის „შუის გაკრეფა“ ისევე მცდარი პოლიტიკური ხედვა იყო, როგორც პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, პირველ ეტაპზე თავისი მოკავშირე პარტიებისგან გამიჯვნა, მათი შერისხვა და ექსორია

„შუა“ იყო, არის და იქნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც თუნდაც ფორმალურად იყოს დეკლარირებული ასეთი საზოგადოებისადმი ერთგულების პრინციპები, პოლიტიკის უნივერსალური კანონები მოქმედებს, რომელთაგან თქვენი კითხვის პასუხად ერთ ასპექტს გამოვყოფდი - პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებაც, რასაკვირველია, იყოფა მემარჯვენეებად, მემარცხენეებად და ცენტრისტებად.

არ არსებობს მემარცხენე ლიდერი და ძალა, რომელიც „შუაშისტურ“ მიდგომებს აბსორბციას გაუკეთებს, მოწინააღმდეგეს დაიმარტოხელებს და ჭარბი ფინანსური რესურსით ნოკაუტში გაგზავნის.

თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე მსოფლიოში „მემარცხენე - მემარჯვენეობა“ უაღრესად პირობითია, როგორც ამას ბრიტანული, გერმანული და ფრანგული პოლიტიკური რეალიები ცხადჰყოფს.

ჩვენთან ვითარება კიდევ უფრო მარტივია. არის ორი ფული და არის ორი პოლიტიკური ლიდერი. არის ორი მთავარი ძალა და მესამე, შესაძლოა, არც გამოჩნდეს, რადგან ეს ორი, ერთმანეთთან შეთანხმების გარეშეც, სხვა სერიოზულ მოთამაშეს არ შემოიყვანენ თამაშში.

ნახეთ, როგორ მიესიენ და დასცხეს გახარიას, როგორც „ოცნებიდან“, ისე „ნაციონალებიდან“. თუნდაც გახარია ბიძინას პროექტი იყოს, ორივე მათგანისთვის იგი სასიკვდილოდ სახიფათოა, რადგან საზოგადოების უმრავლესობას, ესაა 60-65%, მობეზრდა და მოყირჭდა „ოცნება“ და იმავდროულად 60-65%-სთვის „ნაცინალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა, ნებისმიერი კონფიგურაციით, მიუღებელი.

თუმცა არა გამორიცხული. - არავინ იცის, როდის და რაზე გარიგდებიან ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად იჯდება, შუშის სასახლეში, ჭორვილის რეზიდენციაში, ციხის საკანში, თუ ყვარლის ფაზენდაზე.

არავინ იცის, როდის და რაზე გარიგდებიან ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად იჯდება, შუშის სასახლეში, ჭორვილის რეზიდენციაში, ციხის საკანში, თუ ყვარლის ფაზენდაზე

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისითაც ახალი არაფერი ხდება. 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ხალხმა მხოლოდ ორ ძალას შორის გააკეთა არჩევანი - ზვიად გამსახურდიასა და კომუნისტებს შორის. ერთად მათ 84% მიიღეს.

ისეთმა ძალიან საინტერესო, კვალიფიციურმა და პატრიოტულმა ბლოკებმა, როგორებიც იყო "თავისუფლება", "დემოკრატიული საქართველო", "რუსთაველის საზოგადოება", "სახალხო ფრონტი", 4%-ანი ბარიერი ვერ გადალახეს. მას შემდეგ 31 წელი გავიდა და თითქოს არაფერი შეცვლილა.

განსხვავება ალბათ მხოლოდ იმაშია, რომ პირობითად გამარჯვებული ძალა 55%-ზე მეტს ვერ იღებს. რა გამოდის - საქართველოს ამომრჩეველი შავი და თეთრის გარდა სხვა ფერებს ვერ ხედავს და ამჩნევს? ამის მიზეზი სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?

- ძალიან საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ ნება მომეცით, არ შემოგყვეთ ამ ძალიან საინტერესო რემინესცენციის ანალიზში, - დიდი, ვრცელი და მრავალპლასტიანი თემაა, რომელიც ჩვენი ერის პოსტიმპერიული განწყობის თავისებურებებსაც მოიცავს და ეთნოფსიქიკის იმ ასპექტებს, რომელთა შეცვლას თავისუფლებაში ცხოვრების, იმპერიების გავლენისგან გამოსული სახელმწიფოებრიობის გარკვეული გამოცდილება სჭირდება.

ჩვენ, ვგონებ, ცივილიზებული ერი ვართ, ამიტომ, ყოველთვის სწორ არჩევანს ვაკეთებთ თავისუფლებასა და მონობას შორის. ამიტომ იყო, რომ ფორმალურად 600 000-ზე მეტი კომუნისტის, პარტიის წევრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში კომპარტია ორგანიზაციულადაც და პოლიტიკურადაც მყისვე მოკვდა და გაქრა.

ცივილიზებული ერი ვართ, ამიტომ, ყოველთვის სწორ არჩევანს ვაკეთებთ თავისუფლებასა და მონობას შორის. ამიტომ იყო, რომ ფორმალურად 600 000-ზე მეტი კომუნისტის, პარტიის წევრის არსებობის მიუხედავად, საქართველოში კომპარტია ორგანიზაციულადაც და პოლიტიკურადაც მყისვე მოკვდა და გაქრა

იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, რომ ეროვნულებსა და კომპარტიებს წევრებს, ოპონირებისა და ქვეყნის თავისუფლებისადმი ერთგულების რეჟიმში, გარკვეული დროის განმავლობაში, ერთად ემართათ ქვეყანა, როგორც ეს ლიტვაში (ლიეტუვაში) ქმნეს ეროვნულებმა და ყოფილმა კომუნისტებმა (ლანდსბერგისი, ბრაზაუსკასი და ა.შ.).

მაინც, არსებითად განსხვავებული რეალობაა. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, ტრაგიკულიც ქვეყნის ბედისა და მომავლისთვის, მაგრამ რაც გავიარეთ, ის აუცილებელი და გარდუვალი იყო.

ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, ტრაგიკულიც ქვეყნის ბედისა და მომავლისთვის, მაგრამ რაც გავიარეთ, ის აუცილებელი და გარდუვალი იყო

საბჭოთა სისტემის კრახი სულაც არ ნიშნავს, რომ ამ განსხვავებული და თავისებური იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ყველა ქვეყანა, ისტორიულ პერსპექტივაში, სიცოცხლისუნარიანი იქნება.

ბრიტანეთის იმპერიის მაგალითს რომ გვერდი ავუაროთ და ცოტა უფრო წინ გავიხედოთ, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დანგრევის შემდეგ წარმოშობილი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ერთმა, პტოლემიდების ეგვიპტემ იარსება მეტ-ნაკლებად მყარად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

რაც შეეხება ფერებს, ვაგლახ, რომ ქართველი აღიქვამს ფერთა მთელ გამას, მაგრამ იძულებულია, რადიკალურად განსხვავებულ თვალსაზრისებზე დაკონცენტრირდეს, რადგან ამის გარეშე მის გარშემო განლაგებული მსოფლიო ვეშაპები - თურქეთი, ირანი, რუსეთი... მყისვე ფიქციად და ფორმალობად გადააქცევენ ამ უსაშველოდ ჭრელი ეთნიკურ - ტომობრივი კონგლომერატის დამოუკიდებლობას.

- ფაქტია, რომ ე.წ. შუაშისტებისელექტორალური ბაზა დაახლოებით 20%-. ამ სეგმენტში პატარა პარტიებისთვის 2%-იანი ბარიერის გადალახვა სერიოზული მიღწევაა. გამონაკლისი ექსპრემიერ გახარიას პარტიაა, რომლის ელექტორატი გუშინ და გუშინწინ „ქართულ ოცნების“ ელექტორატი იყო.

გასაგებია, რომ გახარიას პარტიის შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავადაც კი გამოიყურება, მაგრამ გახარიასა და მის პარტიას ჯერ კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ იგი „ქართული ოცნების“ ოპოზიციაა და არა ოპოზიციის ოპოზიცია.

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს დღეისათვის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სივრცეს? 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს მომავალში მეტ-ნაკლებად ხელშესახები პერსპექტივა?

- მომავალი ექნება იმ პარტიას, რომელიც დაამტკიცებს, რომ არსებობის ღირსია, რომელიც სტაბილურად მიიმხრობს ელექტორატის მინიმუმ მესამედს. რა თქმა უნდა, 90-იანი წლების ბოლოდან, ზურაბ ჟვანიას მიერ ნაოცნებარი ორპარტიული, პროდასავლური პოლიტიკური სისტემა, ამ ქვეყანაში განუხორციელებელი იყო, არის და იქნება.

მომავალი ექნება იმ პარტიას, რომელიც დაამტკიცებს, რომ არსებობის ღირსია, რომელიც სტაბილურად მიიმხრობს ელექტორატის მინიმუმ მესამედს

ის რაც სიცოცხლისუნარიანია შტატებში, რაღაც ამდაგვარი ბრიტანეთში, საქართველოში არ იმუშავა და არ იმუშავებს. ხალხი სუფრასთან შვიდხმიან მრავალჟამიერს აგუგუნებდეს, ლამის თავის არაოფიციალურ ჰიმნს, და ამერიკელების მიბაძვით ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემაში არსებობდეს, წარმოუდგენელია. თუმცა, „ორასპარტიული“ ქართული პოლიტიკური სივრცე, გარკვეული თვალსაზრისით, ანეკდოტურად გამოიყურება.

ის, რაც სიცოცხლისუნარიანია შტატებში, რაღაც ამდაგვარი ბრიტანეთში, საქართველოში არ იმუშავა და არ იმუშავებს. ხალხი სუფრასთან შვიდხმიან მრავალჟამიერს აგუგუნებდეს, ლამის თავის არაოფიციალურ ჰიმნს, და ამერიკელების მიბაძვით ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემაში არსებობდეს, წარმოუდგენელია. თუმცა, „ორასპარტიული“ ქართული პოლიტიკური სივრცე, გარკვეული თვალსაზრისით, ანეკდოტურად გამოიყურება

ჩვენი პარტიული, ხშირად ნიჭიერი, ამბიციური ლიდერების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ ძლიერი პარტიის ჩამოყალიბებას და არსებობას სჭირდება ბევრი არსებითი ფაქტორი და მათგან ყველაზე საყურადღებოები კი აუცილებლად - ხალხის მხარდაჭერა, სერიოზული ინტელექტუალური რესურსი, დიდი ფინანსური რესურსი.

ეს ფაქტორები, მით უფრო ერთობლიობაში, ჩვენნაირ ღატაკ ქვეყანაში ძნელად მოსაძიებელია. აქ მხოლოდ ოლიგარქები დებენ ფულს პოლიტიკაში და შესაბამის ამონაგებსაც მოელიან.

ამ მხრივ განსაკუთრებული ფენომენია ივანიშვილი, რომელიც გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს, მაგრამ ამ ხარჯვის და საქვეყნო საქმის კეთების ერთადერთ წინაპირობად ამ ქვეყნის მართვის უფლებას მოითხოვს, რაც მიუღებელია ქვეყნის მომავლის ინტერესების თვალსაზრისით.

გახარია საყურადღებო ფაქტორია, ყველაზე მეტი შანსი აქვს, წინა ორი ძალის ალტერნატივად რომ ჩამოყალიბდეს. ფაქტობრივად სამ თვეში ნაჩვენები შედეგი შთამბეჭდავია, განსაკუთრებით სააკაშვილის უცნაური „შემოვარდნის“ ფონზე, მაგრამ გახარიას ჯგუფმა რომ შეძლოს ანგარიშგასაწევი პარტიის ჩამოყალიბება, ბევრ კითხვას უნდა გასცეს კონკრეტული პასუხი. მათ შორის - ვის ფულს ხარჯავს და ვისი ფულის იმედი აქვს? რა იდეოლოგიის მიმდევარია? რა დამოკიდებულება აქვს ევროატლანტიკურ კურსთან? როგორ წარმოუდგენია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი? და გახარიას პიროვნული ხიბლის გარდა, რა კოზირები გააჩნია?

გახარიას ჯგუფმა რომ შეძლოს ანგარიშგასაწევი პარტიის ჩამოყალიბება, ბევრ კითხვას უნდა გასცეს კონკრეტული პასუხი. მათ შორის - ვის ფულს ხარჯავს და ვისი ფულის იმედი აქვს? რა იდეოლოგიის მიმდევარია? რა დამოკიდებულება აქვს ევროატლანტიკურ კურსთან? როგორ წარმოუდგენია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალი? და გახარიას პიროვნული ხიბლის გარდა, რა კოზირები გააჩნია?

ახალგაზრდა, განათლებული და პრინციპული ყოფილი სახელმწიფო მოხელეების 30 კაციანი გუნდი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ გახარია და მისი პარტია „ოცნების“ და „ნაციონალების“ ალტერნატივად მიიღოს და მას გაჰყვეს.

- არჩევნებამდე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებული პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც „ქართული ოცნება“ არც აღიარებდა, დასრულდებოდა. მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ პირიქითაც კი მოხდა.

„ქართულმა ოცნებამ“ შედარებით პატარა ქალაქებში, სადაც ყველაფრის გაკონტროლება ბევრად იოლია, კი მოიგო არჩევნები, მაგრამ ვერც ერთ დიდ ქალაქში პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. დიდია ალბათობა, რომ მეორე ტურში რამდენიმე ქალაქში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

მხოლოდ იმის გამო არა, თუ რა შედეგით დასრულდება მეორე ტური, არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები არ ტოვებს განცდას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი სრულადაა მოხსნილი დღის წესრიგიდან.

თქვენი დაკვირვებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულების სავარაუდო სცენარი როგორი შეიძლება იყოს?

- ამ ქვეყანაში პოიტიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს. ერთი შეხედვით, კრიზისი არც გვაქვს. პოლიტიკური სისტემა მუშაობს. მძიმედ, მაგრამ პანდემიას ვუმკლავდებით, ეკონომიკა ინერციით, მაგრამ ფუნქციონირებს.

რასაც თქვენ პოლიტიკურ კრიზისს უწოდებთ, ის მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც ზესახელმწიფოები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და ქართველი ხალხის პოლიტიკური ნებით მანიპულირებას შეწყვეტენ.

მეორე მხრივ, ჩვენი სუვერენიტეტის და პერსპექტივაში, ტერიტორიული მთლიანობის, მხოლოდ ერთი გარანტი ჰყავს ამ ქვეყანას - აშშ. მას ჰიპოთეტურადაც კი რომ გავემიჯნოთ, არავინ იცის, ახალ დროში, ლენინის და ათათურქის „მორიგება“ კონკრეტულად რა სახეს მიიღებს და შევძლებთ თუ არა, ფორმალურადაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას...

ჩვენი სუვერენიტეტის და პერსპექტივაში, ტერიტორიულ მთლიანობს, მხოლოდ ერთი გარანტი ჰყავს - აშშ. მას ჰიპოთეტურადაც კი რომ გავემიჯნოთ, არავინ იცის, ახალ დროში, ლენინის და ათათურქის „მორიგება“ კონკრეტულად რა სახეს მიიღებს და შევძლებთ თუ არა, ფორმალურადაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას...

ამ ყველაფრის დაძლევა, ბუნებრივია, პოლარიზაციის დასრულებით უნდა დავიწყოთ. თუ ჩვენ პარტიებს ვუცადეთ, აქეთ არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არასდროს წაიყვანენ ქვეყანას. ამიტომ, რასაც თქვენ კრიზისი უწოდეთ, იმის დასასრულებლად, მე, ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს და ანალიტიკოსს, ერთადერთი გზა და საშუალება მესახება - 90 იანი წლების დასაწყისში პოლიტიკიდან გაძევებული ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის დაბრუნება პოლიტიკაში. ხალხი პოლარიზაციას და უაზრო ქიშპსა და მტრობას მალე მოუღებს ბოლოს.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს და თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის გამარჯვების რეალურ შანსებს. - დიდი საფრთხე და ხიფათია სუსტი და უმწიფარი ქართული დემოკრატიისთვის.

საქართველო თურქეთი არ არის, სადაც ორ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს ქალაქს - სტამბულს და ანკარას, ოპოზიციონერი მერები მართავენ. ასეთი რამ არც ისრაელისთვის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება სერიოზული გამოცდა.

ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის ოპოზიციონერი მერები ხელებდაკაპიწებულები მხოლოდ მოქალაქეების საარსებო პრობლემების გადასაჭრელად არ იქნებიან მოწოდებულნი. აქ მერიები ანტისახელისუფლო და ანტისამთავრობი შტაბები იქნება დესტრუქციის საკმაოდ მაღალი მუხტით.

ჩვენ ვერ ვითვალთმაქცებთ და ვერ ვიტყვით, რომ თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან არჩევნებში „ნაციონალებს“ დღეს და თუნდაც ხვალ, გამარჯვების შანსი აქვთ. კოალიციებზე ოცნება უნიადაგო და უადგილოა, რადგან კოალიცია პოლიტიკური პროცესის წინსვლისთვის საშუალებაა და არა მიზანი. თან, არცერთი კონფიგურაციით, „ნაციონალებისა“ და მისი მოკავშირების დღევანდელი რეიტინგი, ქვეყნის მასშტაბით, 50%-ზე მეტი არ არის.

ამიტომ, რევოლუციური სცენარი, რასაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად ერთგულებენ, ტაქტიკური თვალსაზრისით, სწორია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზანი ამართლებს საშუალებას.

როცა გახარია სამთვიანი გარბენით 7-8%-ს იღებს, „პატრიოტთა ალიანსის“ ელექტორატი 1-2%-ს მინიმუმ 5-ჯერ აღემატება, მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესით, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება, პრაქტიკულად გამორიცხულია.

ამიტომ, ქუთაისის, ზუგდიდის, და სავარაუდოდ, თელავის და ბათუმის მერიები, ანტისამთავრობო მოძრაობის ეპიცენტრებად ჩამოყალიბდება, რაც თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას გამოიწვევს ხალხის საჭიროებებისგან.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ, ყველა, ხელისუფლებაც და სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციაც, უნდა შევეგუოთ შესაძლო პერსპექტივას, რომ თვითმმართველობა ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, შესაძლოა, ოპოზიციამ აკონტროლოს, განსაკუთრებით საკრებულოების სხვადასხვა კონფიგურაციის არსებობის პირობებში. ეს იქნება ქართული დემოკრატიის და თითოეული ჩვენგანის გამოცდაც.

ჩვენ, ყველა, ხელისუფლებაც და სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციაც, უნდა შევეგუოთ შესაძლო პერსპექტივას, რომ თვითმმართველობა ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, შესაძლოა, ოპოზიციამ აკონტროლოს, განსაკუთრებით საკრებულოების სხვადასხვა კონფიგურაციის არსებობის პირობებში. ეს იქნება ქართული დემოკრატიის და თითოეული ჩვენგანის გამოცდაც

- გვერდს ვერ აუვლით მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი რუსთავის ციხეში აღმოჩენის თემას. ფაქტია, რომ საქართველოში ჩამოსვლით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არჩევნების იმ შედეგებში, რომელიც საბოლოოდ დადგა.

თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ახლა კარგ დღეში არც სააკაშვილია, რადგან ციხეში ზის, და არც ხელისუფლება, რადგან არა ავრ დარწმუნებული, იმაში რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში ყოფნა მის საარჩევნო, ან პოსტსაარჩევნო პერიოდის გეგმებში შედიოდა.

ფაქტია ისიც, რომ თუ ხელისუფლებამ სააკაშვილი უკრაინას გადასცა, საკუთარი რეიტინგი მნიშვნელოვნად შეუმცირდება. თუ ამას აპირებს, მეორე ტურის დასრულებამდე არ და ვერ გააკეთებს. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება?

- მე, როგორც ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, სააკაშვილის კრიტიკოსი და ოპონენტი ვიყავი მისი მმართველობის პერიოდში. ამას ხაზს ვუსვამ, იმასთან მიმართებაში, რაც უნდა ვთქვა. - თავის ჩადენილი გადაცდომებისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, განსაკუთრებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებმა.

მაგრამ, როცა სასამართლო რეფორმამ საქართველოში არ იმუშავა, სხვათა შორის, სააკაშვილის პერიოდში განხორციელებულმა, როცა სასამართლოები პროკურატურის მიერ დაწერილი განაჩენების რეგისტრატორებად იქცა, და როცა ივანიშვილმა არ შეცვალა მიუღებელი ამ მხრივ რეალობა, როცა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ იყო სათანადო დონეზე, მას სააკაშვილის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაეწყო, ან მის მიმართ სერიოზული საქმეები უნდა ყოფილიყო ინკრიმინირებული და სათანადოდ დასაბუთებული.

როცა ქართულმა სასამართლომ სააკაშვილთან მიმართებაში განაჩენები დააყენა და ამ დროს სააკაშვილი მთელ მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ხოლო უკრაინაში საკმაოდ მაღალი ოფიციალური თანამდებობითაც დააჯილდოვეს, შენი მართლმსაჯულება შეურაცხყოფილია და რეალობას სხვანაირად უნდა შეხედო.

ან მართებული პოზიცია უნდა დაიკავო, ან სასამართლო რეფორმა ბოლომდე მიიყვანო და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობაში დაარწმუნო შენი სტრატეგიული პარტნიორები. რახან ამას ვერ ახერხებ, რახან ეს არ ხერხდება, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება გმართებს. რომელს აირჩევ, შენი საქმეა.

ყველაზე იოლი, მაინც შეწყალებაა, თუ გაჯიუტებული პრეზიდენტი დაითანხმე. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მართებს სწრაფი და ეფექტური მოქმედება. რახან სტრატეგიული პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა არ აქვს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეწყალებულ უნდა იქნას. სხვათა შორის, რაღაც მსგავსი უნდა მოიმოქმედოს ამ ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის მიმართ.

ყველაზე იოლი, მაინც შეწყალებაა, თუ გაჯიუტებული პრეზიდენტი დაითანხმე. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მართებს სწრაფი და ეფექტური მოქმედება. რახან სტრატეგიული პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა არ აქვს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეწყალებულ უნდა იქნას. სხვათა შორის, რაღაც მსგავსი უნდა მოიმოქმედოს ამ ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის მიმართ

პირადად აბაშიძის მიმართაც მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ 80-ს გადაცილებულ კაცს საშუალება არ ეძლეოდეს თავის სამშობლოში ყოფნის, ცხოვრების და მეუღლისა და მშობლების საფლავების მონახულების, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენი მართლმსაჯულება უნდა იყოს მკაცრიც და მოწყალეც. იგივეს ვიტყოდი ლევან მამალაძის და სხვების მიმართაც, რომელთა ექსორიაც უსასრულოდ გრძელდება.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ვარიანტით, სააკაშვილის „მეორედ მოსვლა“ პროვოკაციაა. მაგრამ თუ ქართული საზოგადოების ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ასე იოლია და გამოსავალი მხოლოდ მავანის დაჭერაა, გროშია ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ფასი.

- სავარაუდოდ რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის ოდისეას? და კიდევ - რა გავლენა ექნება საქართველოში მის ჩამოსვლას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

- ყველა ოდისეას აქვს დასასრული. ზოგს ბედნიერი, ზოგს არც ისე. სააკაშვილის ოდისეაც უნდა დასრულდეს და არ არის აუცილებელი, რომ იგი ისევ პრეზიდენტის ან ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში მოგვევლინოს.

სააკაშვილის ოდისეაც უნდა დასრულდეს და არ არის აუცილებელი, რომ იგი ისევ პრეზიდენტის ან ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში მოგვევლინოს

რატომღაც ქართველ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ერთხელ თუ მოვიდნენ პოლიტიკაში, ან მოხვდნენ პარლამენტში, თუ სხვა მაღალ თანამდებობაზე, მთელი ცხოვრება იქ უნდა იყვნენ.

რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი პოლიტიკოსები და არა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მავანის ყოვლისშემძლეობის გამო გამწესებული შემთხვევითი და არაადეკვატური სუბიექტები.

მაგრამ, მავანმა უნდა იცოდეს პოლიტიკაში მოსვლაც და წასვლაც. ქუჩა-ქუჩა უაზროდ და უშედეგოდ სირბილის გარდა, ამ ქვეყანაში და ამქვეყნად ბევრი კარგი და სასარგებლო საქმის კეთება შეიძლება.

ამაზე დაფიქრებას ვუსურვებ სააკაშვილსაც და ჩვენი პოლიტიკური კლასის სხვა წარმომადგენლებსაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა