ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, გარკვეული ნაწილის ჩამოშლა  მოხდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის­ ადგილზე მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, მოხდეს გარკვეული ნაწილის ჩამოშლა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტმა აღნიშნა, დროებით, მდგომარეობის შეფასებამდე, სამუშაოები შეჩერდება.

„მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ. 9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია - 12, 7 და 1 წლის და 3 თვის ბავშვი.

გამოძიება გრძელდება, ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამთავრებას. უნდა ნახონ საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა. აქედან გამომდინარე, ვაჩერებთ სამუშაოებს, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა სამუშაოები, რომ არ გამოიწვიოს ჩვენმა მუშაობამ ნგრევა და კიდევ არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღით ადრე კორპუსში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაასურათეს ადგილზე არსებული მდგომარეობა, გომელაური ამბობს, რომ „არანაირი დასურათება არ ყოფილა, გრძელდება გამოძიება და თუ საჭირო იქნება, გამოკითხავენ ყველას“.

„ადგილზე პოლიციელები დარჩებიან. სავარაუდოდ, ეს ქუჩა დაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა. უკანა ეზოშიც გაკეთდება ბარიერები, რომ არ შევიდეს ვინმე და ამან საფრთხე არ გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში, იმსჯელებენ მოხდეს თუ არა დემონტაჟი მთლიანად ფლიგელის, თუ მარტო ჩამოშლილი „ბეტონის“ შემდეგ უკვე გაკეთდება რესტავრაცია“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდება, გაყალბებულია თუ არა კორპუსის ამხანაგობის ოქმზე ხელმოწერები. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოკითხული არ არის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, კორპუსებზე დაშენებები სერიოზული პრობლემაა, რომელზე პასუხისმგებლობაც მოქალაქეებსაც ეკისრებათ.

„უკანონო დაშენებები ეს არის სერიოზული პრობლემა მთელ საქართველოში არამარტო ბათუმში და თბილისში, ბევრ ქალაქშია ეს გაკეთებული - ქუთაისში, ზუგდიდში. ძალიან ბევრგანაა მიშენებები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მე ვერც სეისმოლოგიურად შევაფასებ, ამდენ ბალზე ეს მოუვა მიწისძვრაზე და ა.შ. ასეთი პრობლემა თბილისში უამრავი გვაქვს. პასუხისმგებლობა არის ყველასი, მათ შორის, მოქალაქეების, დაწყებული 90-იანი წლებიდან, საბჭოთა დანგრევის შემდეგ ეს ხდება, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა გომელაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო