პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განმარტებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხზე სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში გამოძიების დასრულების შემდეგ მივა, თუკი დამატებითი კითხვები დარჩება.
როგორც კუჭავამ განაცხადა, “კრებსები გამოვიდა, დადგენილი არ არის წყარო, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ხოლო ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე უკვე მტკიცებულებით ფორმაში საუბრობს“.
შესაბამისი განცხადება კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის პასუხად გააკეთა.
სამადაშვილმა კუჭავას შეახსენა, რომ აღნიშნულ თემაზე პირადად მისი დაპირება იყო, რომ პარლამენტი ლულუაშვილს მოუსმენდა და კითხვით მიმართა, აპირებდა თუ არა აღნიშნული დაპირების შესრულებას.
„არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. საჭიროა პასუხი გაეცეს თითოეულ კითხვას, რაც კი შეიძლება გამოძიების შემდეგ გაჩნდეს. ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა, რათა გამოძიების მიმართ სანდოობა მაღალ დონეზე იყოს. თუკი დამატებითი კითხვები დარჩება, აუცილებელია ჩატარდეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ნებისმიერი ბერკეტი იქნას გამოყენებული. ჩვენ შეგვიძლია მოვიკითხოთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მისი ეს პასუხი იყო უპატივცემულობა საკუთარი თავისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ.
“ჩვენ მრავალი გამოძიება გვინახას, არაფრით დასრულებული. სანამ გამოძიება არ დასრულდება პარლამენტმა საკუთარი საზედამხედველო ფუნქცია არ უნდა განახორციელოს?! მაშინ საკითხავია, რა დანიშნულება აქვს პარლამენტს ჩვენს ქვეყანაში?! ძალიან ბევრი ბრძოლის შედეგია, რომ ოპოზიცია პარლამენტში აღმოჩნდა! ჩვენ პარლამენტში სათამაშოდ არ შემოვსულვართ. არც იმისთვის შემოვსულვართ, რომ აქ ვისხდეთ და თქვენ გესაუბრით საკითხებზე, რაც ადამიანებს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა კახა კუჭავას პასუხად.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"