ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021

რატომ არ უერთდებიან 14 ოქტომბრის აქციას ძირითადი ოპოზიციური პარტიები

საგანგაშო ეპიდვითარება - “როცა მოსახლეობას განადგურება ემუქრება, აცრა სავალდებულო გახდება”

რისთვის ჩამოდის აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოში

* * *

რატომ არ უერთდებიან 14 ოქტომბრის აქციას ძირითადი ოპოზიციური პარტიები

“ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის 14 ოქტომბრის “აქციის კარი ღიაა”, თუმცა მათი დიდი ნაწილი ღიად პასუხობს, რომ პროტესტს არ შეუერთდებიან - ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიების ეს გზავნილი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ არ სურთ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას საზოგადოებას სააკაშვილი მოწოდება გადასცა, რომ აქციაზე წავიდნენ, რადგან ეს არა “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ “ეს არის საერთო სახალხო აქცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ უერთდებიან 14 ოქტომბრის აქციას ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

“უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ეს არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ბასილაიამ. “ევროპული საქართველო” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა და მიზეზიც განმარტა, რომ ეს აქცია კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვისაა. მისივე თქმით, აქციას არაზუსტი ამოცანა აქვს და ამაზე მისი პარტია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზან-შედეგობრივი კავშირი პირიქითაა - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით”, - თქვა ბოკერიამ, რომლის აზრით, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. დიდი შეცდომაა იმათგან, ვინ სააკაშვილის მხარდამჭერია მარტო როგორც პოლიტპატიმრის კი არა, პოლიტიკოსის. ასეთ ვითარებაში ამ ტიპის გამყოფი კამპანიის წარმოება მეორე ტურის წინ არასწორია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა თქვან ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების, მათ შორის სააკაშვილის გარემოცვის ექსტრემისტულმა წარმომადგენლებმა, ეს არ ცვლის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ამოცანას და მეორე ტურში ყველგან, ოპოზიციის კანდიდატს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” არიან, დავუჭიროთ მხარი”, - განაცხადა ბოკერიამ. ამავე აზრისაა “ლელოც”, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აქცია “ნაცმოძრაობის” მიერაა ორგანიზებული და როგორც პარტია მონაწილეობას არ იღებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი პერსონალური პოზიციაა, რომ ეს ვენდეტა არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, როცა საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პროკურორების და სასამართლოს მიერ “ქართული ოცნების” პერიოდში გამოტანილ ბრალდებაზე. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დავასრულოთ. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ ის იყოს გარეთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია “ლელო” ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება. თუმცა, ყველას აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ მივიდეს და თავის პოზიცია დააფიქსიროს. მე პერსონალურად არ შევუერთდები აქციას. აქციის ორგანიზება გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა, გრძელდება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის - ჩვენთვის ასეთი საკითხები ცნობილი არ არის, შესაბამისად, როგორც პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას”, - აღნიშნა ხაზარაძემ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” 14 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია დაანონსა, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პატიმრობას, დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტებიდან გამოხმაურება არ ჰქონია, ამიტომაც რამდენათასიანი აქცია ჩატარდება, ამას მისი თქმით, აზრი არ აქვს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აქციაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ არ სურთ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აქცია მრავალათასიანი იქნება თუ არა, ამას უკვე “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად აღარ აქვს, რომელიც თავის გავლენებს ძალიან კარგავს, როგორც შინ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იმასაც არა აქვს მნიშვნელობა “ნაცმოძრაობის” დაბალპროცენტიანი სატელიტი პარტიები ღიად დაუჭერენ მხარს და შეუერთდებიან თუ არა, ფაქტია, რომ არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად შედგა, ის გზავნილი, რომ თითქოს გაყალბებულია და “ოცნება” ოპოზიციის მიერ შექმნილ, ე.წ. ხელოვნურ ჩამკეტს 43%-ს ვერ გადალახავდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი კოორდინატორი, მსჯავრდებული სააკაშვილი სატუსაღოშია, დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტებისგან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამას “ნაცმოძრაობა” მშვენივრად ხედავს, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ არარსებული პოლიტიკური გავლენებისთვის იბრძოლოს, რომელიც შედგომი დაშლისთვის განწირულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ ისინი უნდა გადალაგდნენ ისე, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტას საბოლოოდ ჩამოსცილდნენ. რაც შეეხება მათ აქციისადმი უარს, ისინი აცნობიერებენ, რომ სააკაშვილს დასავლეთში ისეთი გავლენები აღარ აქვს, მხოლოდ რამდენიმე დაქირავებული უცხოელი ლობისტი შერჩა. მათი მოლოდინი, რომ დასავლეთი შეშფოთდებოდა, შეიცხადებდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრის გამო, ეს არ გამართლდა - ამას მშვენივრად ხედავენ ბოკერიაც, ხაზარაძეც და სხვებიც და როგორც ჩანს ისინი უკვე დისტანცირებას აპირებენ, მაგრამ ვურჩევდი, რომ სააკაშვილის ფიასკოსათვის განწირული ორბიტიდან საბოლოო დისტანცირება მოახდინონ. მნიშვნელობა არ აქვს აქციაზე რამდენი ათასი ადამიანი მივა, ეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა კანონის ფარგლებში გააპროტესტოს, ნებისმიერი საპროტესტო აქცია როგორც კი დესტრუქციულ რეჟიმში, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს. თუმცა, მე არა მგონია, რომ “ნაცმოძრობამ” დესტრუქცია მოახდინოს, რადგან დასავლეთს ამით კიდვ ერთხელ საკუთარ დესტრუქციულ ნიღაბს დაანახებს. რამდენიც უნდათ იპროტესტონ, ფაქტია, რომ ეს პარტია პოლიტიკური სასაფლაოსკენაა განწირული, პოლიტიკურად დაღუპულია და დიდი ალბათობით მარტივ მამრავლებად დაიშლება”, - დაასკვნის აბაშიძე.

“ჩემი აზრით ოპოზიციურმა პარტიებმა აქციაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებენ,. რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ - ასევე სააკაშვილს პოლიტპატიმრადაც აღიარებენ, ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიციური სპექტრი დაიშალა. შესაძლოა პარტიებიდან ინდივიდუალურად ცალკეული ადამიანები მიცვიდნენ, არ ვიცი ვინ, მაგრამ შესაძლოა ლიდერებიც მივიდნენ. მგონია, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა, რადგან “ნაცმოძრაობას” სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე ამ პარტიას დაახლოებით ხუთასი ათასი ადამიანი აძლევს ხმას. ვფიქრობ, რომ დიდი აქცია იქნება, ოპოზიცია და პირველ რიგში “ნაცმოძრაობა” ჯერ თავის ძალას აჩვენებს, რომ მას ბევრი ადამიანის შეკრება შეუიძლია. ფართომასშტაბიანი შეკრება კი დასავლეთისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ სააკაშვილს ბევრი ადამიანი ჰყავს მომხრე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

საგანგაშო ეპიდვითარება - “როცა მოსახლეობას განადგურება ემუქრება, აცრა სავალდებულო გახდება”

უკვე ორი დღეა ქვეყანაში კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რთული მეხუთე ტალღა დაიწყო - იმის გამო, რომ არც ერთი კატეგორიისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არაა და აცრების ტემპიც დაბალია, ჯანდაცვის ექსპერტები საგანგაშო სცენარზე საუბრობენ, რომელიც მათივე გათვლებით, შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს. კორონავირუსული ვითარება ყველა მაჩვენებლითაა გაუარესებული, ოთხშაბათის მონაცემებით, 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საგანგაშო ეპიდვითარება - “როცა მოსახლეობას განადგურება ემუქრება, აცრა სავალდებულო გახდება”.

“მაღალი იყო ინფიცირება სამშაბათსაც, ამ დღის მონაცემებით დაინფიცირდა 4774 და გარდაიცვალა 37 პაციენტი. დაბალია ვაქცინაციის ტემპი, 13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათში აიცრა 6837 ადამიანი, ამის გამო რეგიონებში დაწყებულია შეხვედრები, რათა აცრებზე სწორი ინფორმაცია თითოეულ მოსახლეს მიეწოდოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვისა და ოჩხამურის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი შეხვდნენ და ვაქცინაციის აუცილებლობასა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მარათონზე ესაუბრნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, რომ არ განმეორდეს გასული პერიოდი, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ამისათვის რაიონული დონიდან გადავდივართ, სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებზე. მალე დაიწყება ე.წ. მარათონი საქართველოს დიდ სოფლებში. ყველას ჩართულობით, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თუ სხვა აქტიური მოქალაქე, უნდა მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ აუცრელ ადამიანამდე, რათა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია თავიანთი სიცოცხლისა და გარშემომყოფების დასაცავად”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. “მიმდინარე კვირიდან დაიწყო მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრები, აქტიურად ვხვდებით მიზნობრივ ჯგუფებს და ერთად განვიხილავთ ყველა აუცილებელ საკითხებს”, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, რომლის თქმით, შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციის ირგვლივ მიიღონ ამომწურავი პასუხები”, - განაგრძობს გამოცემა.

“სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა იმითაც იქნება რთული, რომ გრიპის სეზონი ემთხვევა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, შარშან გრიპის სეზონმა იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა “დაჩაგრა”, წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი “ტვინდემია”. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ 200 000 გრიპის ვაქცინის დოზა იყიდა, რომლიდანაც 43 000 უკვე შემოსულია. “გუშინ გამოვიდა ბრძანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროცედურის შესახებ და ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ეს ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. ველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, ეს ყველაფერი არის უფასო. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის შესაბამის დოზებს შემოიტანს კერძო სექტორი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. წელს გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული - “ტვინდემია”, - განაცხადა გამყრელიძე. ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ კორონავირუსზე ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ წავიდა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის სავალალო აღმოჩნდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ორი საკითხია, ერთია ადამიანებს აცრა, რომ დაავალო, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ეს უფლებას არ გაძლევს, მეორე - როცა სახელმწიფოს მოსახლეობას ფიზიკური განადგურება ემუქრება, მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან მოვა ის დრო, რომ აცრა სავალდებულო გახდება. ინფექცია უკვე იმ ხალხს მოედო, ვინც აუცრელი დარჩა, ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან საქმე ბევრად უფრო გაძლიერებულ ვირუსს ეხება, რომელსაც ძალიან აქტიური გადადების უნარი აქვს, 70-ჯერ უფრო მეტი გადამდებლობა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ლატარიის გათამაშება ეტყობა საკმარისი არაა, რომ ვაქცინაციისთვის ხალხი მოიზიდოს. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ რაღაც კანონი უნდა შეიქმნას, პირველ რიგში კი ის პერსონალი უნდა აიცრას, რომელთანაც ხალხს უშუალო კონტაქტი აქვს და ბევრი ადამიანი ურთიერთობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ეს მხოლოდ მასწავლებლებს და ექიმებს არ ეხება, ესენი არიან ასევე რესტორნის თანამშრომლები, მძღოლები და ა.შ. ისეთი ვითარებაა, დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ სახელმწიფო იმ დონემდე მივა, რომ აცრა სავალდებულო გახდება, სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ, თუმცა მაქსიმალური გათვალისწინება უნდა მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიეცეს საშუალება, რომ ვაქცინა აირჩიოს. გინდა არ გინდა ამ ვაქცინით აიცერიო, ეს არ უნდა იყოს” - თვლის ხმალაძე და შემითხვაზე - “თუ აცრა სავალდებულო არ გახდა რა სცენარია მოსალოდნელი?” - პასუხობს:

“მშვენივრად ვხედავთ, რაც ხდება, ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და იმატებს, კიდევ ერთი ახალი ტალღა იქნება, რომელიც მთლიანად იმ ხალხს გადაუვლის, რომელიც აცრილი არ იქნება, რადგან აშკარად ძალიან მაღალი სიკვდილიანობაა. ნუ გვავიწყდება ის, რომ როცა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობაა, მათი დახმარებაც ძალიან რთულდება, ელემენტარულად ექიმების ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, ადამიანი რობოტი არაა, ამიტომაც თუ ასე გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან თვითონ სამედიცინო რესურსი შესაძლოა იმ დიდ ტალღას არ ეყოს, რომელიც მოსალოდნელია”... “რეზონანსთან” საგანგაშო პროგნოზს აკეთებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც”, - წერს სტატიის ავტორი.

“იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ტემპი კატასტროფლად დაბალია, მოსალოდნელი იყო, რომ ეპიდსიტუაცია რაღაც მომენტში გაუარესდებოდა, რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო და ჩვენ 2-3 კვირა საკმაოდ მძიმე გველის, ანუ დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი პაციენტი, რაც ჰოსპიტალიზაციის ზრდაზეც აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პრობლემა დროულად გააცნოიბიერონ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დროულად მოხდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც თავისი მუშაობა უნდა გაააქტიუროს. განსაკუთრებით რეგიონებში, რაც როგორც მოვისმინეთ იგეგმება, რომ დიდ სოფლებში აქტიური კამპანიები დაიწყოს. ეს კარგია მაგრამ ჩემი აზრით ცოტა დაგვიანებულია, კარგი იქნებოდა თუ ეს ზაფხულიდან დაიწყებოდა. მაშინ რომ უფრო მეტ ადამიანს ჩაეტარებინა ვაქცინაცია, სავარაუდოდ ასეთი სურათი არ გვექნებოდა, თუმცა, რაც გვაქვს ეს გვაქვს და ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ, რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, სამწუხაროდ კიდევ ერთი დიდი ტალღისა და დარტყმის გადატანა მოუწევს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“უმძიმესი პროგნოზი აქვს ალერგიოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვსაც, იგი სოცქსელში წერს, რომ შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 ათას საქართველოს მოქალაქეს კოვიდიოთ სიკვდილი ელოდება. “ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ - 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინირებულებში 10-ფერ მცირდება სიკვდილის შანსი, აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის! - წერს კულუმბეგოვი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რისთვის ჩამოდის აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოში

“თავდაცვის მდივანი მხოლოდ პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადებისთვის არ ჩამოვა ქვეყანაში. როგორც ჩანს, საუბარი იქნება შავი ზღვის რეგიონში ამერიკის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ. რაც, საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში - ასე აფასებენ “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტები საგარეო საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ჩამოდის აშშ-ს თავდაცვის მდივანი საქართველოში / შავ ზღვაში აშშ-ს ფლოტის გააქტიურება და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება/

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა. “თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა”,- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება. თუმცა, ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.როგორც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსმა კორნელი კაკაჩიამაც ისაუბრა “რეზონანსთან”. მისი თქმით, დაგეგმილი მარშუტი იმ სტრატეგიულ ინტერესებზე მიუთითებს, რომელიც აშშ-ს შავიზღვისპირეთში გააჩნია და რომლის შემადგენელი ნაწილი საქართველოც არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ მგონია თავდაცვის მდივანი პოლიტიკური მხარდაჭერის მიზნით ჩამოდიოდეს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხების განსახილველად ჩამოდის. საუბარი იქნება სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვიზიტი მნიშვენელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მოელოდა, რომ ისინი თავის აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში და რა თქმა უნდა, მთლიანად ევროპაში გააძლიერებდნენ. კონკრეტულად კი საქართველოშიც, რადგან საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია შავი ზღვისპირეთში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“თავდაცვის მდივანი საქართველოს გარდა რუმინეთსა და უკრაინასაც ეწვევა, ეს კი იმ სტრატეგიული ინტერესების გაღრმავებაზე მიუთითებს, რომელიც აშშ-ს შავი ზღვის რეგიონებში და იმ ქვეყნებში გააჩნია რომელშიც ვიზიტია დაგეგმილი. ბუნებრივია ამ რგოლის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოც არის, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. ვიზიტი დიდ როლს ითამაშებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში”, - მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით