სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია გავაჟღერეთ, როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ წინააღმდეგი მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის?! ეს აზრი აძლევთ შესაძლებლობას, რომ მოინახულონ ადამიანი, მაგრამ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“ - პირად ექიმს არ აძლევენ ამ დრომდე ამის შესაძლებლობას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ საპატიმროში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგი არ არიან იმის, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა მის პირად ექიმს ამ დრომდე არ ეძლევა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით არ გვაქვს შენიშვნა. კომისიაში მყოფ ექიმებთან დაკავშირებით ამ წუთას, რომ გავშალო როგორი სპექტრია და ა.შ. ამის კომპეტენცია მე პირადად არ მეყოფა, თუმცა, საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია უნდა შევიდეს და მონიტორინგი განახორციელოს, ეს ბუნებრივი და მისაღებია. ამავე დროს, მომავალში შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრებები კომისიის კონკრეტულ წევრებთან დაკავშირებით, ვიღაც დაემატოს ამ კომისიას, ან შემადგენლობასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება იყოს წევრები. თუმცა იმაზე მითითება მიხეილ სააკაშვილის ნებართვას ელოდებიან, მიხეილ სააკაშვილი ამდენი ხანია ითხოვს მისი პირადი ექიმის შეშვებას და ეს არ გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია გავაჟღერეთ, როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ წინააღმდეგი მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის. ეს აზრი აძლევთ შესაძლებლობას, რომ მოინახულონ ადამიანი, მაგრამ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს,“ პირად ექიმს არ აძლევენ ამ დრომდე ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.