თენგიზ ცერცვაძე - დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი - გუშინ აქციაზე დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები

ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი, - ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციას.

თენგიზ ცერცვაძე გიგი უგულავას აქციაზე მისვლის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და განაცხადა, რომ მან რეგულაცია დაარღვია.

„დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელს მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონი გიგის შემთხვევას.

გასაგებია, გუშინ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. მაგრამ სხვა ადამიანი რამდენი იყო უფრო მოკლედ დროის წინ დაინფიცირებული და რამხელა გავრცელების რისკი ტრიალებდა ეს ყველამ იცის, რად უნდა ამას საუბარი, რომ ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების. მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, არის არჩევნების პერიოდი და პრინციპული მეორე ტურის წინა პერიოდი. თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი არ დაიხევდნენ უკან და შეიკრიბებოდნენ. ეს არის ცალსახად არასწორი.

რა ვქნათ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ, იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო, ჩაატარეს და ეს ახსნეს ძალიან დიდი მოტივაციით. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალი, ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება უბრალოდ, მასშტაბები იყო დიდი.

მეორე მხარე, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, მეორე მხარეს რომ გაუჩნდეს რაღაც პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, რა იქნება ეს? ესეც ცუდი იქნება და ეს იქნება რეგულაციის დარღვევა და კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს